საქართველოს ოლიმპიური გუნდი ლონდონში გაფრინდა

AutoSharing Option
25 ივლისს, 19:00 საათზე ლონდონში ჩარტერული რეისით გაფრინდა საქართველოს ოლიმპიური გუნდის ძირითადი ბირთვი, სპორტსმენთა 20-კაციანი ჯგუფი და ქართული დელეგაციის ოფიციალური პირები - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მისი მოადგილეები და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი.

ორი ოლიმპიელი, მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა და ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე წინა დღეს გაემგზავრნენ ბრიტანეთში, ხოლო მოჭიდავეთა 13-კაციანი ნაკრები ლონდონში 4 აგვისტოს ჩავა.

ოლიმპიური გუნდის ასეთი დანაწევრება გამოწვეულია სხვადასხვა სახეობათა ტურნირების განრიგით. ესებუა უკვე 27 ივლისს, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე ჩაერთვება შეჯიბრში და
პირველ რაუნდში ინდონეზიელ იკა იულიანა როჩმავატის დაუპირისპირდება, ხოლო სალუქვაძე თავის მეშვიდე ოლიმპიადას 28 ივლისს იწყებს.

ასევე 28 ივლისს იწყება შეჯიბრი ძიუდოსა და კრივში. ამ დღეს ტატამზე გავა 60 კილოგრამამდე წონაში მოჭიდავე ბეთქილ შუკვანი, ხოლო საკრივო რინგზე 56 კილოგრამამდე წონაში - მერაბ თურქაძე.

ლადო ვარძელაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი: "ოლიმპიადა უმნიშვნელოვანესი სპორტული შეჯიბრია საქართველოსთვის. ყველას გვჯერა, რომ ქართველი სპორტსმენები წარმატებით გამოვლენ ლონდონში და ასახელებენ საქართველოს".

გია ნაცვლიშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: "ძალიან კარგი გუნდი მიდის ოლიმპიადაზე. ერთი ისაა, რომ შემადგენლობით რამდენადმე ახალგაზრდულია. ჩვენი ოლიმპიელები კარგად არიან მომზადებულნი, თუმცა რამდენად კარგად, ეს უშუალოდ ოლიმპიადაზე გამოჩნდება".

ვარლამ ლიპარტელიანი, ძიუდო: "ლონდონში დიდი შემართებით მივემგზავრებით. პრეზიდენტთან და პატრიარქთან შეხვედრების შემდეგ გუნდში კიდევ უფრო სასიამოვნო ატმოსფეროა. უფლება არც გვაქვს, რომ ცუდი განწყობით წავიდეთ და ჩვენი მაქსიმუმი არ გავაკეთოთ, მით უფრო, რომ არაჩვეულებრივი მომზადება გავიარეთ".

ლიუბა გოლოვინა, ბატუტზე ხტომა: "ოლიმპიადას ოთხი წელი ველოდი. უშუალოდ შეჯიბრისთვის მინსკში ვემზადებოდი და კარგი შეკრება გავიარე. ყველანაირად ვეცდები, რომ ლონდონში წარმატებით გამოვიდე. წინასწარ ძნელია რაიმეს თქმა, მაგრამ სამეულში მოსახვედრად ბოლომდე ვიბრძოლებ".

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული