ბაადურ ჯობავა მსოფლიოს თასის საგზურსა და 1200 ევროს დაყაბულდა

AutoSharing Option
ბულგარულ პლოვდივში დასრულდა მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-13 ჩემპიონატი. გამარჯვებულის ვინაობა ბოლო, მე-11 ტურს უნდა დაესახელებინა.

ოქროს მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა ფრანგ ლორენ ფრესინეს, რომელიც 10 შესაძლებლიდან 8 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობდა.

გადამწყვეტი პარტია მან შავი ფიგურებით რუს დმიტრი იანკოვენკოსთან წააგო და ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმაც 8,5 ქულით ჩემპიონობა გაინაღდა.

საგულისხმოა, რომ იგი მე-4 მოჭადრაკეა ევგენი ტომაშევსკის (2009), იან ნეპომნიაშჩის (2010) და ვლადიმირ პოტკინის (2011) შემდეგ, ვინც თავის ქვეყანას კონტინენტის უმაღლესი ჯილდო მოუტანა.

ბოლო ტურში ყაიმზე შეთანხმდნენ: ვიქტორ ბოლოგანი (მოლდოვა) - ვლადიმირ მალახოვი
(რუსეთი), ერნესტო ინარკიევი (რუსეთი) - ფრანცისკო ვალეხო (ესპანეთი), დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) - ანდრეი ვოლოკიტინი (უკრაინა), სერგეი აზაროვი (ბელარუსი) - მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი). ყველა ამ მოჭადრაკემ ფრესინეს მსგავსად 8-8 ქულას მოუყარა თავი. უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით ფრანგმა პირველად მოიპოვა ვერცხლის მედალი; მესამე ადგილზე გასული მალახოვი 2003 და 2009 წლების ევროპის ჩემპიონატების მეორე პრიზიორია; იაკოვენკო კი 2007 წლის პირველობის ბრინჯაოსმედალოსანია.

პლოვდივში, მოგეხსენებათ, 9 ქართველი მოჭადრაკეც მონაწილეობდა. გაუწყებთ მათ ბოლო ტურის შეხვედრათა ანგარიშებსა და საბოლოო შედეგებს რეიტინგების ჩვენებით:

დენის ხისმატულინი (რუსეთი) - ბაადურ ჯობავა 0,5:0,5, დავიდ ნავარა (ჩეხეთი) - მიხეილ მჭედლიშვილი 0,5:0,5, დიტერ-ლივიუ ნისიპეანუ (რუმინეთი) - შოთა აზალაძე 1:0, ლევან ფანცულაია - მარიან იურჩიკი (სლოვაკეთი) 0,5:0,5, თამირ ნაბათი (ისრაელი) - დავით ლომსაძე 1:0, ალექსანდრ ბელიავსკი (სლოვენია) - გაიოზ ნიგალიძე 1:0, ევგენია ოვოდი (რუსეთი) - დავით ბენიძე 0,5:0,5, ლუკა პაიჭაძე - სოტირიოს მალიკენზოსი (საბერძნეთი) 1:0, გიორგი ხელაია - კონსტანტინოს მიჰოპულოსი (საბერძნეთი) 0:1.

11 ტურის შემდეგ: 23. ბაადურ ჯობავა (7,5 ქულა. რეიტინგს - 2706-ს - მხოლოდ 3,6 პუნქტი შემატა), 48. მიხეილ მჭედლიშვილი (7 ქ, 2626+5,5), 67. შოთა აზალაძე (6,5 ქ, 2419+34,4), 101. ლუკა პაიჭაძე (6 ქ, 2491+14,7), 103. ლევან ფანცულაია (6 ქ, 2595+2,2), 155. დავით ლომსაძე (5,5 ქ, 2338+34,6), 175. დავით ბენიძე (5,5 ქ, 2530-2,3), 207. გაიოზ ნიგალიძე (5 ქ, 2472+2,6), 339. გიორგი ხელაია (2,5 ქ, 2080-20,8 პუნქტი).

ტურნირის გამარჯვებულმა იაკოვენკომ 14 ათასი ევრო დაიმსახურა, მეორე-მესამეადგილოსნებს - ფრესინესა და მალახოვს, შესაბამისად, 11 და 9 ათასი ევრო ერგოთ.

ბაადურ ჯობავა, რომელსაც 23-ე ადგილი ხვდა, მსოფლიოს თასის საგზურითა (ჩემპიონატის მონაწილე სწორედ 23-მა მოჭადრაკემ დაიმსახურა მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება) და 1200 ევროთი დაკმაყოფილდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული