ხუთი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობდა პალეოხორას (საბერძნეთი) საერთაშორისო ტურნირში, რომელიც გუშინ დამთავრდა. ბოლო ტურში მალხაზ სულაშვილმა ქალებში ევროპის ორგზის ჩემპიონ კატერინა ლახნოსთან წააგო. ბელა ხოტენაშვილმა და ნინო ბაციაშვილმა, შესაბამისად, ამერიკელი რავენ სტარტი და ბერძენი ათანასიოს პაპადიმიტრიუ დაამარცხეს, ანა გავაშელმა და ალექსანდრა ვახანიამ კი რუს გენადი ვასილიევსა და მასპინძელ ესტეფანოს ლინოსს დააყრევინეს ფარ-ხმალი.
ტურნირში 7,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და 2200 ევრო ერგო უკრაინელ იური კროვორუჩკოს, რომელიც ბოლო ტურში ელადელ ხრისტოს ბანიკასს დაუზავდა. მართალია, ამდენივე ქულა მოაგროვეს გამარჯვებულის თანამემამულე ალექსანდრ ზუბარევმა და
მოლდაველმა დმიტრი სვეტუშკინმა, მაგრამ უარესი კოეფიციენტით მათ მეორე-მესამე ადგილები გაინაწილეს და, შესაბამისად, 1500 და 1000 ევროც დაიმსახურეს.
ქართველთა მონაგარი ასეთია: 20. ბელა ხოტენაშვილი (6,5), 24. ნინო ბაციაშვილი (6,5), 28. მალხაზ სულაშვილი (6), 38. ანა გავაშელი (6), 49. ალა ვახანია (5,5).
ტურნირზე ქალბატონებისთვის ცალკე იყო გამოყოფილლ სამი ფულადი პრიზი. ისინი ასე განაწილდა: კატერინა ლახნო _ 500, ბელა ხოტენაშვილი _ 300 და ნინო ბაციაშვილი _ 200 ევრო.