ბელა პირველია, ნინო და გიგა - მეორე

AutoSharing Option
ირანში გუშინ დამთავრდა მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც, როგორც გაუწყეთ, ქართველებიც მრავლად მონაწილეობდნენ.

A ჯგუფში გიგა ყუფარაძემ მას შემდეგ, რაც ერთპიროვნული ლიდერი - რუსი დიდოსტატი სერგეი ვოლკოვი დაამარცხა, 6,5 ქულით I ადგილზე გადაინაცვლა და გამარჯვების რეალური შანსი გაუჩნდა. გუშინ ბოლო ტურში იგი შავი ფიგურებით ჰოლანდიელ დიდოსტატ სერგეი ტოვიაკოვს დაუზავდა და 9 შესაძლებლიდან დაუმარცხებლად (5 მოგება, 4 ყაიმი) 7 ქულა მოაგროვა. ამდენივე ქულას მოუყარა თავი ბელარუსმა დიდოსტატმა ალექსეი ფედოროვმა, რომელმაც მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით აჯობა ჩვენებურს და I ადგილი დაიკავა. ყუფარაძე II
ადგილს დასჯერდა.

დანარჩენ ქართველ მოჭადრაკე ვაჟთა შედეგები ასეთია: 4. ლევან ფანცულაია (6,5), 6. დავით მაღალაშვილი (6,5), 9. დავით ზარქუა (6), 15. დავით ჯოჯუა (5,5), 16. კონსტანტინე შანავა (5,5), 17. დავით ლომსაძე (5,5), 23. მალხაზ სულაშვილი (5), 26. დავით მორჩიაშვილი (5), 27. გაიოზ ნიგალიძე (5), 30. ბაჩანა მორჩიაშვილი (5), 37. ივერი ჭიღლაძე (4,5), 38. შოთა აზალაძე (4,5), 66. გიორგი გამზარდია (3).

ქალებში ბელა ხოტენაშვილმა და ნინო ბაციაშვილმა იყოჩაღეს. მათ, ერთმანეთთან ყაიმით დამთავრებული პაექრობის გარდა, ყველა პარტია მოიგეს და 9 შესაძლებლიდან 8,5-8,5 ქულა მოაგროვეს. ოდნავ უკეთესი კოეფიციენტით ხოტენაშვილი I იყო, ბაციაშვილი - II. 7 ქულით III ადგილი აზერბაიჯანელმა ნარმინ კაზიმოვამ დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავტ ბელა
kopala
16:10 22-02-2011
0

სიახლეები პოპულარული