შეგირდებმა ოსტატი მოინახულეს

AutoSharing Option
საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ვალიკო ურიდიას შინ ვესტუმრე _ ინსბრუკელი სტუმარი მყავსო, მითხრა და 12 წლის ვახტანგ ნაგლერი გამაცნო. ავსტრიელი ყმაწვილი ჭადრაკითაა გატაცებული და ბატონი ვალიკო მეშვიდე წელიწადია, ავარჯიშებს. ორიოდე თვის წინათ გაუწყეთ შეგირდისა და ოსტატის ურთიერთობაზე. ახლა კი გეტყვით, რომ ვახტანგის დედა _ ნატალია ბაგინსკაია თბილისში დაბადებულ-გაზრდილია (დედა ქართველი ჰყავს, ხოფერიას ქალი). გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ნელი სალაძესთან ვარჯიშობდა მხატვრულ ტანვარჯიშში. სარბიელზე ისეთ აღიარებულ სპორტსმენებთან ერთად გამოდიოდა, როგორებიც იყვნენ მსოფლის ჩემპიონები ირინე გაბაშვილი და ლალი დოლიძე, ევროპის ჩემპიონი ირინა ჟემჩუჟინა,
მაია ნადიბაიძე, ინგა სააკაშვილი, მარინე მორბედაძე, ნანა ფოცხიშვილი და სხვები. ფიზკულტურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თავად აფრთიანებდა მოზარდებს. 1992 წელს ერთ-ერთ შეჯიბრებაზე ავსტრიელი ველომრბოლი, ტურ დე ფრანსის მონაწილე პეტერ ნაგლერი გაიცნო და ბედიც მას დაუკავშირა. ვაჟიშვილი ვახტანგი რაც წამოიზარდა, ყოველ ზაფხულს თბილისში ჩამოდის დასასვენელად და ჭადრაკში სავარჯიშოდ. ახლაც ამ მიზნით ეწვია საქართველოს დედაქალსქ დედასთან ერთად, რომელიც ინსბრუკში მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთნელად მუშაობს. უმცროსი ნაგლერი თანდათან იმაღლებს ჭადრაკში ოსტატობას. თანატოლებში იგი რეიტინგით მეორეა სამშობლოში ქენი ლიაოს შემდეგ. შარშან პირველად ითამაშა ავსტრიის პირველობაზე.

_ ჩვენთან ჭადრაკი პოპულარული არ არის, _ მითხრა ქალბატონმა ნატალიამ. _ მხოლოდ შარშან გაიხსნა საჭადრაკო სკოლა. ამიტომ ვახტანგს ოსტატობის ამაღლებაში ბატონი ვალიკო ეხმარება, რომლის დიდი მადლობელი ვართ. წლეულს ბათუმი სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობას უმასპინძლებს. გადაწყვეტილი გვაქვს აუცილებლად ვიასპარეზოთ.

მწვრთნელი კმაყოფილებით შეხვდა ნაგლერების გადაწყვეტილებას _ ვახტანგი ნიჭიერი ყმაწვილია, კარგი აბსტრაქტული აზროვნებით გამოირჩევა, სისტემატურად თუ ივარჯიშებს, მისგან კარგი მოჭადრაკე დადგებაო, მითხრა.

მასპინძლებთან გამომშვიდობებისას ოთახში კიდევ ერთი სტუმარი შემოვიდა _ ვალიკო ურიდიას გაზრდილი დიდოსტატი დავით ბარამიძე, რომელიც რამდენიმე წელიწადია გერმანიაში ცხოვრობს. მასთან ინტერვიუს `ლელოს~ მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული