ევროპული თამაშები. I და II დღე: შვეიცარიული ჰეთ თრიკი

AutoSharing Option
ევროპულ თამაშებზე მედლების პირველი კომპლექტები მთის ველოსიპედსა და ტრიატლონში გათამაშდა. ამ სახეობებში თითქმის ერთდროულად მიეცა სტარტი. და, როგორც აღმოჩნდა, აქ შვეიცარიელი სპორტსმენები კონკურენციის გარეშე იყვნენ.

ევროპული თამაშების ისტორიაში შევიდა ველომრბოლი იოლანდა ნეფი - სწორედ ის გახდა ოქროს მედლის პირველი მფლობელი. მან დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი, რადგან მთის ველოსიპედის კლასიფიკაციაში პირველი ნომერი გახლავთ. სხვაობამ მეორე ადგილზე გასულ თანამემამულე კატრინ შტირნემანთან ორი წუთი შეადგინა.

მთლიანად შვეიცარიული იყო მაუნტინბაიკის პოდიუმი მამაკაცებს შორის. აქ არ გამოდიოდა ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი, ჩეხი იაროსლავ კულჰავი, რომელმაც 2012 წელს,
სპრინტერულ ფინიშში მოუგო შვეიცარიელ ნინო შურტერს.

ამ უკანასკნელმა კარგად ისარგებლა კონკურენტის არყოფნით და ძალიან დამაჯერებლად მოიგო ევროპული თამაშების ოქრო და შეავსო მედლების მდიდარი კოლექცია. შურტერს მსოფლიოს ჩემპიონატებზე სამი ოქრო და ორი ვერცხლი აქვს, სამჯერ დაეუფლა მსოფლიოს თასს და ოლიმპიადის ორ მედალი დაისაკუთრა - ლონდონში ვერცხლი და პეკინში (2008) - ბრინჯაო.

* * *
ბაქოში ტრიატლონის (1500 მეტრი ცურვა, 40 კილომეტრი ველომრბოლა და 10 კილომეტრი რბენა) სტარტებს ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის საგზურები თამაშდება. შესაბამისად, მედლებისთვის დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი.

თუმცა ქალების შეჯიბრში ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა შვეიცარიელმა ნიკოლა შპირიგმა. სამი წლის წინ, ლონდონის ოლიმპიადაზე მასსა და შვედ ლიზა ნორდენს შორის გამარჯვებული ფოტოფინიშმა გამოავლინა. ოლიმპიური ოქრო შპირიგს ერგო, ამჯერად კი მას სერიოზული კონკურენცია ვერ მესამე ადგილზე გასულმა ნორდენმა და ვერ ვერცხლის მფლობელმა ჰოლანდიელმა რაკელ კლამერმა გაუწიეს - შპირიგმა ამ დუეტს წუთზე მეტი მოუგო.

სამაგიეროდ, ტრიატლონში კაცებს შორის იყო დიდი ბრძოლა. ლიდერი რამდენიმეჯერ შეიცვალა: ველორბოლის შემდეგ დაწინაურდა შვეიცარიელი ანდრეა სალვისბერგი, მაგრამ უკვე რბენაში ერთი წრის შემდეგ წინ გაიჭრა ბრიტანელი გორდონ ბენსონი, რომლისთვისაც აქამდე კარიერაში საუკეთესო შედეგი იყო შარშან, მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე მესამე ადგილი.

უშუალოდ ფინიშის წინ, ლიდერობა მოიპოვა ფავორიტმა, მსოფლიოს თასის შარშანდელი გათამაშების მეორეადგილოსანმა ჟოაო სილვამ, მაგრამ გორდონმა ბოლო მეტრებზე გაუსწრო პორტუგალიელს და ბრიტანეთს თამაშებზე პირველი ოქრო მოუტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული