გულშემატკივრები მეტს მოელოდნენ - ინტერვიუ ტარიელ ხეჩიკაშვილთან

AutoSharing Option
[თენგიზ გაჩეჩილაძე რიოდან]
მეათე დღეა, რიოში ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. დღემდე გამართულ ასპარეზობებში საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობის შედეგების შეჯამება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს ვთხოვეთ.

- საქართველოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის სერიოზული გამოცდილება აქვს. ჩვენი ქვეყანა და ხალხი ამაყობს ამ ტრადიციებით და მუდამ ახალი წარმატებების მოლოდინშია - გვითხრა მინისტრმა საუბრის დასაწყისში.

- რიოში ამართლებს მოლოდინი?
- ემოციებით სავსე იყო ეს დღეები. გულშემატკივრები მეტს მოელოდნენ. იყო დასანანი იმედგაცრუებაც. ყველაფერს გავაანალიზებთ. დასკვნებს გამოიტანენ ოლიმპიური კომიტეტი, ფედერაციები. ცხელ გულზე შეიძლება ითქვას, რომ ძიუდოს
ნაკრები არ იყო ფორმის პიკზე. ოლიმპიურმა კომიტეტმა ყველაფერი გააკეთა საერთოდ ამ ოლიმპიადისთვის უკეთ მოსამზადებლად.

გვაქვს შენიშვნები, თუ სად და რატომ ვერ მივაღწიეთ მიზანს და უთუოდ წარვდგებით ანგარიშით საზოგადოების წინაშე.

- ლაშა შავდათუაშვილზე რას იტყვით?
- მიუხედავად წონის შეცვლისა და ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემებისა, ლაშამ ვაჟკაცური შემართება, გამოცდილება და პასუხისმგებლობა მაქსიმალურად გამოავლინა, რაც შეეძლო. მას მომავალშიც რჩება ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვების შანსი.

- ვალერი ლიპარტელიანი ჩემპიონი რომ ვერ გახდა, გულდასაწყვეტი იყო...
- დიახ, ყველასთვის. არადა, ძლიერი სპორტსმენია, ენერგიით სავსე, ნაღდი პროფესიონალი. მომავალი წინ აქვს. ის უეჭველად იზეიმებს ოლიმპიურ ჩემპიონობას.

- ჩვენმა სხვა ოლიმპიელებმა, ვინც უკვე იასპარეზა, გამოავლინეს შესაძლებლობის მაქსიმუმი?
- სპორტში, ხომ იცით, ყველაფერი ხდება. გაგვაოცა მოფარიკავე სანდრო ბაზაძის რაინდულმა ბრძოლებმა. ამ ბიჭმა ტოლი არ დაუდო მსოფლიოში აღიარებულ და გამოცდილ მუშკეტერებს. ჩემი აზრით, მას ბრწყინვალე მომავალი აქვს, უდავოდ გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი ფავორიტი.

საინტერესო იყო ჩოგბურთში ნიკოლოზ ბასილაშვილის გამოსვლები. თავდაუზოგავად, გააზრებულად თამაშობდა, მაგრამ ცოტა დააკლდა მიზნამდე.

სტაბილურად იასპარეზა მისთვის ზედიზედ რიგით მესამე ოლიმპიადაზე ლუბა გოლოვინამ.

- ოლიმპიადის დარჩენილ დღეებში რისი მოლოდინი გაქვთ?
- არც მე და არც არავის დაუკარგავს იმის იმედი, რომ მედლები იქნება - ოქროსიც. რა თქმა უნდა, ყველას სურვილია, შინ თავაწეულები დავბრუნდეთ. უნდა გავახაროთ ქართული სპორტის გულშემატკივრები - ესაა რიოში ჩვენი უმთავრესი საერთო საზრუნავი.

- ორგანიზაციული თვალსაზრისით რაიმე დაბრკოლება ხომ არ შექმნია ქართულ დელეგაციას?
- არანაირი, ყველაფერი კარგად იყო და არის. ასეც იქნება ბოლომდე, რადგან გამართულად და კოორდინირებულად მუშაობენ ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. მინდა ხაზგასმით და მადლობით აღვნიშნო ის დიდი შრომა, რაც გასწია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ბრაზილიაში ჩვენმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა და მისმა მრჩეველმა კოტე საბიაშვილმა.

- ბარემ აქვე გკითხავთ: ვიცი, რომ ჩვენი ელჩის დამსახურებაა, მომავალი თანამშრომლობის საკითხზე სასაუბროდ ბრაზილიელ კოლეგასთან, ლეონარდო პისიანისთან თქვენი შეხვედრის ორგანიზება. რაზე შეთანხმდით ბრაზილიის სპორტის მინისტრთან?
- ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლაზე, ერთობლივი საწვრთნელი შეკრებების ორგანიზებაზე. საქართველოში საპასუხო ვიზიტისას, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

- სხვადასხვაგვარად გავრცელდა სასტუმროში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, აფეთქების ამბავი. რა მოხდა სინამდვილეში?
- არა, აფეთქება სასტუმროში არ მომხდარა. მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული ჩანთა შეუნიშნავთ. დისტანციურად შეუმოწმებიათ გამოძახებულ გამნაღმველებს და ადგილზევე აუფეთქებიათ. პანიკა სწორედ აფეთქების ხმამ გამოიწვია. არავინ დაშავებულა. არც ევაკუაცია გამოცხადებულა სასტუმროში. მადლობა ყველას, ვინც ჩვენ გამო საქართველოში შეშფოთდა და მოგვიკითხა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჯერ ერთი ნოზაძე არასდროს ყოფილა ნაცების მოჭიდავე,ის დიდი მოჭიდავე იყო,მეორეც ის ამბობდა სიმართლეს და მესამეც რაც ახლა ხდება ეს კურტანიძის გამო ხდება და ბოლოს თუ რამე წინსვლა იყო ქვეყანაში და სპორტში,ახლა სპორტზეა საუბარი,ყველაფერი ნაცების დამსახურება იყო,ხოლო ახლა დაუკარით ფაყვე ტაში,თუ აზრზე არ მოხვალთ უფრო უარესი იქნება მომავალში.
tazo-s
20:09 15-08-2016
0
ბატონო მინისტრო ჭიდაობა სულს რომ ღაფავს მაგას თუ ხედავთ? ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშეა დარჩენილი ბავშვთა ჭიდაობა და საიდან უნდა მოვიდეს მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი თუ არ გაუწევთ დახმარებას ბავშვთა ჭიდაობას. თავისით გამოიჩიკებიან? მადლობთ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული