საქმე ისაა, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობამ წყვილთა თანრიგის ორ ცნობილ ჩოგბურთელს - მაეშ ბჰუპატისა და როჰან ბოპანას ლონდონის ოლიმპიადაზე ერთად თამაში აუკრძალა.
როგორც სააგენტო "როიტერი" წერს, ფედერაცია ითხოვს ბჰუპატისგან, რომ მან ოლიმპიადის წყვილთა თანრიგში თავის ექს-პარტნიორთან, ლეანდერ პაესთან ერთად ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ ბჰუპატისა და პაესის წყვილმა სამი ტიტული მოიგო "დიდი სლემის" ტურნირებზე, მაგრამ წინა ოთხ ოლიმპიადაზე მათი გამოსვლა წარუმატებელი იყო.
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ბჰუპატი და პაესი ისევ შეუწყვილდნენ
ბჰუპატიმ და ბოპანამ წელს ერთი ტურნირი მოიგეს - სეზონის დასაწყისში დუბაიში. ახლა პაესი მეშვიდე ადგილს იკავებს წყვილთა რეიტინგში, ბოპანა - მე-12 პოზიციაზეა, ორი საფეხურით ქვემოთაა ბჰუპატი.
"იმედგაცრუებულები ვართ ფედერაციის გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, ჩვენი წყვილი ვერ ითამაშებს ოლიმპიადაზე. დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით ჩვენი ხელმძღვანელობისთვის აგვეხსნა, რომ ძალიან გვინდა ერთად თამაში და ერთ გუნდად განვიხილებით", - წერია ჩოგბურთელთა ერთობლივ განცხადებაში.
ამასთან, ლეანდერ პაესი, რომელსაც ამ მომენტისთვის ბჰუპატისთან ცუდი ურთიერთობა აქვს, მზად არის, ოლიმპიადაზე ნებისმიერ პარტნიორთან ერთად ითამაშოს.
ასევე შესაძლებელია ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ლონდონში ინდოეთს პაესისა და სომდევ დევარმანის წყვილი წარმოადგენს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, დევარმანმა ოლიმპიადის "უაილდ-ქარდი" მიიღოს. ეს ვარიანტი მით უფრო სავარაუდოა, თუ გავითვალისწინებთ ბჰუპატის გუშინდელ განცხადებას. კერძოდ, ის ოფიციალურად ამბობს უარს პაესთან ერთად თამაშზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"