ბელორუსში დოპინგზე ციხეა

AutoSharing Option
ბელორუსის ეროვნულმა ანტისადოპინგო სააგენტომ მოამზადა შესწორებები ქვეყნის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში, რამაც უნდა გაამკაცროს ბრძოლა დოპინგის გავრცელებისა და მოხმარების წინააღმდეგ.

კერძოდ, ბელორუსის მთავრობას სთავაზობენ სამწლიანი პატიმრობის შემოღებას აკრძალული პრეპარატების გავრცელებისა და შენახვისთვის; აგრეთვე, არასრულწლოვანი სპორტსმენების დოპინგის გამოყენებაში ჩათრევისთვის.

გარდა ამისა, სააგენტოს მიერ შემუშავებულ შესწორებებში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მწვრთნელებისთვის, რომელთა სპორტსმენები დოპინგს იღებენ.

ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მსგავი ინიციატივის საფუძველში ჩაიდო დოპინგთან ბრძოლის გამოცდილება ფინეთში, ავსტრიაში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში.

სააგენტოს წინადადება სამართლებრივი კვლევების ეროვნულ ცენტრს გადაეგზავნა.
აღსანიშნავია, რომ დღეისთვის დოპინგის გამოყენებაში გამოჭერილი ბელორუსი სპორტსმენები და მწვრთნელები დროებითი დისკვალიფიკაციით ან გაფრთხილებით ისჯებიან.

სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების გამო ბელორუსი ლონდონის ოლიმპიადის დროს სერიოზულ სკანდალში გაეხვა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოქროს მედალი ჩამოართვა და დისკვალიფიკაცია მისცა ბირთვისმკვრელ ნადეჟდა ოსტაპჩუკს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი - მეთენოლონი აღმოაჩინეს.

ბელორუსის ანტისადოპინგო სააგენტომ გამოძიება ჩაატარა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ მძლეოსნის მწვრთნელმა სპორტსმენის დაუკითხავად საკვებში დოპინგი გაურია. შედეგად, ოსტაპჩუკს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს, მის მწვრთნელი კი ოთხი წლით ჩამოაშორეს სპორტს.

ოლიმპიადის დასრულებიდან მეხუთე დღეს კი იტყობინებოდნენ, რომ კიდევ ერთი ბელორუსი ოლიმპიელის ორგანიზმში რომელიღაც აკრძალული პრეპარატი აღმოაჩინეს. მაშინ სპორტსმენის გვარი არ დაუსახელებიათ, მხოლოდ ის დააზუსტეს, რომ ლაპარაკი იყო არამედალისტ ოლიმპიელზე.

ოქტომბრის ბოლოს ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ლონდონში ოლიმპიური გუნდის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა და მოითხოვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღება სპორტში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული