მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 26 დეკემბერს გაფორმდა და მას ხელი მოაწერეს "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა და კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა თემურ ჭყონიამ.
"თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, ხელშეკრულების გაფორმება ოლიმპიური ფესტივალის ღირსეული ჩატარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
"ბოლო ინსპექტირებისას ევროპის ოლიმპიურმა ფესტივალმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ოლიმპიადის მიმდინარეობა გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. ამ ხელშეკრულების გაფორმება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია", - აღნიშნა ახვლედიანმა.
"კოკა-კოლასა" და საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობას მრავალწლიანი ისტორია აქვს. 1896 წელს, როდესაც პირველი ოლიმპიური თამაშები ათენში ჩატარდა, "კოკა-კოლა" ამ სპორტული ღონისძიების მხარდამჭერი იყო. მას შემდეგ "კოკა-კოლა" ოლიმპიური თამაშების მუდმივი პარტნიორია და მოუწოდებს ათასობით ადამიანს მთელ მსოფლიოში, მისდიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
2015 წელს საქართველოში პირველად ჩატარდება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომლის საზეიმო გახსნა თბილისის "ლოკომოტივის" სტადიონზე 26 ივლისს, ხოლო დახურვა 1-ელ აგვისტოს მოხდება.