ქართველი მოჭადრაკეები გვერდიგვერდ ჩიკაგოს ტურნირში

AutoSharing Option
ჩიკაგოში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის VI ტურში თამაზ გელაშვილი თურქმენ მესგენ ამანოვს დაუზავდა, ხოლო გიორგი ყაჭეიშვილი ამერიკელ ალეხანდრო რამირესს შეუთანხმდა ყაიმზე.

ახლა ორივე ჩვენებური 4,5-4,5 ქულით VI-VII ადგილებს ინაწილებს. ამდენიმე ქულით მეხუთეა ინგლისელი მაიკლ ადამსი.

5-5 ქულით I-IV ადგილებზე არიან გაბრიელ სარგისიანი (სომხეთი), რობერტ ჰესი (აშშ), მილოშ პერუნოვიჩი (სერბეთი) და ვიქტორ მიხალევსკი (ისრაელი). სარგისიანმა და მიხალევსკიმ, შესაბამისად, ალექსანდრ შაბალოვი (აშშ) და ივან ივანიშევიჩი (სერბეთი) დაამარცხეს, ხოლო ჰესმა და პერუნოვიჩმა ქულა ერთმანეთში გაიყვეს.

წარმატებას მიაღწიეს დიდოსტატმა მიხეილ კეკელიძემ (რუს ალექსანდრ კრეჩეტოვს მოუგო)
და საერთაშორისო ოსტატმა ნიკოლოზ მანაგაძემ (ამერიკელ რობი ადამსონს გააჩერებინა საათი), რომლებსაც 6 ტურის შემდეგ 4-4 ქულა აქვთ.

VII ტურში ჩვენებურები ასე დაწყვილდნენ: თამაზ გელაშვილი - ნიკოლ მიტკოვი (მაკედონია), გიორგი ყაჭეიშვილი - მაიკლ ადამსი, მიხეილ კეკელიძე - ვარუშან აკობიანი (აშშ), ნიკოლოზ მანაგაძე - ალექსანდრ შაბალოვი (აშშ).

* * *
თბილისის ჭადრაკის სასახლეში თავი მოიყარეს 2012 წლის უნივერსიადის მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების ბრძენთა თამაშის მოყვარულებმა.

გოგონებში ყველას გორის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნათია ჯალაბაძემ აჯობა. მას მცირედით ჩამორჩა სალომე ხაჟომია (სტუ). ნინო კეკელიძემ (აგრარული უნივერსიტეტი) მესამე ადგილი დაიკავა.

ვაჟთა შორის დაძაბულ პაექრობაში ნიკა პაიჭაძემ (სტუ) იმარჯვა. მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, რომან ჩიტაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და დიმიტრი კვარაცხელია (თსუ) გავიდნენ.

* * *

ბულგარულ ალბენაში 28 მაისს მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ქართველთაგან კარგად ითამაშა ალექსანდრე ყაშაშვილმა, რომელმაც თეთრი ფიგურებით ქალთა 2006 წლის ევროპის ჩემპიონი ეკატერინა ატალიკი (თურქეთი) დაამარცხა.

წარმატებას მიაღწია აკაკი შალამბერიძემაც - ბულგარელ დეიან ნინოვს აჯობა. თანამემამულეებს, სამწუხაროდ, მხარი ვერ აუბეს თამაზ მგელაძემ და ვახტანგ ჩიქოვანმა, რომლებმაც თეთრებით, შესაბამისად, ემანუელ შეინდორფთან (შვეიცარია) და რაფაელ გუნაჯისთან (პოლონეთი) წააგეს.

ორქულიანი ლიდერების ჯგუფიდან გათამაშების ცხრილში მესამე გამარჯვება ჩაიწერეს ივან ჩეპარინოვმა (ბულგარეთი), ჰრანტ მელქუმიანმა (სომხეთი), ჰანს ტიკანენმა (შვედეთი), მომჩილ ნიკოლოვმა (ბულგარეთი) და პონტუს კარლსონმა (შვედეთი).

29 მაისს მე-4 ტურში ქართველები ასევ დაწყვილდნენ: დეშენ სიუ (ჩინეთი)-ყაშაშვილი, არგიადიფ დასი (ინდოეთი)-შალამბერიძე, მატიას ვილი (გერმანია)-მგელაძე, დოჩო ივანოვი (ბულგარეთი)-ჩიქოვანი. მეწინავეთა ჯგუფში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: კარლსონი-ჩეპარინოვი, მელქუმიანი-ტიკანენი, აკოფიანი-ნიკოლოვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული