ნანა ძაგნიძე ბოლო ბრძოლისთვის ბაზალეთზე ემზადება

AutoSharing Option
ყატარის დედაქალაქ დოჰაში 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ფიდეს ქალთა გრანპრის ბოლო მე-6 ეტაპი გაიმართება. მთავარი პრიზისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2607), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2550), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2546), პია კრამლინგი (შვედეთი, 2516), მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2502), მარი სებაგი (საფრანგეთი, 2489), სიუ იუჰუა (ჩინეთი, 2484), ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი, 2475), ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2454), შენ იანი (ჩინეთი, 2443), ბათჰუიაგ მონგონთუული (მონგოლეთი, 2410), მარტა ფიერო (ეკვადორი).

ერთ-ერთმა რუსულმა საჭადრაკო საიტმა იჩქარა და ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი ამ ტურნირის ვადამდე
გამარჯვებულად ცნო, რაც სიმართლეს არ შეეფერება: ჩინელმა დიდოსტატმა ულანბატორში პირველი ადგილი (160) დაიკავა, ნალჩიკში - მეორე (130), ხოლო სტამბოლში მეორე-მესამე ადგილები გაიყო დანიელიანთან, რის გამოც, 120 ქულა დაიმსახურა. ამდენად, სამი ეტაპის ჯამში 410 ქულა მოაგროვა და დაწინაურდა.

მას 20 ქულით ჩამორჩება ძაგნიძე, რომელიც მე-2 ადგილზეა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონისგან განსხვავებით, იგი ყატარში იასპარეზებს, სადაც პირველ ან მეორე ადგილზე სუფთად გასვლის შემთხვევაში 160 ან 130 ქულას დაიმსახურებს, უარეს შემთხვევაში 420 ქულას (160+130+130) მოაგროვებს და პირველ ადგილზე გადაინაცვლებს. ამ შემთხვევაში მისთვის მეტოქეობის გაწევა თვით კონერუსაც არ შეუძლია, რომელიც პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში მხოლოდ 413,3 ქულას მოაგროვებს.

ნანა ძაგნიძემ საერთო ჩათვლაში ჰოუ იფანის შემდეგ მეორე ადგილიც რომ დაიკავოს, წლის მიწურულს ჩინელ დიდოსტატს მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინისთვის დაუპირისპირდება. ძაგნიძე ამჟამად ბაზალეთზე იმყოფება და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის დაფინანსებით გრანპრის ბოლო ეტაპისათვის ცნობილ სპეციალისტ მიხალჩიშინთან ემზადება, რომელიც ჩვენებურს ყატარშიც გაუწევს დახმარებას
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული