ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს ქუთაისმა უმასპინძლა

AutoSharing Option
8 ნოემბერს ქუთაისს ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი და მისი მწვრთნელი ნიკო ბიბილაშვილი სტუმრობდნენ.

რიონისპირა ქალაქში სახელოვან სპორტსმენს თბილი შეხვედრა მოუწყვეს. ქუთაისის სპორტის ხელმძღვანელებმა შავდათუაშვილს ოლიმპიური სკვერი და სპორტის მუზეუმი დაათვალიერებინეს. შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.

შავდათუაშვილი ქუთაისის სპორტის ხელმძღვანელობასთან ერთად რეაბილიტირებულ ბაგრატის ტაძარშიც იმყოფებოდა. მოგვიანებით კი ოლიმპიური ჩემპიონი მე-17 სპორტსკოლას ესტუმრა, სადაც ნორჩ ძიუდოისტებს შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა.

"თუ მუხლჩაუხრელად იშრომებთ და ვარჯიშს არ დაიზარებთ, დიდი წარმატებებსაც
მიაღწევთ",
- დაარიგა მან პატარა სპორტსმენები.

მასპინძლებმა ოლიმპიურ ჩემპიონს სპეციალურად მისთვის დამზადებული საჩუქრები უსახსოვრეს. ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით აბულაძემ სტუმრებს მე-17 სპორტსკოლის ახალგარემონტებული სასტუმრო ოთახები დაათვალიერებინა, რომელიც უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაიხსნება და იქ გუნდებს შეკრებისთვის შესანიშნავი პირობები ექნებათ.

"ოლიმპიური ჩემპიონის სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდები გახარებულნი არიან მათთან შეხვედრით. ახალმა თაობამ სწორედ ლაშა შავდათუაშვილისნაირი წარმატებული სპორტსმენებისგან უნდა აიღოს მაგალითი. იგი 20 წლის ასაკში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ეს ყველა ახალგაზრდისთვის დიდი სტიმულია", - აღნიშნა დავით აბულაძემ.

შეხვედრით თავად ოლიმპიური ჩემპიონიც კმაყოფილი დარჩა.

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქუთაისის სპორტის ხელმძღვანელებს ჩემი მოწვევისთვის. ძალიან გახარებული ვარ, სტუდენტებთან და ბაშვებთან ძალიან თბილი შეხვედრა გამოვიდა, მათგან დიდი სიყვარული ვიგრძენი.

ყველას ვუსურვებ წარმატებებს და ვეცდები, რომ გულშემატკივრების იმედები მომავალშიც
გავამართლო", - თქვა ლაშა შავდათუაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული