ამერიკა დიდი მოსავლისთვის ემზადება

AutoSharing Option
ოთხი წლის წინ, პეკინის ოლიმპიადაზე, ამერიკის ნაკრებმა ყველაზე მეტი მედალი მოიპოვა, მაგრამ უმეტესი ნაწილი მეორე და მესამე ხარისხისა იყო, ოქროების მხრივ კი, ჩინეთმა აჯობა ყველას. ახლა ამერიკელები რევანშს აპირებენ...

ოქროს მედლების მხრივ, მასპინძლებთან სასტიკი მარცხი (51 36-ის წინააღმდეგ), რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მოსალოდნელი. ამერიკელებმა ათენშიც მოუგეს ჩინეთს მედლების საერთო რაოდენობით, მაგრამ ოქროთი სულ მცირედით აღმოჩნდნენ წინ. პეკინში კი მასპინძლები ყველაფერს იგებდნენ და ამერიკა მზად იყო ამისთვის.

სამაგიეროდ, ახლა ამერიკელ სპორტსმენებს ყველა საფუძველი აქვთ იმისთვის, რომ ქვეყნების არაოფიციალურ
ჩათვლაში პირველი ადგილი დაიბრუნონ.

2008 წლის თამაშები ჩინეთისთვის მწვერვალი იყო, სანუკვარი მიზანი, რისთვისაც მთელი ქვეყანა ძალიან მონდომებით მუშაობდა.

ამის შემდეგ ჩავარდნა გარდაუვალია, რასაც ჩინელებიც აღიარებენ. იგივეს ვკითხულობდით ამერიკულ პრესაში.

მაგალითად, USA Today ჩინეთს პირველ ადგილს აძლევს მედლების საერთო რაოდენობით - 95 (აშშ - 88, რუსეთი - 81), მაგრამ თავისიანებს 41 ოქროს უწინასწარმეტყველებს, ჩინეთს მხოლოდ 24-ს, რაც ამ უკანასკნელისთვის ყველაზე უარესი შედეგი იქნება 1996 წლის შემდეგ.

მორბენლები
ოქროს მარაგის შევსება სარბენ ბილიკზე - ჩვეულებრივი ამბავია ამერიკისთვის, ოღონდ შეჯიბრი მოკლე და საშუალო დისტანციაზე უნდა იყოს.

ბოლოს ოლიმპიური მედალი ამერიკელმა 800 მეტრზე გრძელ დისტანციაზე 1968 წელს (!) მოიგო, მაგრამ ბოლო დროს მამაკაც მორბენლებს არც ისე კარგად აქვთ საქმე - იამაიკელი სპრინტერების გადამკიდე. კუნძულელები ამჯერადაც ჰეთ-თრიკის შესრულებას აპირებენ სპრინტში და მათ შემოტევას უნდა დაუპირისპირდნენ ტაისონ გაი და ჯასტინ გეტლინი.

ათენის ჩემპიონმა გეტლინმა, რომელმაც ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა, ამას წინ ეროვნული ჩემპიონატი 9.80 წამით მოიგო, რაც მისი კარიერის რეკორდია. გარდა ამისა, გეტლინი ოფიციალურად გახდა ყველაზე სწრაფი მორბენალი ისტორიაში იმათგან, ვინც 30 წელს არის გადაცილებული. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სეზონში მან თვით იოჰან ბლეიკს მოუგო.

რაც შეეხება გაის, ისტორიაში მეორე ყველაზე სწრაფი ადამიანი (9.69 წამი მან ბოლტის ეპოქის დადგომის შემდეგ აჩვენა) ტრავმებმა და უიღბლობამ დააზარალა. მან ამერიკის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა შედეგით - 9.89 წამი.

ლაზარეთში გატარებული ერთი წლის ფონზე სავსებით მისაღები შედეგია. შესაძლოა, "ბებერი" გეტლინი და მუდმივად ტრავმირებული გაი ვერ ჩაერიონ ბოლტისა და ბლეიკის საჩემპიონო დუელში, მაგრამ მესამე ადგილისთვის ბრძოლა შეუძლიათ.

როგორც წესი, ამერიკელებს 400 მეტრის მოგების დიდი შანსი აქვთ. მათ პეკინის ჩემპიონის, ლაშონ მერიტის ეიმედებათ, მაგრამ მას გამარჯვებისთვის მოუწევს მსოფლიოს ჩემპიონისთვის, გრენადელი კირიანი ჯეიმსისთვის რევანშის აღება.

ამერიკელი ქალი მორბენლები, როგორც წესი, მოკლე დისტანციებზე ფავორიტები არიან. 100 მეტრზე აშშ-ს წარმოადგენს ისტორიაში მეორე ყველაზე სწრაფი მორბენალი კარმელიტა ჯეტერი. ის 32 წლისაა, თუმცა ფორმის პიკზე სამი წლის წინ გავიდა, რამაც მაშინვე წარმოშვა დოპინგის მიღებაზე ეჭვი.

ჯეტერს გარანტირებული არაფერი აქვს, რადგან სერიოზული კონკურენტები ეყოლება შელი-ენ ფრეზერ-პრაისის, ვერონიკა კემპბელ-ბრაუნის (ორივე - იამაიკა) და კელი-ენ ბაპტისტის (ტრინიდადი) სახით.

ჯეტერი 100 მეტრზე, ელისონ ფელიქსი - 200 მეტრზე, სანია რიჩარდსი - 400 მეტრზე... სპრინტში ამერიკელ ქალებს ყველაფერი წესრიგში აქვთ და მძლეოსნობის სხვა სახეობებშიც ბევრი იმედისმომცემი სპორტსმენი ჰყავთ. სიგრძეზე მხტომელმა ბრიტნი რიზმა ამ ოლიმპიურ ციკლში ორ-ორჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი დარბაზებისა და ღია არენებისთვის.

თუ რიზი ლონდონში ვერ გაიმარჯვებს, ეს უდიდესი სენსაცია იქნება. სამხტომელმა კრისტიან ტეილორმა მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და მას შემდეგ ტემპი არ დაუგდია. მას ეკუთვნის მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგი. არის კიდევ ათჭიდელი ეშტონ ისტონი, რომელმაც ამერიკის ჩემპიონატზე მსოფლიოს რეკორდი დაამხო.

მოცურავეები
კიდევ უფრო მოსავლიანი უნდა იყოს ამერიკისთვის ცურვის ტურნირი. უფრო მეტიც, ოლიმპიადის ნებისმიერი სტარტი შეიძლება დაჩრდილოს მაიკლ ფელპსისა და რაიან ლოხტეს პირადმა დუელმა.

დიადმა ფელპსმა, რომელმაც ამ ოთხ წელიწადში თავს მოდუნების უფლება მისცა, უარი თქვა 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაზე, რითაც ლოხტეს საშუალება მისცა, ოქროსთვის გერმანელ პაულ ბიდერმანს გაეჯიბროს.

მაგრამ კომპლექსურ ცურვაში ორივე დისტანციაზე მთელი ყურადღება სწორედ ამ ორი ამერიკელისკენ იქნება: მათ კონკურენციას ვერავინ გაუწევს. დაუმატეთ ამას ესტაფეტები და ცხადი გახდება: საბჭოთა ტანმოვარჯიშის, ლარისა ლატინინას რეკორდი (სხვადასხვა სინჯის 18 ოლიმპიური მედალი) აუცილებლად დაემხობა. ამისთვის ფელპსს სამი მედლის მოპოვება სჭირდება. ის კი შვიდ დისციპლინაში აპირებს გამოსვლას.

იგივე ლოხტე ფავორიტია 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში. ამავე დისციპლინაში ქალებს შორის საუკეთესოა მისი ფრანკლინი.

მაგრამ ეს მხოლოდ ელიტაა. არიან კიდევ ბრიჯა ლარსონი, სკოტ უელცი (ორივე - ბრასის სპეციალისტი) და კეიტლინ ლევერენცი (კომპლექსური)... მათი გვარები ჯერ ბევრს არაფერს გვეუბნება, მაგრამ მათ ლონდონში დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული