ევროპის წლევანდელი პირველობა "ბებერი კონტინენტის" მსროლელთათვის ბოლო სალიცენზიო ტურნირია, სადაც სამი საგზური გაიცემა. ოღონდ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ადგილმონაცვლეობის პრინციპი იმოქმედებს, ანუ სამეულში უკვე ლიცენზირებული სპორტსმენები თუ შევლენ, მაშინ საგზური მეოთხეს გადაეცემა, იმასაც თუ აქვს ლიცენზია - მის მომ
რეალურად, ძლიერ მსროლელთა უმეტესობას უკვე განაღდებული აქვს რიო დე ჟანეიროს თამაშებში მონაწილეობა და შეიძლება ისეც მოხდეს, საგზურის მისაღებად მხოლოდ ფინალურ ოქტეტში შესვლაც საკმარისი გახდეს, არათუ მაინცდამაინც სამეულში ან ხუთეულში მოხვედრა.
ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატში ასეთი შემადგენლობით გამოვა: ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე თავის შვილთან - ცოტნე მაჭავარიანთან ერთად, ლევან ქადაგიძე, ლიზი კილაძე, ნინო ხუციბერიძე და ახალგაზრდებში გუნდურში ევროპის მესამეპრიზიორები: ვლადიმერ მაიოროვი და აკაკი მოსულიშვილი (იმ გუნდში მაჭავარიანიც შედიოდა). ნაკრების მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძეა.
შეგახსენებთ, რომ ამათგან ოლიმპიადის საგზური მხოლოდ ნინო სალუქვაძეს აქვს, დიორში კი ლიცენზიისთვის ქადაგიძე, მაჭავარიანი და კილაძე იბრძოლებენ. მაჭავარიანი და კილაძე ჯერ ასაკით ახალგაზრდები არიან, თუმცა საგზურის მოპოვების იმედით უფროსებში გაიყვანენ, რადგან შედეგებით ახლოს დგანან მათთან და ლიცენზიის მოპოვების გარკვეული შანსი ნამდვილად აქვთ.
ცხადია, ამ შედეგებით მათ თანატოლებში მედლის მოპოვების გაცილებით მეტი და სავსებით რეალური შესაძლებლობა აქვთ, თუმცა, ვფიქრობთ, ოლიმპიადისთვის მართლაც ღირს გარისკვა.
რაც შეეხებათ ჩვენი გუნდის დანარჩენ წევრებს, ისინი ახალგაზრდებში გამოვლენ.
ნაკრები ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის ბულგარეთში მოემზადა, სადაც ჯერ მაღალმთიან კურორტზე გაიარეს მომზადების პირველი ეტაპი, მერე კი რამდენიმე დღით სოფიაში დაბრუნდნენ და იქ გააგრძელეს ვარჯიში. ეს იყო ერთობლივი შეკრება, სადაც ჩვენებთან ერთად მასპინძლებიც ემზადებოდნენ - ქალებიც და ვაჟებიც. მათ შორის - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა, ვინც ჯერაც ულიცენზიოდაა, და ლიცენზირებული ანტოანეტა სტეფანოვაც.
შეკრებაზე ჩავიდა იაპონიის ნაკრების ბულგარელი მწვრთნელი ემილ დუშანოვი, რომელმაც თან ჩაიყვანა თავისი ყველაზე ცნობილი შეგირდი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ტომოუკი მაცუდა. ცხადია, ასეთ ხალხთან ვარჯიში ჩვენებს წაადგებოდათ, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდებს, რომლებსაც შეკრებები ისედაც აკლიათ.
დიორში ჩვენგან პირველი ხუციბერიძე იასპარეზებს, რადგან ახალგაზრდა გოგოების ტურნირი ხვალ გაიმართება. ამავე ასაკის ბიჭები ზეგ დადგებიან ცეცხლის ხაზზე და იმავე დღეს ჩატარდება შერეული წყვილების ტურნირიც.
26 თებერვალს ტურნირში უკვე ვაჟები ჩაებმებიან, ქალები კი 27-ში ისვრიან. უფროსთა შორის შერეული წყვილების შეჯიბრებაც იმავე დღეს გაიმართება, სადაც, დიდი შანსია, დედა-შვილმა კვლავ ერთად იასპარეზოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"