თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან: მეორე და ვერცხლისფერი გამონათება

AutoSharing Option
6 აგვისტო კიდევ ერთი გამონათების დღე იყო ლონდონში მიმდინარე ოლიმპიადაზე. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წარმატების მოლოდინი იყო, მაგრამ ერთია მოლოდინი და ზოგჯერ სულ სხვაა რეალობა, რისი მოწმენიც ამ ოლიმპიადაზე ყველა გავხდით.

კარგია, რომ ყველაფერი სრული ასი პროცენტით თუ არა, მაინც სასურველად დამთავრდა. ნაკრების უფროსი მწვრთნელის, ბეგი დარჩიას სიტყვებს დავესესხები, რომელიც მან ქართული სპორტის ხელმძღვანელებს ფინალური შეხვედრების დაწყებამდე შესვენებაზე უთხრა:

"საერთოდ, უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ, რომ არა ზოგიერთი ლაფსუსი, ამ საშეჯიბრო დღის უკეთესად დამთავრებაც შეიძლებოდა".

ფინალების წინ დარბაზი მთლიანად დაიცალა. აქ ასეა -
მაყურებელი ორ ნაკადად მოდის - ფინალებამდე და ჩემპიონ-პრიზიორთა გამოსავლენი შეხვედრებისთვის. ორივე შემთხვევაში დარბაზი ივსება.

როცა ეს სტრიქონები კომპიუტერის მონიტორზე იკრიბება, საღამოს მთავარი ორთაბრძოლების დაწყებამდე ორმოციოდე წუთი რჩება, პრესლოჟაში გოგონა შემოდის და საინფორმაციო ფურცლებს გვირიგებს ჟურნალისტებს.

გასაოცარია, დღეს პრესკონფერენცია არ შედგებაო, გვაუწყებენ. რატომ? სამწუხაროდ, პასუხი ამ გოგონას არ აქვს, სხვები კი არ ჩანან.

იგივე გოგონა გვეუბნება, რომ უფლებას გვაძლევენ, მონაწილეების ზონაში შევიდეთ და იქ დაველაპარაკოთ გამარჯვებულებსა და პრიზიორებს.

ცხადია, წყალობით ვისარგებლეთ, თუმცა უჩვეულოდ შეუფერებელ გარემოში კი აღმოვჩნდით. ყველა გაოცებული ჩანდა.

ამ დარბაზშივე შევხვდი საქართველოდან ერთადერთ მსაჯს ოლიმპიადაზე ედიშერ მაჩაიძეს, რომელიც სამი საჭიდაო ლეიბიდან ერთ-ერთის ხელმძღვანელია.

"დღევანდელი შედეგებით უკმაყოფილო არ უნდა ვიყოთ. ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც ჩვენ გვინდა, მით უფრო, რომ ოლიმპიადა დიდი ფსიქოლოგიური ბრძოლის ასპარეზიცაა", - გვითხრა მან.

შენ რას იტყვი, კოლეგა
ლონდონში დროის შეგრძნება არ გაქვს
დღეს ჩვენი სტუმარია სპორტის ცნობილი მუშაკი, საქართველოში დამოუკიდებელი ოლიმპიური მოძრაობის ჩასახვიდან მრავალი წლის განმავლობაში მისი ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი, ემზარ ზენაიშვილი.

საზოგადოება ამავე დროს მას იცნობს, როგორც სპორტულ თემაზე არაერთი წიგნის ავტორს და ჟურნალისტს.

"ლელოს" კორესპონდენტად უმუშავია ოლიმპიადებზე. არის სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

- ცნობილი გამოთქმაა, ვინც ლონდონისგან დაიღალა, ის ცხოვრებისგანაცაა დაღლილიო. არადა, ამ ქალაქისგან დაღლა ოლიმპიადის დღეებში არცთუ ისე ძნელია - ფიზიკურადაც, ემოციურადაც.

ლონდონში დროის შეგრძნება არ გაქვს. უკვე ათი დღე გავიდა. არადა, თითქოს გუშინ იყო - გვითხრა მან და თავისი პირადი ლონდონური შთაბეჭდილებ-მოსაზრებები ასე ჩამოაყალიბა:

- თბილისიდან ორგანიზებული გამომგზავრება, კომფორტული ლაინერი და უპრობლემო ფრენა;

- ლონდონის ერთ-ერთ აეროპორტში უსაშველოდ გაწელილი საპასპორტო პროცედურები;

- ოლიმპიურ სოფელში კლოუნადად თუ ბერიკაობად ქცეული დროშის აღმართვის ცერემონიალი და ამის ფონზე საქართველოს დელეგაციის სოლიდურობა;

- თამაშების მოსალოდნელზე ნაკლებად ეფექტური გახსნა, აღლუმზე ჩვენი დელეგაციის თვალმისაზიდი ჩაცმულობა და ორგანიზებულობა;

- პირველი საშეჯიბრო დღის გაუგებრობები, რამაც ატლანტის თამაშებთან ასოცირება გამოიწვია;

- და ლაშა შავდათუაშვილის სწრაფი ოქრო. წინასწარ გათვლილივით იმავე საღამოს "ქართული სახლის" შთამბეჭდავი გახსნა, ჩემპიონის პრეზენტაციით;

- მომდევნო დღეების წარუმატებლობები - ფავორიტებისგან იმედგაცრუება...

ვიმედოვნებ, დადებითი ემოციები ჯერ კიდევ წინ გვაქვს - მოჭიდავეები ოლიმპიურ გუნდს მხოლოდ ეს-ესაა, შემოუერთდნენ.

დაბოლოს, ყოველგვარი დიდაქტიკურ-დამრიგებლური ტონის გარეშე მინდა ვთხოვო ამ თამაშებში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა შავდათუაშვილის მშობლებსა და ნათესავებს, მეგობრებსა და ახლობლებს, თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს, ჟურნალისტებს, პიარის სპეციალისტებს, ქომაგებს, სხვებსაც - ნუ გაუწევთ ჭაბუკ ჩემპიონს დათვურ სამსახურს - მოვერიდოთ ზღვარგადასულ ემოციებს და ყველა შევეცადოთ, არ შევუმოკლოთ სპორტული კარიერა - მას ნამდვილად ხელეწიფება რიოშიც იყოჩაღოს და 2020 წელსაც.

ჰო, მართლა, ამ ოლიმპიადის მთავარი შთაბეჭდილება და ოლიმპიზმის ისტორიაში ლარისა ლატინინას თითქმის ნახევარსაუკუნოვანი რეკორდის დამხობაა - ვერავინ იტყვის, რამდენი თაობა დასჭირდება ამერიკელი მაიკლ ფელპსის მიერ მოპოვებული 20 ოლიმპიური მედლის რეკორდის მოხსნას.

მეეჭვება, რომ ოლიმპიადების ჩატარების დღევანდელი სისტემით ეს რეკორდი ოდესმე გაუმჯობესდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
zviadi, რა უნ და თქვას ადამიანმა. უბრალოდ არაკაცი ხარ. ვსიო.
O SHENI
12:17 08-08-2012
0
ჰო,მართლა!ამ ბებერმა გაჩეჩილაძემ გაზეთ "ლელოს" ქონება კომუნისტების და გამსახურდიას დროს.მაგარი "სპეციალისტია"!
zviadi
12:03 07-08-2012
0

სიახლეები პოპულარული