მაჟორული ფინიში ქართველი მოჭადრაკეებისათვის იზმირში

AutoSharing Option
ქართველ მოჭადრაკეთა უმრავლესობისთვის იზმირის (თურქეთი) საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10 250 დოლარი) ბოლო ტური წარმატებული აღმოჩნდა. განსაკუთრებით, ბაჩანა მორჩიაშვილისა და გიგა ყუფარაძის გამარჯვებები უნდა აღინიშნოს.

ფინიშის სწორზე 6,5-6,5 ქულით ერთბაშად 9 მოჭადრაკე ინარჩუნებდა პირველ ადგილზე გასვლის შანსს. მათგან შედეგიანად მხოლოდ სამმა დაასრულა პარტია: მორჩიაშვილმა შავი ფიგურებით ივან როზუმი დაამარცხა, ყუფარაძემ თეთრებით ივან პოპოვს სძლია, ნაზარ ფირმანმა (უკრაინა) ჰანძარ ოდეევს აჯობა. სამივემ 7,5-7,5 ქულას მოუყარა თავი.

უკეთესი კოეფიციენტით პირველობა და 2000 დოლარი ფირმანს ხვდა. მეორე ადგილზე (1500 დოლარი) მორჩიაშვილი გავიდა, რომელმაც
რეიტინგი ერთბაშად 31 პუნქტით გაიმდიდრა. მესამე ადგილი და 17 პუნქტი გიგა ყუფარაძეს (1000 დოლარი) ერგო.

ჩვენებურთაგან ფინიშზე სხვა მოჭადრაკეებმაც გამოიჩინეს თავი: არმენ გრიგორიევი - დავით მაღალაშვილი 0:1, ფეტი ეფეიდინი - ზურაბ ჯავახაძე 0:1, კონსტანტინე შანავა - სერხან გუდერი 1:0, კირილ სტუპაკი - ივერი ჭიღლაძე 1:0, შოთა აზალაძე - მარიამ ჭოლაძე 1:0.

ცხრა მოჭადრაკემ, მათ შორის - მაღალაშვილმა და ჯავახაძემ, 9-9 ქულა მოაგროვეს. ამის მიუხედავად, დათომ რეიტინგში შვიდი პუნქტი დაკარგა; ხოლო ზურაბმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინათ სტამბულში, ფიდეს კონგრესზე საერთაშორისო ოსტატობა მიენიჭა, მონაგარი ერთი პუნქტით გაიმდიდრა. კონსტანტინე შანავა - 6,5 (-14 პუნქტი), შოთა აზალაძე - 6 (-12), არმენ გრიგორიევი - 6 (+10), ალექსანდრე ებრალიძე - 6 (0), ივერი ჭიღლაძე - 5,5 (-7), მარიამ ჭოლაძე - 5,5 (+11) ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული