ბრიტანეთის თანამეგობრობის თამაშები გაუქმების პირას არის მისული. სამი დღის განმავლობაში, ნიუ დელიში სპორტული ობიექტების ნაწილი დაინგრა, რის შემდეგაც საშიში გახდა ამ გრანდიოზულ თამაშებში მონაწილეობის მიღება.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნიუ დელიში ჩამოინგრა მშენებარე ხიდი, რომელსაც ჯავაჰარლალ ნერუს სახეობის სტადიონი პარკინგისთვის განკუთვნილ ადგილთან უნდა შეერთებინა. ხუთი დაზარალებული მძიმე მდგომარეობაშია, სულ კი 23 ადამიანია დაჭრილი. ყველანი მუშები არიან.
ხიდს სწორედ თამაშებისთვის აშენებდნენ. მისმა ნგრევამ კიდევ ერთხელ წამოჭრა ამ სპორტული ფორუმის ნორმალურად ჩატარების საკითხი. მით უმეტეს, რომ აქამდე მოსამზადებელი სამუშაოები გრაფიკის მნიშვნელოვანი ჩამორჩენით
აქვე შეგახსენებთ, რომ დიდ ეჭვს იწვევს ათლეტთა უსაფრთხოების დაცვის საკითხი. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაცია ("ინდოელი მოჯაჰედები") თამაშებს ტერაქტებით დაემუქრა. საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა ავსტრალიური Channel 7-ის რეპორტიორმა - მან უპრობლემოდ შეიტანა ჯავაჰარლალ ნერუს სტადიონზე ჩემოდანი, რომელშიც შეიძლება ასაფეთქებელი ნივთიერება ყოფილიყო. მან ეს პროცესი კამერით გადაიღო. ნიუ დელის მთავრობამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ ვიდეოს გადაღებისას სტადიონის ტერიტორიას არ იცავდნენ და უსაფრთხოება სათანადო დონეზეა ორგანიზებული.
ამ ყველაფრის კულმინაცია გახდა გუშინ მომხდარი კიდევ ერთი ინციდენტი - ჩამოინგრა თამაშების მთავარი არენის - ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის სტადიონის ჭერი. პოლიციის ინფორმაციით, 60-სანტიმეტრიანი ბეტონის სამი კვადრატული ფილა ზუსტად იმ ადგილას დაეცა, სადაც ძალოსნების სექტორი მდებარეობს. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ამ ინციდენტებისა და ბრალდებების მიუხედავად, ინდოეთის სპორტის მინისტრი ჰიუ რობერტსონი დარწმუნებულია, რომ ყველა პრობლემა თამაშების დაწყებამდე მოგვარდება. სტარტი 3 ოქტომბერს არის დანიშნული.
ამასობაში, BBC News იუწყება, რომ ინგლისის ნაკრების სამმა წამყვანმა სპორტსმენმა უარი თქვა ინდოეთში გამგზავრებაზე. ქალებს შორის 400 მეტრზე სირბილში პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონმა კრისტინ ოჰურუოგუმ სეზონის მსვლელობისას მიღებული ტრავმა მოიმიზეზა, იგივე მიზეზი დაასახელა 1500 მეტრზე სირბილში თანამეგობრობის წინა თამაშების ჩემპიონმა - ლიზა დობრისკიმ. სამხტომში მსოფლიოს ჩემპიონმა ფილიპ აიდუომ კი განაცხადა, რომ საკუთარი უსაფრთხოება ურჩევნია თამაშებში მონაწილეობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"