TimeLine: სამაგალითო სწავლა და სპორტი ამერიკაში

AutoSharing Option
ამერიკის საელჩოს ეგიდით საქართველოდან რამდენიმეკაციანი ჯგუფი ამერიკაში იმყოფებოდა, სადაც NBA-ს თამაშსაც დაესწრო და იქაური სწავლა-წვრთნის სისტემასაც გაეცნო.

ჯგუფში იყო საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ტომარაძე, რომელიც დეტალურად გაეცნო ამერიკულ სისტემას და ჩვენც საინტერესოდ მოგვითხრო.

ეს პუბლიკაცია სპორტის სამინისტროშიც უნდა წაიკითხონ, განათლების სამინისტროშიც და დროულად უნდა შეიტანონ ძირეული ცვლილებები ბავშვთა სწავლა-აღზრდის სისტემაში. რატომ? წაიკითხეთ ირაკლი ტომარაძის მონათხრობი და თავადაც გაგიჩნდებათ რეფორმების გატარების სურვილი.

- ამერიკაში სწავლისა და წვრთნის სისტემა იდეალურია. მისი საქართველოში გადმოღება ვერ მოხერხდება, თუმცა გარკვეული დეტალების გადმოქართულება შესაძლებელია.
დავიწყოთ იქიდან, რომ "ჰაი სქულები" კერძო საკუთრებაა, მათ გამოცდილი მენეჯერები მართავენ და ისეა აწყობილი, თავადაც დიდ მოგებას ნახულობს და ბავშვიც მაღალი დონის პროფესიონალად ყალიბდება.

- კერძო სასწავლებელში განათლების მიღება საშუალოდ რა ჯდება?
- რამდენიმე სკოლაში ვიყავი, ერთში წელიწადში 50 ათასი დოლარი იყო გადასახდელი, მეორეში - 150 ათასი...

- გამოდის, ყველას არ ხელეწიფება განათლების მიღება.
- საქმე მთლად ასე არ არის. მშობლებმა იციან, რომ შვილის განათლება, მომავალში დიდ ფულად შემოსავალს ნიშნავს. ამიტომ, წლების განმავლობაში დაზოგილი თანხით ასწავლიან შვილებს. ვინც ამას ვერ ახერხებს, სკოლებში სწავლის პარალელურად მუშაობს, სხვადასხვა ტიპის სამუშაოს ასრულებს და ამით გამოიმუშავებს სწავლის საფასურს. თუ ძლიერი მოსწავლეა, გადასახადი უმცირდება, ან საერთოდ უუქმდება, ისევე, როგორც კარგ სპორტსმენს.

- ვთქვათ, მოწაფეს კალათბურთელობა სურს, პროფესიონალი მწვრთნელები სკოლაშივე ავარჯიშებენ?
- რა თქმა უნდა. საქართველოში ბევრია ბავშვი, კალათბურთის სათამაშოდ, თუ სასწავლებლად შორ მანძილზე რომ დადის. დღეში გზაში რამდენიმე საათს ატარებს, რაც უქმად დაკარგული დროა.

ამერიკაში დროს ასე არავინ კარგავს - საჭირო საგნების გარდა, კალათბურთსაც სკოლაში ასწავლიან, მატჩისთვის მომზადებასაც, ცალკე გაკვეთილები ტრავმების პრევენციას და სპორტსმენის კვებას ეთმობა. რაც მთავარია, ზედმეტად არავინ იტვირთება, 6-7 გაკვეთილი ერთ დღესაც არა აქვთ.

ვთქვათ, სამი გაკვეთილის შემდეგ სპორტსმენი დარბაზში შედის, შემდეგ ისევ მერხს უბრუნდება...

შუადღეს სასადილო დარბაზში შედის, სადაც საკვების ყველა სახეობაა, თუმცა უაზროდ არავინ არაფერს გეახლებათ - მაგალითად, სპორტსმენებმა იციან, როდის რა ტიპის საკვები უნდა მიიღონ.

- ტრავმების პრევენცია, კვების ჰიგიენა ცალ-ცალკე გაკვეთილებია?
- თუ მოსწავლე სპორტის მიმართულებას ირჩევს, მან აუცილებლად უნდა ისწავლოს გარკვეული საგნები. მათ შორის, ისინი, ზემოთ რომ ჩამოვთვალე. არის კიდევ არაერთი სავალდებულო, თუმცა საინტერესო გაკვეთილი, მაგალითად, ფსიქოლოგია. ფსიქოლოგი მოზარდებს ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს. მაგალითად, როგორ აკონტროლონ თავი მოედანზე, ან როგორ მოემზადონ მატჩისთვის. ეს ყველაფერი მათ ჩვევაში გადადის და უნივერსიტეტის გუნდებში უკვე პროფესიონალებად მიდიან.

- ქართული სკოლებისგან განსხვავებით, დარბაზების ნაკლებობა და საშხაპის გაუმართაობის პრობლემა არ იქნება...
- სკოლაში, რომელშიც წლიური გადასახადი 50 ათასი დოლარი იყო, სამი დარბაზია (გარე მოედნები არ იგულისხმება). დავესწარით საკალათბურთო ვარჯიშებს, რომლის დაწყებამდე მწვრთნელებმა რამდენიმე ჩამოკეცილი ფარი ღილაკის ერთი მიჭერით გამართეს და 3 დარბაზში ერთბაშად 30-მა ფარმა მოიყარა თავი. ასე რომ, მწვრთნელებს ერთიანად რამდენიმე კლასის მიღება შეუძლიათ ისე, რომ ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან.

- ვინც სპორტზე არ დადის, სხვა მიმართულების არჩევის საშუალება ექნება...
- სწავლის პარალელურად მოზარდი ან სპორტით უნდა იყოს დაკავებული, ან რომელიმე კულტურული საქმე შეარჩიოს. ეს ყველაფერი თავს სკოლებს შორის შეჯიბრებებისას იჩენს: კალათბურთელი მოედანზე რომ გადის, მას ტრიბუნიდან მედოლეთა, ან მესაყვირეთა გუნდი ამხნევებს, რეჟისორები სიმღერებს წერენ საკუთარ გუნდზე, შესვენებებისას მოცეკვავეები გამოდიან მოედანზე. ასე იკვრება ერთ გუნდად მთელი სკოლა.

- სასწავლო პროცესს თუ დაესწარით?
- რამდენიმე გაკვეთილზე ვიყავით. სწავლის მეთოდიც განსხვავებული აქვთ - ბავშვმა შეიძლება წამოისროლოს რამე სულელური ფრაზა, თუმცა პედაგოგი უმალ არ გააჩუმებს, მის ახსნა-დასაბუთებას მოსთხოვს.

ისტორიის მასწავლებელმა ჩვენი თანდასწრებით საინტერესო ამბავი გაიხსენა: სტალინს უთხრეს - ჩვენთან, ამერიკაში, თუნდაც ჯორჯ ვაშინგტონზე ცუდი რამ თქვა, არავინ არაფერს გეტყვის, აშშ-ში ხომ ნამდვილი დემოკრატიააო. სტალინმა უპასუხა: თუ დემოკრატია ასე იზომება, ჩვენთან, საბჭოეთში უკეთესი დემოკრატია ყოფილა - ვაშინგტონზე ორჯერ უარესის თქმაც არ იკრძალებაო.

სხვათა შორის, ამერიკაში მასწავლებლების საკითხი იდეალურადაა: ყველას თავისი მენეჯერი ჰყავს და საკუთარი ღირებულება აქვს.

სკოლიდან სკოლაში გადასვლის საკითხებს სწორედ მენეჯერები აგვარებენ. რაც უფრო მეტად გაიზრდები როგორც პედაგოგი, მით უფრო მატულობს შენი ფასი.

- გამოდის, რომ აშშ-ში მცირე ნიჭსა და მონდომებას თუ გამოიჩენ, ცხოვრებაში შენს გზას აუცილებლად იპოვი. თუნდაც კალათბურთის მაგალითი ავიღოთ: ოდნავი ნიჭი რომ აღმოგაჩნდეს, არ დაიკარგები, რაც საქართველოში დიდი პრობლემაა.
- მხოლოდ "ჰაი სქულების" მაგალითზე ვისაუბრეთ. ტალანტების შერჩევა გაცილებით ადრეული ასაკიდან იწყება. ეს მეთოდი ლიტვაში რამდენიმე წლის წინათ გადაიღეს.

ამერიკაში ჩემთან ერთად იმყოფებოდა ლიტველი მწვრთნელი, რომელმაც მითხრა, რომ ბავშვების შერჩევა ბაღიდან იწყება: სხვადასხვა ძლიერ სკოლებს (საბონისის, მარჩულიონისის აკადემიებს...) ბაღები განაწილებული აქვთ, მიდიან, ბავშვებს კალათბურთს ათამაშებენ, რომ სპორტის ეს სახეობა შეაყვარონ და ნიჭიერი პატარა შემდეგში თავის სკოლაში ჩაირიცხოს და არა კონკურენტში...

ირაკლი ტომარაძემ ლიტველი მწვრთნელის მიერ გამოგზავნილი ვიდეოც მანახა: ბაღების ჩემპიონატი! პატარები ბურთს ხალისით დასდევენ, გარბენებს არავინ უფიქსირებს და დაბალ კალათში თვალებგაბრწყინებულები ისვრიან. უნდა ნახოთ, რა დასწრება აქვს ამ ღონისძიებას - მშობლები პლაკატებითა და საყვირებით ქომაგობენ გუნდებს. ისინიც ერთობიან.

ამის შემდეგ, ალბათ, არავის გაუკვიდრება, ლიტვის ნაკრები ევროპის ჩემპიონი რომ გახდეს. სხვათა შორის, 2013 წელს სულ ცოტა დააკლდა - ფინალში საფრანგეთთან დამარცხდა. აშშ? - ამერიკა 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი ფრენა-ფრენით გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გეთანხმები.
ddgfdf
23:30 19-10-2019
0
სწავლის ფასი გაიზრდება საქართველოში და ეს იქნება ვითომ "გადმოქართულება" ამერიკული "სიკეთეების" !ხარისხზე ლაპარაკი მხოლოდ ოპერაციის წინ გაკეთებული გამაყუჩებელის როლს თამაშობს მხოლოდ.
gulshematkivari
21:52 22-02-2015
0

სიახლეები პოპულარული