ახალი გუნდები, სადავო სტადიონი და ქართული ჰოკეის პერსპექტივები

AutoSharing Option
ამ დღეებში ქუთაისში საქართველოს ბალახის ჰოკეის ფედერაციის ყრილობა გაიმართა, სადაც ფედერაციის პრეზიდენტად ქუთაისის გოგონათა გუნდის მწვრთნელი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ავთანდილ თევდორაძე აირჩიეს.

ჰოკეისტებმა ვიცე-პრეზიდენტებად შალვა ბოლქვაძე და გიგა არჩაია დაასახელეს, გენერალური მდივნის პოსტზე კი კვლავ ბესარიონ ჯანელიძე იმუშავებს.

საქართველოს ჰოკეის ფედერაცია 1988 წელს ქუთაისში დაარსდა, პირველი ქართული გუნდი კი ქუთაისში გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა. ქუთაისისა და თბილისის გუნდები თავის დროზე სსრკ-ის პირველ ლიგაში ასპარეზობდნენ.

90-იან წლებში სხვა სპორტის სახეობებთან ერთად ჰოკეისაც გაუჭირდა, თუმცა ბოლო წლებში მცირეოდენი ძვრები დაიწყო, სისტემატურად
ტარდება ჩემპიონატები, ქართულმა კლუბებმა ევროტურნირებზე რამდენჯერმე იასპარეზეს, ნაკრები გუნდებიც გამოჩნდნენ საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა ეს ჰოკეის განვითარებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

იმის თაობაზე თუ რა გეგმები აქვს ჰოკეის ფედერაციას და როგორ აპირებს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას, ახალარჩეულ პრეზიდენტს, ავთანდილ თევდორაძეს ვესაუბრეთ.

- ყრილობაზე 2008-2012 წლებში ფედერაციის მიერ გაწეული სამუშაო დადებითად შეფასდა.
სამინისტროს მხრიდან ამ პერიოდში არანაირი დაფინანსება არ გვქონია, მხოლოდ ერთხელ, 2009 წელს, ჰოკეის 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგვაფინანსა ოლიმპიურმა კომიტეტმა.

მიუხედავად რთული ფინანსური მდგომარეობისა, ამ წლებში ფედერაციამ მოახერხა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.

შეიქმნა ახალი ჯგუფები ოზურგეთში და აბაშაში, ცოტა ხნის წინათ კი თბილისის ბალახის ჰოკეის ფედერაცია დაფუძნდა.

თბილისში რეგიონებიდან ჩასული სტუდენტების ბაზაზე ჩამოყალიბდა ვაჟთა გუნდი, რომელიც წლეულს პირველად იასპარეზებს საქართველოს ჩემპიონატში. გარდა ამისა, თბილისში ბაქვსვუდიის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე შეიქმნა ჭაბუკთა გუნდი და იმედი გვაქვს, რომ დედაქალაქში ჰოკეით სხვებიც დაინტერესდებიან.

- აქამდე თბილისში ბალახის ჰოკეის მიმართ დაინტერესება საერთოდ არ იყო. ეს იმის გამო ხომ არ ხდებოდა, რომ პერსპექტივას ვერ ხედავდნენ?
-ოლიმპიური სახეობებიდან ერთადერთი ფედერაცია ვართ, რომლის შტაბბინაც რეგიონშია და ალბათ, ამის გამო ყურადღების ცენტრში არ ვიყავით. ახლა ვითარება შეცვლილია, ყრილობაზე სამინისტროდან სამი წამყვანი სპეციალისტი ჩამოვიდა, ჩვენ მიმართ დამოკიდებულება სასიკეთოდ შეიცვალა. ჰოკეი რაკი ოლიმპიური სახეობაა, უფრო სერიოზული მიდგომით, უთუოდ შევძლებთ წარმატებების მიღწევას.

- ფედერაციის სამუშაო გეგმაში რა არის პრიორიტეტული?
- სამუშაო გეგმა სპორტის სამინისტროშიც წარვადგინე. მინისტრისგან და მისი მოადგილისგან მხარდაჭერას ვგრძნობთ. გაუკვირდათ და იკითხეს, თუ რატომ არ ფინანსდებოდა აქამდე ბალახის ჰოკეი? პასუხი ჩვენც არ გვაქვს...

ამჟამად გვპირდებიან საქართველოს პირველობების დაფინანსებას. მომავალ კვირაში სამინისტროში უკვე ფედერაციის პრეზიდენტის რანგში მექნება შეხვედრები და ბევრი საკითხი გადაწყდება.

პრიორიტეტს რაც შეეხება, სახეობის აღორძინება ბავშვთა სპორტიდან უნდა დავიწყოთ. უკვე საქართველოს ექვს სკოლაში ჰოკეი სასწავლო პროგრამაშია ჩასმული და გვინდა, რომ მომავალში ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზარდოს. ამასთან ერთად, ჩემპიონატის გეოგრაფიაც უნდა გაიზარდოს.

- გუნდებს თითქმის ყოველწლიურად ტოვებენ გამოცდილი მოთამაშეები და მათ ახალბედები ენაცვლებიან. ასეთ ვითარებაში როგორ აპირებთ გუნდების გაძლიერებას?
- მინიმალური დაფინანსების პირობებშიც კი მოთამაშეების შენარჩუნება პრობლემა აღარ იქნება. ხელის შეწყობა რომ არ გვქონდა მოთამაშეებიც ამიტომ გარბოდნენ. შარშან ევროპის ჩემპიონატზე არ გაგვიშვეს, ამის გამო ბევრმა მოთამაშემ ჩაიქნია ხელი და თამაშს თავი დაანება.

დიდი პრობლემა გვაქვს აგრეთვე არენასთან დაკავშირებით, ჩვენი მოედანი ვიღაც ჩინოვნიკებმა ქუთაისის "ტორპედოს" გადასცეს, რომელსაც არც იყენებენ და არც ჩვენ გვანებებენ. კანონით ჩვენ გვეკუთვნის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიბრუნოთ.

ამასთან დაკავშირებით "ტორპედოს" პრეზიდენტ ბატონ ლევან ფხაკაძესთან ვაპირებთ შეხვედრას. უახლოეს მომავალში ინგლისიდან საჩუქრად მოედნის საფარი ჩამოგვივა და თუ ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოედანი დაგვიბრუნდა, იქ დავაგებთ.

თუ არ გამოვა, პარკის უკანა ტერიტორიის გადმოცემას ვითხოვთ, სადაც ამჟამად ჩვენი გუნდები ვარჯიშობენ. ბათუმშიც არის პროექტები, ანგისაზე სპორტკომპლექსი შენდება და იქაც ვარაუდობენ ჰოკეის მოედნის მოწყობას.

- სხვა გეგმებზე რას იტყოდით?
- დაახლოებით ერთ თვეში გვექნება საკუთარი საიტი, სადაც ფედერაციის ყველა ღონისძიება გაშუქდება. ჰოკეის ფედერაცია ჩემპიონატებს ატარებს როგორც დიდ ჰოკეიში, ასევე დარბაზის ჰოკეიში, ასევე იმართება ასაკობრივი ჩემპიონატები.

ამას ევროპის ფედერაციაც მოითხოვს. კიდევ ერთი: ჩვენი ვაჟთა ნაკრები წლეულს საბერძნეთში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ მნიშვნელოვან ასპარეზობას გუნდი კარგად მომზადებული შეხვდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ავთო ცოტა კორექტულობა ხომ არ გაწყენდა?
ბათუმელი
14:58 14-03-2013
0
ისევ ასევ ,,რა წაართვან?!!!ანგისაზე 2 ფეხბურთის და ერთი ჰოკეის სტადიონი იყოო,ეს კიდევ 1974 წლიდანნ,,ტრადიციულად,,,და არასდროს დინამოს ბაზაც არ ყოფილააა,,ამიტომაც უამრავ ცარიელ ადგილზე ააშენოს ვისაც უნდაა,,ძველი კი მეპატრონეებს დაუბრუნოონ,,,რაგბმა რო წაიღო ეს სტადიონები მაშინ რატო არაფერს იძახოდით???გამოვიდა ჭკვიანი სიტყვით!!!!!
avtobatumi
09:43 14-03-2013
0

სიახლეები პოპულარული