ნანა ძაგნიძის ზედიზედ მესამე მარცხი

AutoSharing Option
დოჰაში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრის მე-6 ეტაპზე ზედიზედ მესამე პარტია წააგო გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა ნანა ძაგნიძემ. ამჯერად იგი ორგზის ევროპის ჩემპიონ პია კრამლინგს (შვედეთი) დანებდა. რა მოსდის ნანას, ვერაფრით აგვიხსნია. მით უმეტეს, რომ ყატარში მას თან ახლავს მწვრთნელი ადრიან მიხალჩიშინი. გუშინ ტურნირზე დასვენების დღე იყო. იმედია, ქართველი დიდოსტატი თავის შეცდომებს გააანალიზებდა, დაისვენებდა და დღეიდან ძალების მობილიზაციით შეეცდება დანაკლისის ანაზღაურებას.

ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმა სომეხმა ელინა დანიელიანმა, რომელიც, ეტყობა, მართლაც გულდასმით მოემზადა ამ ტურნირისთვის და პირველობას უმიზნებს. მან 2006-2008 წლების მსოფლიოს
ჩემპიონ სიუ იუჰუას (ჩინეთი) სძლია. ყატარში გამარჯვების შემთხვევაშიც იგი საბოლოოდ ძაგნიძის კონკურენტი მაინც ვერ იქნება, რადგან წინა სამ ტურნირში 223,33 ქულა აქვს მოგროვებული (სტამბოლში-120, ნალჩიკში-10, ჯერმუკში-93,33). დოჰაში 160 ქულაც რომ აიღოს, მაშინ სამი საუკეთესო შედეგის ჯამით მხოლოდ 373,33 ქულა უგროვდება. ძაგნიძეს კი ამჟამად 390 ქულა აქვს და საერთო ჩათვლაში მეორეა ჩინელი ჰოუ იფანის შემდეგ. მთავარია, ინდოელი ჰამფი კონერუ არ გავიდეს პირველ-მეორე ადგილებზე. მე-5 ტურში იგი ფრანგ მარი სებაგს დაუზავდა. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ: მაია ჩიბურდანიძე-ჟუ ჩენი, ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)-მარტა ფიერო (ეკვადორი), ბათჰუიაგ მონგონთუული (მონღოლეთი)-ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი).

სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ: დანიელიანი-5, კრამლინგი, სებაგი, ფიერო-3, კონერუ, ჩიბურდანიძე-2,5-2,5 ძაგნიძე, სტეფანოვა, სიუ იუჰუა, ჟუ ჩენი-2-2, მკრტიჩიანი, მონგონთუული-1,5-1,5 ქულა.

დღეს მე-6 ტურში ითამაშებენ: ძაგნიძე-სიუ იუჰუა, მკრტიჩიანი-დანიელიანი, ჟუ ჩენი-მონგონთუული, კონერუ-ჩიბურდანიძე, ფიერო-სებაგი, კრამლინგი-სტეფანოვა.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული