გუშინ ლონდონის აეროპორტმა "ჰითროუმ" 120 ათასი მგზავრი მიიღო - ათი ათასით მეტი, ვიდრე ზაფხულის ჩვეულებრივ დღეს.
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიგრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა დამიან გრინმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის სასაზღვრო კონტროლის ძალები, გუშინდელი დღიდან მოყოლებული, "ოლიმპიურ რეჟიმში" იწყებს მუშაობას. მანვე პირობა დადო, რომ პიკის საათებში "ჰითროუზე" საპასპორტო კონტროლის ყველა ფანჯარა ღია
აეროპორტში სპორტსმენებს დახვდებიან მოხალისეები, რომლებიც ავტობუსისკენ გზის გაკვალვაში დაეხმარებიან სტუმრებს. აეროპორტიდან სპორტსმენები ლონდონის აღმოსავლეთით, ოლიმპიური სოფლისკენ გაემართებიან. ოლიმპიადის დღეებში სოფელში 16 ათასი სპორტსმენი და ოფიციალური პირი იცხოვრებს.
გუშინვე დაიწყო მუშაობა დოპინგ-ლაბორატორიამ. უკვე ჩატარდა პირველი ტესტები. სულ ოლიმპიადის მსვლელობისას დაახლოებით 6 ათას სინჯს აიღებენ. შემოწმდება თამაშების მონაწილეთა თითქმის ნახევარი, მათ შორის, ოლიმპიადის ყველა გამარჯვებული და პრიზიორი.
* * *
16 ივლისს თამაშების ორგანიზატორები სერიოზულ პრობლემებსაც წააწყდნენ, კერძოდ, ლონდონისკენ მიმავალ ტრასებზე გრანდიოზული საცობები წარმოიქმნა.
ამის მიზეზი გახდა ტრასებზე "ოლიმპიური" ზოლების შემოღება, რომლებიც ოლიმპიადის მონაწილეებისა და სტუმრებისთვის არის გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ წესები, რომელიც ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ამ ზოლებში მოძრაობას კრძალავს, მხოლოდ 27 ივლისს შევა ძალაში, როცა ოფიციალურად დაიწყება ზაფხულის მორიგი თამაშები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"