მეორე ფინალისტი დღეს გაირკვევა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატზე ეროვნული ოსტატის - გიგა ყუფარაძის სტარტი სენსაციური გამოდგა - პირველსავე რაუნდში მან მედლებისკენ მიმავალ გზას ჩამოაცილა ქვეყნის ჩემპიონატის შარშანდელი გამარჯვებული მერაბ გაგუნაშვილი (1,5:0,5), მერე 2009 წლის ჩემპიონი თორნიკე სანიკიძე დაამარცხა (2:0). ნახევარფინალში კი კიდევ ერთ ტიტულოვან მეტოქეს, ასევე ეროვნული ნაკრების წევრ ლევან ფანცულაიას დაუპირისპირდა.

მართალია, სამ პარტიაში მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მას და პაექრობები ყაიმით დამთავრდა, მაგრამ გუშინ გამოცდილებამ თავისი გაიტანა - დიდოსტატმა ლევან ფანცულაიამ გაიმარჯვა და ფინალში გავიდა. გადამწყვეტ მატჩში ვის შეხვდება, ამას დღეს შევიტყობთ: ეროვნულმა ოსტატმა
დავით ზარქუამ (წინა ორ რაუნდში მიხეილ მჭედლიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს აჯობა)
ლუკა პაიჭაძესთან ნახევარფინალის პირველსავე ტურში მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნა - გუშინდელ მე-4 შეხვედრაში დამარცხდა და წონასწორობა აღდგა - 2:2.

ამ წყვილში უძლიერესს დღევანდელი ტაიბრეიკები გამოავლენს: ჯერ ორი 25-წუთიანი პარტია გათამაშდება, თუ საჭირო გახდება, ბლიცებსაც ჩართავენ.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული