თურქულ ანტაკიაში გრძელდება მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი, თუმცა ჩვენთვის იგი გუშინ დამთავრდა. უკვე გაუწყეთ, რომ მეთექვსმეტედფინალში ძირითადი პარტიების შემდეგ 9 მინიმატჩი დასრულდა. ბრძოლას გამოეთიშა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე, რომელიც ჩინელ ჟაო სიუს დანებდა - 0,5:1,5. შვიდ წყვილში გამარჯვებულები გუშინდელ ტაიბრეიკებში გამოვლინდა. სოფიო ხუხაშვილმა რუს მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკთან ორივე 25-წუთიანი პარტია დათმო. ასეთივე ანგარიშით დამარცხდა ნანა ძაგნიძე 2001 წლის ევროპის ჩემპიონ ელმირა სკრიპჩენკოსთან (საფრანგეთი). არადა, მისი როგორ გვეიმედებოდა!
კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას ჩამოსცილდა ბულგარელი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა,
რომელსაც ჩინელმა ჰუან ქიანმა აჯობა - 2:0. გუშინდელი დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: კატერინა ლახნო (უკრაინა)-თრანგ თან ჰუანგი (უნგრეთი) 2:0, ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა)-ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) 1,5:0,5, ჟუ ჩენი (ყატარი)-მონიკა სოჩკო (პოლონეთი) 2:0, რუან ლუფი (ჩინეთი)-სიაოვენ ჟანი (ჩინეთი) 2:0.
მერვედფინალში ითამაშებენ:ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-რუან ლუფი (ჩინეთი), მარია მუზიჩუკი (უკრაინა)-ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), ელენა დემბო (საბერძნეთი)-ჟაო სიუ (ჩინეთი), ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი)-ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა), ჰამფი კონერუ (ინდოეთი)-ანა ზატონსკიხი (აშშ), ანა მუზიჩუკი (სლოვენია)-იუ ვენიუნი (ჩინეთი), ჰოუ იფანი (ჩინეთი)-ჟუ ჩენი (ყატარი), ჰუან ქიანი (ჩინეთი)-კატერინა ლახნო (უკრაინა).
მე-3 რაუნდის პირველი პარტიები დღეს გაიმართება.