1 სექტემბერს საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებმა გუნდებმა თავიანთი შეხვედრები ფრედ დაამთავრეს; სამაგიეროდ, რუსებმა მოიგეს და გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცნენ.
ბევრს, ალბათ, ახსოვს 2008 წლის დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადა. მაშინ ქართველი ქალები და წინა ოლიმპიადის გამარჯვებული უკრაინელები ფინიშთან ერთნაირი ქულებით ისე მივიდნენ, რომ ერთმანეთს არ შეხვედრიან. დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონობა ჩვენებმა მოიპოვეს.
აი, სტამბულში კი წილისყრამ ეს გუნდები მე-5 ტურში დააპირისპირა ერთმანეთს. სარეიტინგო მაჩვენებლებით ქართველი
პირველ-მესამე დაფებზე ნანა ძაგნიძე (2547) ორგზის ევროპის ჩემპიონ კატერინა ლაგნოს (2542) დაუზავდა, ბელა ხოტენაშვილი (2509) - მარია მუზიჩუკს (2466), ლელა ჯავახიშვილი (2458) ანა უშენინას (2433) შეუთანხმდა ყაიმზე. მატჩის ბედი ინა იანოვსკას (2404) და ნინო ხურციძის პარტიას უნდა გადაეწყვიტა.
კარგა ხანს ისეთი პოზიცია იყო დაფაზე, რომ ხიფათი არც ერთ მხარეს არ ემუქრებოდა, თუმცა იყო მომენტები, როცა პოზიციური უპირატესობა ხურციძეს ჰქონდა. თეთრებით მოთამაშე უკრაინელმა 45-ე ეc5 სვლით (სხვა უკეთესი სვლა არც ჰქონდა) მეტოქეს პარტიის მოგების შანსი მისცა:
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა მოგების მორიგი შანსი არ გაუშვეს ხელიდან და თანალიდერი საფრანგეთის დამარცხებით - 2,5:1,5 (ტატიანა კოსინცევა - ელმირა სკრიპჩენკო 0,5:0,5, სოფი მილიე - ვალენტინა გუნინა 1:0, ნადეჟდა კოსინცევა - ნინო მაისურაძე 1:0, ანდრეა ბოლენგიერი - ალექსანდრა კოსტენიუკი 0:1) გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგნენ სათავეში.
ტურნირის რეიტინგფავორიტმა ჩინეთმა ინდოეთს 3,5:0,3 მოუგო (ჰოუ იფანი - ჰარიკა დრონავალი 0,5:0,5, ეიშა სანია კარავადე - ჟაო სიუ 0:1, ცზიუ ვენძიუნი - ტანია საჩდევი 1:0, ან მარი გომესი - ჰუან ქიანი 0:1).
დანარჩენი შეხვედრები კი ასე დამთავრდა: სერბეთი - ბულგარეთი 2,5:1,5, საბერძნეთი - პოლონეთი 1,5:2,5, ლატვია - სლოვაკეთი 1,5:2,5, ვიეტნამი - აშშ 3:1, მოლდოვა - უნგრეთი 0,5:3,5, სლოვენია - ისრაელი 2:2.
სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ: რუსეთი - 10 (გუნდის წევრთა საერთო მონაგარი 16,5 ქულა), ჩინეთი - 9 (16,5), სერბეთი - 9 (16), პოლონეთი - 9 (15,5), სლოვაკეთი - 9 (13), უკრაინა - 8 (15), საქართველო - 8 (16). ჩვენ შემდეგ კიდევ 8 ქვეყანას აქვს 8-8 ქულა.
საქართველოს ვაჟთა ნაკრები ვიეტნამის გუნდს შეხვდა. აქაც ყველა პარტია ყაიმით დამთავრდა. დაზავდნენ: მიხეილ მჭედლიშვილი - ლე ქუანგ ლიემი, სონ ნგუენი - მერაბ გაგუნაშვილი, ლევან ფანცულაია - ჰოა ნგუენი, ჰაი დაო - კონსტანტინე შანავა. რუსებმა 2,5:1,5 უნგრელებს სძლიეს. ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს გამარჯვების ქულა მე-2 დაფაზე ალექსანდრ გრიშჩუკმა მოუტანა ზოლტან ალმაშის დამარცხებით.
ყაიმზე შეთანხმდნენ პეტერ ლეკო - ვლადიმირ კრამნიკი, იუდით პოლგარი - სერგეი კარიაკინი, ევგენი ტომაშევსკი - შაბა ბალოგი. სომხებმა მსგავსი ანგარიშით წინა ოლიმპიადის ჩემპიონებს - უკრაინელებს მოუგეს.
პირველ დაფაზე ლევონ არონიანმა (2816) ვასილი ივანჩუკს (2769) აჯობა, ხოლო რუსლან პონომარიოვი - სერგეი მოვსესიანი, ვლადიმირ აკოფიანი - ანდრეი ვოლოკიტინი, პაველ ელიანოვი - გაბრიელ მოვსესიანი მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს. დანარჩენი შეხვედრები: გერმანია - ჩერნოგორია 2:2, ხორვატია - საფრანგეთი 2,5:1,5, აშშ - ჩეხეთი 2:2, კანადა - აზერბაიჯანი 0,5:3,5, ინდოეთი - ინგლისი (ინდოელთა შემადგენლობაში არ თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი), პოლონეთი - არგენტინა 2,5:1,5, ჩინეთი - ირანი 3,5:0,5, ესპანეთი - პარაგვაი 3,5:0,5.
ხუთი ტურის შემდეგ: სომხეთი - 10 (14,5), რუსეთი - 10 (14,5), აზერბაიჯანი - 9 (16,5), ხორვატია - 9 (13), ჩინეთი - 8 (14,5), უკრაინა - 8 (14), გერმანია - 8 (14), ინდოეთი - 8 (14), აშშ - 8 (15), უნგრეთი - 8 (13), ფილიპინები - 8 (15). საქართველოს 7 ქულით 30-ე ადგილი უკავია.
საჩემპიონო შანსებზე ჯერ ნაადრევია ლაპარაკი, რადგან ფავორიტები, ფაქტობრივად, აწი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. წინ კი კიდევ 6 ტურია სათამაშო. 2 სექტემბერს, როგორც აღვნიშნეთ, მოასპარეზენი ისვენებდნენ. დღეს, 3 სექტემბერს, მე-6 ტურის პარტიები გაიმართება.
ქალები. ჩინეთი - რუსეთი, პოლონეთი - სერბეთი, სლოვაკეთი - საქართველო, უნგრეთი - ესპანეთი, უკრაინა - აზერბაიჯანი, საფრანგეთი - ფილიპინები, ჩეხეთი - ვიეტნამი, ჩერნოგორია - ესტონეთი.
ვაჟები. რუსეთი - სომხეთი, აზერბაიჯანი - ხორვატია, გერმანია - აშშ, ჩეხეთი - ესპანეთი, ბოსნია - ჩინეთი, უნგრეთი - პოლონეთი, ინგლისი - იტალია, ჩერნოგორია - უკრაინა... კოლუმბია - საქართველო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"