ბრნო თუ თბილისი?

AutoSharing Option
27 ნოემბერი ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღად შევიდეს. შეგახსენებთ, რომ თბილისი კონტინენტის ახალგაზრდობის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის იბრძვის და სწორედ ამ დღეს ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე ფარული კენჭისყრით გადაწყდება ეს პატივი საქართველოს დედაქალაქს ერგება თუ ჩეხეთის ქალაქ ბრნოს.

ნიშანდობლივია, რომ ბრნო ამ უფლების მოპოვებას ჯერ კიდევ 2007 წლიდან ცდილობს. 2011 წლის ფესტივალის მასპინძლობა ტრაპზონს დაუთმეს, ხოლო 2013 წლის თამაშებისთვის ბრძოლაში ჰოლანდიურ უტრეხტთან დაყარეს ფარ-ხმალი. იმედია, ბელგრადში გასამდება და ამ საპასუხისმგებლო მისიას
ამჯერად თბილისს დააკისრებენ.

ასამბლეა მუშაობას ხვალ დაიწყებს. მოისმენენ ეოკ-ის პრეზიდენტის პატრიკ ჰიკის წლის შემაჯამებელ სიტყვას, ასევე ლონდონისა (2012), რიო-დეჟაინეიროს (2016) ზაფხულის ოლიმპიადებისა და სოჭის (2014) წლის ზამთრის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტების მოხსენებებს, თუმცა ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ზეგ განვითარდება.

ევროპის 49 ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წინაშე ჯერ ზამთრის 2015 წლის კანდიდატი ქალაქები – სარაევო (ბოსნია) და ავსტრია-ლიხშტენშტეინი (ერთობლივი განაცხადი) წარსდგებიან პრეზენტაციით, შემდეგ ზაფხულის ფესტივალის მსურველები - თბილისი და ბრნო.

ქართული დელეგაციის ნაწილმა, რომელშიც სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე, ვიცე-პრეზიდენტი დავით გობეჯიშვილი, სეოკ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ემზარ ზენაიშვილი, `თბილისი 2015~-ის პრეზენტაციის რეჟისორი დავით დოიაშვილი და სხვები შედიან, სერბეთის დედაქალაქისკენ დღეს გამთენიისას აიღეს გეზი. თბილისის მერი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გიგი უგულავა, დუეტი `ჯორჯია~, რომელიც თბილისზე სპეციალურად შექმნილ სიმღერას შეასრულებს და დელეგაციის სხვა წევრები ბელგრადში მოგვიანებით გაემგზავრებიან.

კენჭისყრის შედეგები 27 ნოემბერს თბილისის დროით 16 საათისთვის გახდება ცნობილი.


სეოკ-ის პრესსამსახური


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული