დოჰაში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრის გათამაშების ბოლო ეტაპზე ტურნირის ფავორიტმა ნანა ძაგნიძემ ზედიზედ ორი პარტია მოიგო, მაგრამ შემდეგ რა მოხდა, ვერ გეტყვით - ასევე, ზედიზედ ორჯერ წააგო: ჯერ ეკვადორელ მარტა ფიეროსთან დამარცხდა, გუშინ კი სომეხ ელინა დანიელიანს თეთრებით მე-40 სვლაზე დანებდა.
ამ უკანასკნელმა 4 შესაძლებლიდან 4 ქულით პოზიციები განიმტკიცა. მართალია, ძაგნიძეს 4-დან მხოლოდ 2 ქულა აქვს, მაგრამ ხელის ჩაქნევა ნაადრევია, რადგან წინ კიდევ 7 პარტიაა სათამაშო და სულ მცირე, მე-2 ადგილისთვის ბრძოლა შესაძლებელია.
გაგვახარა მაია ჩიბურდანიძემ, რომელმაც შავი ფიგურებით 52-ე
სვლაზე სომეხ ლილით მკრტიჩიანს გააჩერებინა საათი. გუშინ კიდევ ერთმა მოჭადრაკემ გაიმარჯვა შავებით - ფრანგმა მარი სებაგმა მასპინძელი ჟუ ჩენი დაჯაბნა. ყაიმზე შეთანხმდნენ ჰამფი კონერუ (ინდოეთი) და ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), მარტა ფიერო (ეკვადორი) და პია კრამლინგი (შვედეთი). თეთრებს ნამუსი ჩინელმა სიუ იუჰუამ მოსწმინდა - 33-ე სვლაზე დაამარცხა მონგოლი ბათჰუიანგ მონგონთუული. საერთოდ, შავებმა 6 შესაძლებლიდან 4 ქულა აართვეს თეთრებს.
სატურნირო მდგომარეობა 4 ტურის შემდეგ: დანიელიანი-4, ფიერო, სებაგი-2,5-2,5, ძაგნიძე, იუჰუა, კრამლინგი, ჩიბურდანიძე, კონერუ-2-2, სტეფანოვა, ჟუ ჩენი-1,5-1,5, მონგონთუული, მკრტიჩიანი-1-1 ქულა.
დღეს მე-5 ტურში ითამაშებენ: კრამლინგი-ძაგნიძე, სტეფანოვა-ფიერო, სებაგი-კონერუ, ჩიბურდანიძე-ჟუ ჩენი, მონგონთუული-მკრტიჩიანი, დანიელიანი-სიუ იუჰუა.
.