სალომე აბაშიძე, ქეთევან სამხარაძე (ორივე - 48), გურანდა შოთაძე, მარი მახარაშვილი (52), მარი ციხელაშვილი, მარი ჯანაშვილი (57), ანი მინდიაშვილი (63) - მისი გადაწყვეტილებით, ანთალიაში ესენი იჭიდავებენ. ციხელაშვილი და ჯანაშვილი ნაკრების ძველი წევრები არიან, დანარჩენებს კი უცხოეთში ჭიდაობის დიდი გამოცდილება ჯერ არ გააჩნიათ. ჯანაშვილი ანთალიაში შარშანაც
თუმცა ჩვენ ანთალიის შარშანდელი ტურნირი სულ სხვა ფაქტით დაგვამახსოვრდა - მძიმე წონაში ლაგოდეხელმა ელენე ქებაძემ გაიმარჯვა, როცა ფინალის წინ სერბ მილიცა ზაბიჩს, ცოტა არ იყოს და ქედმაღლური ღიმილი არ აპატია. საქმე ისაა, რომ ჩვენებური მანამდე მასთან ერთი-ორჯერ დამარცხდა და საკუთარ მოგებაში დარწმუნებულმა სერბმა ორთაბრძოლის დაწყებამდე თურმე დამცინავი ღიმილით გადახედა ელენეს... ცხვირიც წაიმტვრია, მაგრამ ქებაძე წლეულს უკვე ახალგაზრდულ ნაკრებში გადავიდა და ახლა იქ ეცდება წარმატებების მოპოვებას.
თენაძემ ასევე გაარკვია 21-23 აპრილს თურქეთშივე, ოღონდ სტამბოლში, ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი კანდიდატიც. მისი გადაწყვეტილებით, იქ მხოლოდ ერთი მონაწილე გვეყოლება - ნინო ოძელაშვილი (70).
საერთოდ, ოძელაშვილთან და ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით ვითარება რადიკალურად შეიცვალა, გეგმები უფრო დაიწმინდა და დაკონკრეტდა. ნაკრებისა და ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის ახალგაზრდა სამბისტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ოძელაშვილი აქამდეც გუნდის ლიდერად მოიაზრებოდა და ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვების უმთავრეს კანდიდატად მიიჩნეოდა, მაგრამ სხვებსაც სცდიდნენ. შეჯიბრებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ოლიმპიადაზე მოხვედრის ყველაზე რეალური კანდიდატი მართლაც ოძელაშვილია, სხვებს კი ამის შანსი ბევრად ნაკლები აქვთ. ამიტომ თენაძემ გადაწყვიტა, ქალთა ნაკრებისთვის განკუთვნილი ისედაც მწირი ფინანსები მთლიანად ოძელაშვილისკენ მიმართოს.
გადაწყვეტილება ფედერაციამაც მოიწონა და სპორტის სამინისტრომაც, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვები უცხოეთში შეჯიბრებებზე აღარ გამოვლენ. მათაც დააფინანსებენ, მაგრამ მეტი ყურადღება ოძელაშვილზე იქნება მიმართული. დაგეგმილი 3-4 ტურნირის ნაცვლად იგი 7-8-ში გამოვა და მსოფლიოს თასების გარდა, ევროპის თასებშიც აჭიდავებენ, რომელიც ასევე იძლევა სალიცენზიო ქულებს, თუმცა შედარებით ცოტას. აქ საქმე მის რეიტინგშია - ჯერჯერობით მხოლოდ 20 ქულა აქვს და რეიტინგის მეორე ნახევარშია, წილისყრა კი განთესვით ეწყობა, ანუ მას შეჯიბრებაზე თავიდანვე წონის ფავორიტებთან უწევს შეხვედრა. ევროპის თასებზე გამოსვლა ჩვენებურს ქულების მარაგის შევსების და რეიტინგში მაღლა ანაცვლების საშუალებას მისცემს, რაც ლიდერებთან შეხვედრისგან ცოტა ხნით მაინც დაიცავს. ამას ისიც ემატება, რომ ეს ფავორიტები, როგორც წესი, ევროპის თასებზე არ გამოდიან, ძირითადად მსოფლიოს თასებზე ჭიდაობენ.
ევროპის ჩემპიონატისთვის ოძელაშვილი თურქეთშივე მოემზადება. თენაძესა და თურქეთის ქალთა ნაკრების ხელმძღვანელობას შორის კარგი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული - წელიწადში რამდენჯერმე ესტუმრებიან ხოლმე ერთმანეთს ერთობლივი ვარჯიშების ჩასატარებლად. ამჯერად თურქებმა მიიწვიეს ჩვენები - სხვათა შორის, ვაჟთა ნაკრებიც, მაგრამ ისინი, სავარაუდოდ, არ წავლენ, რადგან ეს მზადების მათეულ გეგმაში არ ჯდება. აი, თენაძე კი ამ შემოთავაზებით ნამდვილად ისარგებლებს და ოძელაშვილის გარდა, კიდევ ოთხი გოგოს წაყვანას აპირებს.
ერთობლივი შეკრება ანკარის ახლოს, ჩანკარში გაიმართება - სწორედ იქაა თურქეთის ძიუდოს ფედერაციის ბაზა და მათი გუნდებიც იქვე მოემზადებიან კონტინენტის პირველობისთვის. მათი წინადადებაა, შეკრება 1 აპრილიდან დაიწყონ და ევროპის ჩემპიონატამდე იქ დარჩნენ. შეთავაზების ბოლო პუნქტი თენაძესაც ხელს აძლევს, მაგრამ დიდი ხნით არ სურს იქ წასვლა. მისი აზრით, აჯობებს, ორი კვირა ივარჯიშონ და თურქეთშიც იმ დროს გაემგზავრება, ამ ვადებში რომ ჩაეტიოს.