ნინო სალუქვაძემ მიუნხენის საერთაშორისო ტურნირზე მერვე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
პირველი დღისგან განსხვავებით, 26 იანვარს ნინო სალუქვაძე ბევრად უფრო წარმატებით გამოვიდა მიუნხენის საერთაშორისო ტურნირში.

მართალია, იმ დღესაც უმედლოდ დარჩა, მაგრამ შედეგიც გააუმჯობესა და ფინალშიც შევიდა.

შეგახსენებთ, რომ ეს შეჯიბრება მხოლოდ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში იმართება, რადგან ამავე დისტანციაზე თებერვლის ბოლოს დანიაში გასამართი ევროპის პირველობისთვის მოსამზადებელი სტარტია.

ჩვენმა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა შესარჩევ ეტაპზე 384 ქულა დააგროვა, რაც მისთვის არც ისე სახარბიელო შედეგია.

სალუქვაძემ ყველაზე უკეთ მესამე სერიაში ისროლა, სადაც 98 ქულა აჩვენა, დანარჩენებში კი ამ ზღვარს საგრძნობლად ჩამორჩა. დამატებითი მაჩვენებლების
დათვლის შემდეგ ჩვენებური სიაში მეექვსე აღმოჩნდა.

384 ქულა საკვალიფიკაციოში ფრიად პოპულარული შედეგი გამოდგა - ფინალური ოქტეტის ოთხმა წევრმა დაასრულა ასე გამოსვლა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ოთხივე საგრძნობლად ჩამორჩა მოწინავე კვარტეტს.

მაგალითად, შესარჩევი ეტაპი 390 ქულით მოიგო მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოლენა კოსტევიჩმა, 388 დააგროვეს რუსმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანმა ნატალია პადერინამ (ჩანს, ამან დაიბრუნა ნაკრებში ადგილი) და სერბმა მსოფლიოს ჩემპიონმა ზორანა არუნოვიჩმა; ერთით ნაკლები - ბელორუსმა ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსმედალოსანმა ვიქტორია ჩაიკამ.

ფინალში სალუქვაძემ სუსტად ისროლა და საბოლოოდ მერვე ადგილზე გადავიდა - 460.2 ქულა. დასკვნითი სროლები კი კოსტევიჩისა და პადერინას დუელად იქცა.

ორივემ ჩინებულად იასპარეზა, თუმცა უკრაინელმა ცოტათი აქაც აჯობა კონკურენტს - 201.8 გამოუვიდა, რუსს კი - 201.1. საბოლოოდ ოქრო კოსტევიჩს დარჩა ჯამური 591.8 ქულით, ვერცხლი კი პადერინას ერგო 589.1-ით. მესამეზე არუნოვიჩი გავიდა - 568.3 ქულა.

შაბათს ლევან ქადაგიძემაც ისროლა. მისი შედეგია 571 ქულა და 46-ე ადგილი.

ჩვენი ნაკრები ამ დღეებში დაბრუნდება გერმანიიდან, რამდენიმე დღით თბილისში ივარჯიშებს, 7 თებერვალს კი ერევანში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას გაივლის.

სომხეთში, მწვრთნელ ვახტანგ სალუქვაძის ხელმძღვანელობით, ის ექვსეული ივარჯიშებს, რომელმაც გერმანიაში იასპარეზა - ნინო სალუქვაძე, ქადაგიძე, ლიზი კილაძე, მარიამ ბლუაშვილი, მარიამ მაღრაძე და ვლადისლავ მაიოროვი. მათგან დანიაში კონტინენტის პირველობაზე, მაღრაძისა და ბლუაშვილის გარდა, ყველა გამოვა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი სპორტული პისტოლეტიდან სროლაში მოგვიანებით - 21 ივლისიდან 4 აგვისტომდე ხორვატულ ოსიეკში ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული