გერმანულ ბად-ვისზეში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი წარმატებით განვლო ქართველმა დიდოსტატმა მაია ლომინეიშვილმა, რომელიც ორი დეკემბრიდან ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმება. შეჯიბრებაში სხვადასხვა ქვეყნის 462 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ბოლო ტურში ლომინეიშვილმა რეინერ ჰეიმრატი (გერმანია) დაამარცხა და ცხრა შესაძლებლიდან 6,5 ქულით ქალებში პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენებურს ნახევარი ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილს დასჯერდა უკრაინელი ნატალია ზდებსკაია.
ბად-ვისზეს ტურნირის ფინიშზე მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ალექსანდრ ხალიფმანმა (რუსეთი) ქულა გაიყო დანიელ ფრიდმანთან (გერმანია). ასევე, დაზავდნენ იგორ ხენკინი (გერმანია) და ვიორელ იორდაჩესკუ (რუმინეთი). სერგეი აზაროვმა (ბელარუსი) ილია შნეიდერს (გერმანია) სძლია,
ჩანდა სანდიპანმა (ინდოეთი) ანდრეი ჟიგალკოს (ბელარუსი) მოუგო. ამდენად, 7,5-7,5 ქულით პირველი-მეხუთე ადგილები, შესაბამისად, ხალიფმანმა, ფრიდმანმა, აზაროვმა, სანდიპანმა და ხენკინმა გაინაწილეს.
ტურნირის დამთავრების შემდეგ ლომინეიშვილი მსოფლიო ჩემპონატისთვის მოსამზადებლად რამდენიმე დღით გერმანიაში დარჩა.