ხანჩჟოუში ევროპა და აზია დაზავდნენ

AutoSharing Option
ხუთი შესაძლებლიდან 4 ქულა - ასეთი შედეგით ლიდერობს ხანჩჟოუში მოჭადრაკე ქალთა სუპერტურნირს ჩინელი ძიუ ვენძიუნი, რომელიც გუშინ თეთრი ფიგურებით ნადეჟდა კოსინცევას დაუზავდა.

ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი)-ნანა ძაგნიძე (საქართველო), ანა ზატონსკიხი (აშშ)-ჩჟაო სიუ (ჩინეთი). ორგზის ევროპის ჩემპიონმა ტატიანა კოსინცევამ (რუსეთი) მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს - ჰოუ იფანს (ჩინეთი) აჯობა, ხოლო მსოფლიოს ექსჩემპიონმა ჟუ ჩენმა (ყატარი) ფრანგ მარი სებაგს მოუგო.

ფაქტობრივად, გუშინ ევროპისა და აზიის საუკეთესო დიდოსტატი ქალები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს (მერე რა, რომ ზატონსკიხი ამერიკის სახელით გამოდის, იგი ხომ წარმოშობით უკრაინელია
და წლების განმავლობაში ამ ქვეყნის სპორტულ ღირსებას იცავდა) და ორი კონტინენტის რჩეულ მოჭადრაკე მანდილოსანთა პაექრობა ფრედ (2,5:2,5) დამთავრდა.

სატურნირო მდგომარეობა ხუთი ტურის შემდეგ: ვენძიუნი - 4, დები - ნადეჟდა და ტატიანა კოსინცევები - 3-3, დრონავალი, ჰოუ იფანი, ჩჟაო სიუ-2,5-2,5, ძაგნიძე, სებაგი, ჟუ ჩენი - 2-2, ზატონსკიხი - 1,5 ქულა.

დღეს მოჭადრაკეები დაისვენებენ. ხვალ მე-6 ტურში ითამაშებენ: ძაგნიძე-ჩჟაო სიუ, ნ. კოსინცევა-ზატონსკიხი, ჰოუ იფანი-ვენძიუნი, სებაგი-ტ. კოსინცევა, დრონავალი-ჟუ ჩენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული