სოჭი 2014: ამერიკამ ფორმა წარადგინა

AutoSharing Option
ცნობილმა ამერიკელმა მოდელიერმა რალფ ლორენმა შექმნა და წარმოადგინა სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ის ნაკრების ფორმა.

როგორც ამერიკული პრესა აღნიშნავს, ლორენი კომპლექტის შექმნისას მემკვიდრეობას და ამერიკული სტილის დახვეწილობას ეყრდნობოდა. მთლიანი კოლექცია შექმნილი და წარმოებულია აშშ-ში. ფორმის დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღეს ფრისტაილში მსოფლიოს ჩემპიონმა ჰანა კარნიმ და ფიგურულ სრიალში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ევან ლაისაჩეკმა.

“სპორტსმენისთვის ფორმა იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე უმრავლესობას ჰგონია. როცა მას იცვამთ, ხვდებით, რომ ოლიმპიური გუნდის ნაწილი ხართ”,
- განაცხადა ლაისაჩეკმა.

Polo Ralph Lauren Corporation – ცნობილი ამერიკული მარკაა, რომელსაც ტანსაცმლის, აქსესუარების,
ფუფუნების საგნებისა და პარფიუმერიის წარმოების მრავალმხრივი ხაზი გააჩნია. კომპანია 1967 წელს შექმნა ბელორუსის ქალაქ პინსკში დაბადებულმა რალფ ლორენმა, რომელმაც თავისი იმპერია ჰალსტუხების შეკერვით დაიწყო.

* * *
ამასობაში, ბობსლეიში აშშ-ის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა სოჭის ოლიმპიადისთვის შემადგენლობა დაასახელა. ქალთა გუნდში ორ საინტერესო პიროვნებას ვხედავთ. ესენი არიან ცნობილი მძლეოსნები: ლოლო ჯონსი და ლორინ უილიამსი.

ჯონსი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია 60 მეტრზე თარჯრბენში, აგრეთვე, ლონდონის ოლიმპიადაზე გამოდიოდა; რაც შეეხება უილიამსს, 2005 წელს, ჰელსინკიში ოქროს მედალი მოიგო 100 მეტრ დისტანციაზე.

100 მანეთი 100 დღით ადრე
სოჭის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 100 დღე დარჩა. ამასთან დაკავშირებით, რუსეთში გამოუშვეს 100-მანეთიანების ახალი კუპიურები, რომელიც 2014 წლის ოლიმპიადას ეძღვნება. ასევე სიახლეა 25-მანეთიანი მონეტა, რომელზეც გამოსახულია "სოჭი 2014"-ის ოლიმპიური ჩირაღდანი; აგრეთვე, საფოსტო ბლოკი - "ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშები ქალაქ სოჭში" და "ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა".

ბანკნოტები და მონეტები 20-მილიონიანი ტირაჟით ბრუნვაში გამოვა, ხოლო მარკების შეძენა რუსეთის ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი.

სარეკორდო ავსტრალია
ავსტრალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სოჭის ზამთრის თამაშებზე თავის ისტორიაში სპორტსმენთა სარეკორდო რაოდენობას მიავლენს. სავარაუდოდ, გუნდის შემადგენლობა 55 ადამიანით იქნება დაკომპლექტებული.

ავსტრალიელებს კონკრეტული მიზანი აქვთ - მოხვდნენ მედლების ჩათვლაში პირველ 15 ნაკრებს შორის და მოიპოვონ მინიმუმ ოთხი მედალი.

"მწვანე კონტინენტის" მთავარი იმედია ორი სნოუბორდისტი - ტორა ბრაიტი და ალექს პალინი. გარდა ამისა, მედალს ელიან ფრისტაილის სამი წარმომადგენლისგან - ლიდია ლასილასგან, ლაურა პილისა და დანიელ სკოტისგან.

2012-13 წლების სეზონში ავსტრალიელები 24-ჯერ მოხვდნენ ზამთრის სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატებისა და მსოფლიოს თასის პოდიუმებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული