დღეს, 22 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე მედლები დარჩენილ წონით კატეგორიებში გათამაშდება. ტატამი ვაჟთა შეჯიბრში -90, -100 და +100 კგ წონითი კატეგორიების ფალავნებს, ხოლო ქალებში -78 და +78-ის წარმომადგენლებს დაეთმობათ.
საქართველოს ნაკრებიდან ვაჟებში ოთხი, ხოლო ქალებში ერთი ძიუდოისტი იასპარეზებს: ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), ვალერი ლიპარტელიანი (-100კგ), ადამ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი (ორივე +100კგ) და ელენე ქებაძე (+78კგ).
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00 სთ-იდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი - 18:00.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე არცერთი მედალია. ჩემპიონატი კი ხვალ, 23 აპრილს, გუნდური შეჯიბრით დასრულდება.
* * *
ეს დღე ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან რამდენიმე საყურადღებო ფალავანი ჭიდაობს. 90-ში ბექა ღვინიაშვილს მშვენიერი შანსი ეძლევა, უფროსებში პირველი ტიტული თუ არა, მინიმუმ, მედალი მოიპოვოს. ის პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი უკრაინელ ქუანჯაუ ნჰაბალის ხვდება, ვისაც ერთხელ შეხვდა და მოუგო (ორი წლის წინ ასტანაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე). ახლაც თუ იმარჯვებს, ჩვენებურის მომდევნო მეტოქე რუმინელ კრისტიან ბოდირლაუს და იტალიელ ნიკოლას მუნგაის შორის უმჯობესი იქნება.ამავე ჯგუფშია რუსთა კიდევ ერთი ინგუში ხუსეინ ხალმურზაევი - ოლიმპიურ ჩემპიონ ხასან ხალმურზაევის ძმა, ვისაც ბექამ წლეულს დიუსელდორფის ფინალში მოუგო. ხალმურზაევი პირველად ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადაშვილს ხვდება.
100 კილოგრამში ახალგადასული ვალერი ლიპარტელიანი ჯერ განუთესავია და ცოტა რთულ ჯგუფში მოხვდა: პირველად იტალიელი ჯულიანო ლოპორჩიოს ხვდება, ამათში მოგებულს კი ბელგიელი მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორი ტომა ნიკიფოროვი ელოდება. ამავე ჯგუფშია შვედი იოაკიმ დვარბი, ბერძენთა ქართველი ტენტორე მასმანიდისი, ფრანგი ოლიმპიური პრიზიორი სირილ მარე და კიდევ რამდენიმე საყურადღებო ათლეტი.
დიდად არც გურამ თუშიშვილს (+100) გაუმართლა, ვინც ჯგუფში ჩეხთა ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონ ლუკაშ კრპალეკთან მოხვდა. თუმცა ჩეხი აქამდე 100 კილოგრამში ჭიდაობდა, მძიმეში კი წლეულს, ოლიმპიადის შემდეგ გადმოვიდა და შედარებით უჭირს. თუშიშვილი პირველ შეხვედრას პოლონელ პაველ გრაბოვსკისა და თურქ სემიჰ ადიამანს შორის წარმატებულთან ჩაატარებს.
ამ წონაში პირველ წრეში ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორი ადამ ოქრუაშვილიც ისვენებს, მისი მეტოქე კი ლიტველი მარიუს პასკევიჩიუსი ან ბელგიელი ბენჟამინ ჰარმეგნიესი იქნებიან. ამავე ჯგუფშია უკრაინელთა ახალგაზრდა ტალანტი, ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი იაკიმ ხამო.
ამავე დღეს იასპარეზებს ქალებში ჩვენი მესამე მონაწილე, მძიმეწონოსანი ელენე ქებაძეც. ის ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება და თურქთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ კაირა საიტს შეხვდება. ამავე ჯგუფში კიდევ ორი ძიუდოისტია - გერმანელი კაროლინ ვაისი და ხორვატი ივანა სუტალო.