პრაქტიკულად სტარტზევე გამოვარდა ძირითადი ჯგუფიდან ტიჯეი ვან გარდერენი, რომელსაც წინა დღეს ვირუსი შეეყარა. თანაგუნდელების დახმარებით, ამერიკელი ფინიშამდე 76 კილომეტრით პელოტონში დაბრუნდა.
დღის მთავარ გაქცევაში 17 გუნდის წევრები მონაწილეობდნენ. ყველაზე საინტერესოა,
მეორე კატეგორიის მთაზე, ფინიშამდე 73 კილომეტრით ადრე, ალბერტო კონტადორმა როჯერსის დახმარებით სცადა ფრუმისგან და სხვა კონკურენტებისგან გაქცევა. ესპანელი ორი კილომეტრი ინარჩუნებდა გარკვეულ უპირატესობას, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, პელოტონში დაბრუნებულიყო. კონტადორის შეტევამ ბრძოლის გაგრძელებაზე ბოლო იმედები მოუსპო ვან გარდერენს. BMC-ის კაპიტანი დიდი გაჭირვებით ატრიალებდა სატერფულებს და გუნდმა დაარწმუნა ძალაგამოცლილი ამერიკელი - მიეტოვებინა წლევანდელი ტური.
კოლ დ'ალოსის აღმართის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სოლოშეტევა დაიწყო საიმონ გეშკემ. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს გაქცევა წარმატებული აღმოჩნდა. გერმანელი მწვერვალზე წუთზე მეტს უგებდა ტიბო პინოს. შემდეგ მოდიოდნენ ფრანკი, ტალანსკი, ურანი და სხვები.
დაშვებისას პინომ დაკარგა ეტაპის მოგების შანსი, გეშკე კი ბოლო მთას ტალანსკიზე ერთწუთიანი უპირატესობით მიადგა. დაღლილობის მიუხედავად, გერმანელმა პირველმა მიაღწია ფინიშამდე, რითაც კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია. წელს, 29 წლის გეშკეს კარგად გამოსდის გრანდ-ტურებზე გამოსვლა - ჯირო დ'იტალიაზე ორი ეტაპი გაიარა "მთის მეფის" მაისურით, გუშინ კი სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა.
"ასტანამ" ფულსანგისა და ნიბალის მონდომებით, ჩვეული მხარდაჭერის გარეშე დატოვა ფრუმი, მაგრამ მაინც ვერაფერს მიაღწია. ნიბალიმ ვერ შეძლო ფრუმისგან დაღმართზე გაქცევა, კინტანა კი, რომელსაც ბოლო აღმართზე სამი დამხმარე ჰყავდა, ბევრს უტევდა, მაგრამ ვერც მან მოუხერხა ვერაფერი ფრუმს.
ალბერტო კონტადორმა კი ძალიან გაირთულა საქმე საპრიზო სამეულში მოხვედრის მხრივ. დაღმართზე ესპანელი დაეცა და მართალია, საგანი და როჯერსი გვერდით ჰყავდნენ, მაინც ვერ შეძლო დაკარგული დროის დაბრუნება. ალბერტო ფრუმთან და კინტანასთან 2.17-წუთიანი ჩამორჩენით მივიდა ფინიშთან. ახლა, კონტადორი ორნახევარ წუთს აგებს მესამე ადგილზე გადასულ ალეხანდრო ვალვერდესთან.
აღვნიშნავთ გენერალური კლასიფიკაციის TOP10-ში მატიას ფრანკის შესვლას. შვეიცარიელი თავის საუკეთესო გრანდ-ტურს გადის კარიერაში. აქამდე ის ერთხელაც არ ყოფილა არც ერთი გრანდ-ტურის პირველ ორმოცდათეულში.
XVII ეტაპი
დინ ლე ბენი-პრა ლუპი. 161 კმ
1. სიმონ გეშკე (გერ, Giant-Alpecin) - 4.12,17; 2. ენდრიუ ტალანსკი (აშშ, Cannondale-Garmin) - +0,32; 3. რიგობერტო ურანი (კოლ, Etixx-Quick-Step) - +1,01; 4. ტიბო პინო (საფ, FDJ) - +1,36; 5. მატიას ფრანკი (შვეიც, IAM) - +1,40; 6. სტივენ კრუისვიკი (ჰოლ, Lotto NL-Jumbo) - +2,27... 18. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +7,16... 20. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - იგივე დრო; 21. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +7,23; 22. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - +7,31... 24. ჯერეინტ ტომასი (ბრიტ, Sky) - +8,18... 31. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - +9,33... 35. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Trek) - +10,10... 87. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - +21,05...
საერთო ჩათვლა
1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 69.06,49; 2. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +3,10; 3. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +4,09; 4. ჯერეინტ ტომასი (ბრიტ, Sky) - +6,34; 5. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - +6,40; 6. რობერტ გესინკი (ჰოლ, Lotto NL-Jumbo) - +7,39; 7. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - +8,04; 8. მატიას ფრანკი (შვეიც, IAM) - +8,47; 9. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Trek) - +11,47; 10. უორენ ბარგილი (საფყ, Giant-Alpecin) - +13,08... 30. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - +1.02,19...
ულრიხს პირობითი მიუსაჯეს
ცნობილ გერმანელ ველომრბოლს იან ულრიხს 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა, - იტყობინება სააგენტო AP.შვეიცარიის სასამართლომ ულრიხი დამნაშავედ სცნო ავტოსაგზაო შემთხვევაში, რომელიც გასული წლის მაისში მოხდა. ასევე გერმანელს ბრალად დასდეს მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა.
პატიმრობის გარდა, 41 წლის ულრიხი 9500 ევროთი დაჯარიმდა.
იან ულრიხი 1997 წელს ტურ დე ფრანსის გამარჯვებული გახდა, ასევე მოიგო 1999 წელს ვუელტა, 2000 წელს ოლიმპიადის ოქროს მედალი მოიპოვა და სამჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი.
გერმანელმა პროფესიული კარიერა 2007 წლის თებერვალში დაასრულა. ამის შემდეგ, ულრიხის სპორტული შედეგების ნაწილი გააუქმეს, რადგან ველომრბოლი დოპინგის მიღებაში ამხილეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"