სპორტსმენების გამხნევებისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქართველების ხასიათსა და ბრძოლისუნარიანობას; ასევე, ბოლოდროინდელ მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სპორტზეც უნდა აისახოს.
"წინ დიდი შეჯიბრი გელით, ჩვენ კი - თქვენი გამარჯვების დიდი ემოციები. რვა წლის წინათ ჩვენ ჩავიბარეთ ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი, გაუბედურებული და უიმედო ქვეყანა.
ჩვენ არ გვქონდა შანსი, მაგრამ ვთქვით, რომ არავის ჩამოვუვარდებით და დღეს მსოფლიოში ბევრი აღიარებს, რომ მრავალი პრობლემის მიუხედავად, საქართველო პირველ
ასე უნდა ვიყოთ სპორტშიც. არაფერია, თუ სხვები უფრო დიდ ქვეყანას წარმოადგენენ, თუკი უფრო მეტი გამოცდილება აქვთ და უფრო მეტი ფული.
საქართველო და ქართველი კაცი არის ის მებრძოლი, რომელიც ყველაზე გამოუვალ ვითარებაში პოულობს გამოსავალს, ყველაზე დიდ სიძნელეებს არ ეპუება, არასდროს კარგავს გამარჯვების იმედს და იბრძვის გამარჯვებისთვის. ასე რომ, მინდა წარმატება გისურვოთ", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა სპორტსმენებს.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა ვეტერანი ქართველი ოლიმპიელებიც გაიხსენა, დებიუტანტებს კი მოუწოდა, რომ ქვეყნის დროშის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა გაითვალისწინონ.
"როდესაც ქართული ფორმა გაცვია და საკუთარი ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობ, ათჯერ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება და ვალდებული ხარ, წარმატებას მიაღწიო", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
წლევანდელ ოლიმპიადაზე სპორტის 12 სახეობაში 35 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. გუნდის მედროშე და კაპიტანი იქნება ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, რომელიც მშვილდოსან ქრისტინე ესებუასთან ერთად უკვე ლონდონში იმყოფება.
ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად თამაშებში პირველები ძიუდოისტები ჩაერთვებიან. ქართველი ოლიმპიელები ლონდონში 25 ივლისს, გამთენიისას გაემგზავრებიან. ოლიმპიადა 27 ივლისს გაიხსნება.
interpressnews.ge
ასევე იხილეთ:
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებმა ფიცი დადეს [+VIDEO]