ამ ერთდღიანი ვიზიტის მიზანი 2015 წელს თბილისში გასამართი ზემოაღნიშნული ფესტივალისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დათვალიერება იყო.
31 ოქტომბერს სტუმრებს ფრიად დაძაბული დღე ჰქონდათ, რომელიც ოლიმპიურ კომიტეტში შეხვედრით დაიწყეს. მერე დაათვალიერეს მშენებარე ოლიმპიური სოფელი და სპორტული ობიექტები, შეხვდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს, საღამოს კი ისევ სეოკ-ში პრესკონფერენცია გამართეს.
შეხვედრაზე უცხოელთაგან, ძირითადად, ჰიკმა ისაუბრა, რომელმაც კმაყოფილება გამოთქვა ნანახ-მოსმენილით. მისი სიტყვებიდან ირკვევა, რომ ის კმაყოფილია მზადების პროცესით.
"დღევანდელმა შეხვედრებმა ცხადყო, რომ მზადებაში ყველა აუცილებელი ელემენტი გათვალისწინებულია, მომდევნო წლებში კი ჩვენ ისევ ერთად უნდა ვითანამშრომლოთ, რათა ძალიან წარმატებული ფესტივალი მივიღოთ.
აღფრთოვანებული ვარ ნანახითა და მოსმენილით იმის შესახებ, რაც უკვე გაკეთდა და რაც იგეგმება.
ეს ფესტივალი საქართველოსთვის დიდი შანსია - აქ ჩამოდის 49 ქვეყნის დელეგაცია, დაახლოებით 3 ათასამდე სპორტსმენი, რომლებსაც ოჯახის წევრები, ქომაგებიც ჩამოჰყვებიან" - განაცხადა ჰიკმა.
ფესტივალი რომ მართლაც დიდი შანსია ქვეყნისა და ქართული სპორტისთვის, ამაზე ხაბელოვმაც ისაუბრა.
მან და ახვლედიანმა იმაშიც დაგვამშვიდეს, რომ ფესტივალისთვის ყველაფრის დასრულება მოესწრება.
სულ მალე გაიხსნება მძლეოსნობის დარბაზი დიდუბეში, დაგეგმილ ვადებში ეტევა და შეუფერხებლად მიმდინარეობს ოლიმპიური სოფლის მშენებლობაც, ამ ობიექტებმა კი განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს სტუმრებზე.
სადღეისოდ ყველაზე პრობლემურად საცურაო აუზი რჩება, სადაც, "ოლიმპიკის" გარდა, სხვა ალტერნატივაც განიხილება - ან იქაურობა გადააკეთონ თანამედროვე სტანდარტებამდე, ან - ახალი ააშენონ.
ახვლედიანის ინფორმაციით, ასაშენებელ-გასარემონტებელ ობიექტებზე მალევე გამოცხადდება ტენდერი - ბოლო ვადა 20 დეკემბერია და მუშაობასაც შეუდგებიან.
მათ თურმე სტუმარს იმ სამშენებლო ფირმების სიაც გააცნეს, რომლებიც ან უკვე ჩაებნენ, ან მომავალში დასაქმდებიან მშენებლობაში...
ცხადია, პრესკონფერენციაზე დიდი ნაწილი სოჭის ოლიმპიადის ყბადაღებულ თემასაც შეეხო. ჰიკმა გადაჭრით მოგვიწოდა მონაწილეობისკენ და ბოიკოტს უგუნურობა უწოდა.
"ბოიკოტი არასოდეს დასრულებულა წარმატებით და მას აზრი არ აქვს. ამით მხოლოდ სპორტსმენები ისჯებიან, სხვა - არავინ. ჯიმი კარტერი, რომელმაც ზეწოლა მოახდინა ბევრ ქვეყანაზე და თვითონაც გამოუცხადა ბოიკოტი მოსკოვის ოლიმპიადას, წლების შემდეგ საკუთარ მემუარებში ამას თავის ერთ-ერთ უდიდეს შეცდომას უწოდებდა" - გვითხრა მან.
ის მიესალმა ჩვენი სეოკ-ისა თუ ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გამოვიდნენ ამ თამაშებში, თუმცა გაგვაკვირვა იმის აღიარებით, რომ თურმე მხოლოდ გუშინწინ შეიტყო ამ ოლიმპიადაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოხსენიების შესახებ...
ის დაკავშირებია სოკ-ს, საიდანაც პასუხად მიუღია, რომ ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება და თითქმის გადაწყდა უკვე. მანვე დაგვამშვიდა, რომ ამ საქმეში საქართველო ევროპის, დასავლეთის სრულ მხარდაჭერას მიიღებს, რადგან ცნობენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ცნობენ.
სამაგიეროდ, გადაჭრით ვერ გვიპასუხა, რა სანქციები დაეკისრება რუსეთს, თუ მაინც არ შეასრულებს ამ საერთაშორისო მოთხოვნებს, ან - საქართველოს, თუ მაინც გამოაცხადებს ბოიკოტს.
ამ თემაზე ხაბელოვმა განაცხადა, რომ მათ უკვე მიიღეს სპორტული გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ, თუმცა მთავრობის ცნობილი განცხადებაც ძალაში რჩება იმის შესახებ, რომ სადღეისოდ მონაწილეობას კი ეთანხმებიან, მაგრამ დააკვირდებიან მოვლენათა განვითარებას და საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"