`პეონა და პეოს~ მიწვევით

AutoSharing Option
ბოლო დროს ქართველი მოჭადრაკეები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატებში და წარმატებითაც. ამას წინათ ჩვენებურთა 12-კაციანი ჯგუფი თურქეთში იმყოფებოდა ორი კვირის განმავლობაში ქვეყნის პირველობაზე. როგორც გაცნობეთ, ლევან ფანცულაიას `ისეკმა~ მესამე ადგილი დაიკავა და ქართველმა დიდოსტატმაც დიდი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, ხოლო მესამე დაფაზე 12 შესაძლებლიდან 11,5 ქულით `ოქროსაც~ გამოჰკრა ხელი. თავიანთ დაფებზე, ასევე, პირველ ადგილებზე გავიდნენ მარიამ დანელია და მიხეილ მჭედლიშვილი, ხოლო მერაბ გაგუნაშვილსა და სოფიო გურამიშვილს ბრინჯაოს მედლები ხვდათ.

უფრო ხანგრძლივად იმყოფებოდნენ ბარსელონაში საჭადრაკო კლუბ `პეონა და პეოს~ მიწვევით საქართველოს
ჭადრაკის ფედერაციის პრესცენტრის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ოსტატი სოფიო ნიკოლაძე და ახალგაზრდა ოსტატები _ სალომე სირაძე, ირაკლი ჯანიაშვილი და ნიკა ვოლკოვი.

_ კატალონიის ჩემპიონატის I ლიგაში ვითამაშეთ, _ მითხრა სოფიკო ნიკოლაძემ. _ თითოეული გუნდის ღირსებას 10-10 მოჭადრაკე იცავდა. ქართველებს რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავიღეთ `პეონა და პეოს~ უმაღლეს დივიზიონში აღსაზევებლად. მე, მაგალითად, 9 შესაძლებლიდან 7,5 ქულა შევძინე გუნდს, ნიკამაც _ ამდენივე, ირაკლიმ _ 6 ქულა. ყველას სალომემ გვაჯობა: მან ერთი პარტია დაამთავრა ყაიმით, დანარჩენი რვა შეხვედრა კი მოიგო. ყოველივეს მიუხედავად, მე-4 ადგილს მაინც ვერ გავცდით. უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ერთი გუნდი გადადიოდა.

კატალონიაში ყოფნისას ორ-ორ საერთაშორისო ტურნირშიც ვიასპარეზეთ ედამსა და საბადელში. ვაჟებში ორივეგან ჯანიაშვილმა გაიმარჯვა, ქალებში კი სირაძემ. ესპანური ტურნეთი კმაყოფილი ვარ, რადგან რეიტინგი 50 პუნქტით გავიმდიდრე.

_ კატალონიაში ყოფნა იმითაც იყო საინტერესო, რომ მასპინძელთა დახმარებით ესპანურ და კატალონიურ ენებს ვსწავლობდით, _ ჩაერია საუბარში სალომე სირაძე. _ სოფიკომ ბარსელონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე გამოცდები ჩააბარა და სერთიფიკატიც კი აიღო. მე და ირაკლიც იმავე უნივერსიტეტში დავდიოდით კალატალონიური ენის შემსწავლელ კურსებზე. ნიკას კი, როგორც მცირეწლოვანს, პერსონალურად ამეცადინებდა მასწავლებელი.

კატალონიაში შთამბეჭდავი ექსკურსიებიც გვქონდა, დავათვალიერეთ იქაური ღირსშესანიშნაობანი. განსაკუთრებით მონსერატის სამონასტრო კომპლექსმა მოგვხიბლა, `კამპ ნოუზე~ კი `ბარსელონისა~ და `მალაგას~ მატჩს დავესწარით. ისეთი მოხიბლული დავრჩით, რომ `პეონა და პეო~ გაისადაც თუ მიგვიწვევს, სიამოვნებით ვეწვევით კატალონიას.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ხომ უმადურობის უმაღლესი გამოხატულებაა,ეს ბავშვები არც ისე პატარები არიან რომ შავი თეთრისგან ვერ გაარჩიონ.ერთხელ მაინ ეხსენებინათ მადლობის ნიშნად ანა მათნაძის სახელი
mexre
00:49 16-07-2010
0
ვულოცავ ყველას წარმატებას, მაგრამ მინდა ესპანეთის ტურნირებში მონაწილეებს შევახსენო, რომ ისინი ,,პეონა ი პეომ " კი არ მიიწვია, არამედ დიდოსტატმა ანა მათნაძემ და მათი ესპანეთში ყოფნის მთელი გრაფიკი დამუშავებული იყო ანა მათნაძის მიერ. მომავალ წელს ის მოჭადრაკეები მიიღებენ მონაწილეობას ანალოგიურ პროექტში, ვინც მოიპოვებს უფლებას შესარჩევ ტურნირში, რომელიც ჩატარდება 2011 წლის იანვარში ანა მათნაძის პატრონაჟით.
Manana
00:22 16-07-2010
0

სიახლეები პოპულარული