რუბრიკის მორიგი სტუმარი საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვალერი ლიპარტელიანია.
- მოვყვეთ ბავშვობიდან...
- ალბათ, ისეთი, როგორიც ჩემი თაობის უმეტესობას, ვგულისხმობ 90-იანებს. ვერ ვიტყვი, რომ მშობლები რამეს მაკლებდნენ. ყველაფერი მქონდა, რაც კი მაშინ ბავშვებს გააჩნდათ.
რაც შემეხება მე, ცოტა ზარმაცი კი ვიყავი, მაგრამ მიზანდასახულობაც მახასიათებდა - მიზნად თუ რამეს დავისახავდი, მას აუცილებლად ვაღწევდი.
- როგორი მოსწავლე იყავი?
- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბეჯითი ვიყავი,
- სკოლაში, ალბათ, ყველას დაგვიწერია თემა "მე მინდა გამოვიდე...". შენ რას წერდი?
- აი, ეგ კი ნამდვილად არ მახსოვს. ალბათ, სპორტსმენობაზე დავწერდი, რადგან სპორტი ბავშვობიდან ძალიან მიყვარს.
- პირველი სიყვარული...
- ძალიან დიდი ისტორიაა, ამაზე უფრო დეტალურად სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა კი იმას გეტყვით, რომ ეს ყველაფერი სკოლის მერხიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება. მე და ჩემი მომავალი მეუღლე კლასელები ვიყავით და წარმოიდგინეთ, რაოდენ გრძელი ამბავია (იცინის).
- კითხვა გიყვარს?
- ძალიან მიყვარს. ყველა შეკრებაზე თან დამაქვს წიგნი და ვკითხულობ.
- ბოლოს რა წაიკითხე?
- ბოლოს ვაჟა-ფშაველას ვკითხულობდი.
- როგორ მუსიკას უსმენ?
- ქართული ხალხური სიმღერა მიყვარს. ზოგჯერ პოპსაც ვუსმენ.
- სად შეიძლება ადამიანმა ყველაზე ხშირად გნახოს?
- მაქსიმალურად ვცდილობ, თავისუფალი დრო მეუღლესა და შვილებთან გვერდით გავატარო. ერთად ძალიან ბევრს ვსეირნობთ მზიურის პარკში, ამიტომ ყველაზე ხშირად მანდ შეგიძლიათ მნახოთ (იცინის).
თუკი დრო მაქვს, მეგობრებსაც ვნახულობ.
- მტრები გყავს?
- არა მგონია. ალბათ, უფრო კონკურენტები, თუმცა არც მტერს გამოვრიცხავ. ხომ გაგიგიათ, ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი?! (იცინის)
- როგორია შენი დამოკიდებულება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ?
- ზუსტად ისეთია, როგორიც ყველა მართლმადიდებელს უნდა ჰქონდეს!
- როგორია შენი დამოკიდებულება ფულის მიმართ?
- მინდა, იმდენი ფული მქონდეს, რამდენითაც ადამიანი ნორმალურად ცხოვრებას შეძლებს. სიმდიდრეზე არასდროს მიოცნებია.
- რომელია შენი ცუდი თვისება?
- ალბათ, მაინც სიჯიუტე...
- აზარტული ხარ?
- მხოლოდ სპორტში!
- ფეხბურთი გიყვარს?
- კი, "ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრებს ვგულშემატკივრობ.
- რატომ?
- რონალდოსა და რონალდინიოს გამო.
- როგორს ხედავ საკუთარ თავს გვერდიდან?
- სხვათა შორის, ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, ნეტავ, როგორი ვარ-მეთქი... ჩემი აზრით, ძალიან ჩვეულებრივი ვარ. უბრალოდ, ზოგჯერ მინდება, ვიყო უფრო ყურადღებიანი და თავაზიანი, რაც ხშირად არ გამომდის და ამაზე გული ძალიან მწყდება.
- არსებობს ფილმი, რომელიც არასდროს გბეზრდება?
- ფილმები და არა ფილმი: "დათა თუთაშხია", "ალექსანდრე", "ტროა", "გლადიატორი". კიდევ რამდენიმეა...
- მომავალში, კარიერის დასრულების შემდეგ, რას აპირებ? მაგალითად, პოლიტიკაში წასვლაზე არ გიფიქრია?
- ვოცნებობ, მთელი ცხოვრება პოლიტიკისგან ძალიან შორს ვიყო. მაგას მირჩევნია, ბიზნესმენი ვიყო და იმდენი ფული მქონდეს, რომ ქართული სპორტის ფეხზე დაყენება შევძლო.
- იმ ქვეყნებიდან და ქალაქებიდან, რომლებშიც ნამყოფი ხარ, რომელი და რით დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?
- ძიუდოს სამშობლო იაპონია და ტოკიო. ხალხმა გამაოცა თავისი შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით. რამდენჯერაც იქ ჩავალ, იმდენჯერ მაკვირვებს იაპონელთა დამოკიდებულება ნებისმიერი საქმის მიმართ.
ძალიან მიყვარს რიოც - ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. და რომ არ ვთქვა, არ გამოვა - City of Love, პარიზი!
- ყველაზე გემრიელი უცხოური კერძი, რაც კი გაგისინჯავს...
- ასეთი ძალიან ბევრია. ყველა ქვეყნის სამზარეულოს დაგემოვნებას ვცდილობ. განსაკუთრებულად ინგლისური სამზარეულო მახსენდება. სტუმრად ვიყავი, კარგად გამიმასპინძლდნენ და ერთ-ერთი კერძი იმდენად გემრიელი იყო, მისი გემო ახლაც მახსოვს, მაგრამ სახელი - არა (იცინის).
- შეცდომების აღიარება გიჭირს?
- იშვიათად. თუ სხვას რაიმეში არ ვეთანხმები, მაინც ვცდილობ, საკუთარი თავი დავაჯერო, რომ შევცდი და სჯობს, გამოვასწორო.
- შენი წყობიდან გამოყვანა იოლია?
- როცა მშია, კი (იცინის).
- ქალაქში ხშირად გცნობენ?
- ბოლო დროს, კი და ადამიანების კეთილგანწყობა ძალიან მახარებს. მადლობა მათ ასეთი სითბოსთვის.
- ექსტრიმი გხიბლავს?
- კი, ძალიან. მინდა რიოში პარაპლანით გადმოვხტე, მაგრამ ჯერ ვერაფრით მოვახერხე.
- დარჩა მსოფლიოში ადგილი, რომლის ნახვაც გინდა?
- თანაც, ძალიან ბევრი. პირველ რიგში კი, იერუსალიმი.
- ზედმეტსახელი გაქვს?
- ლიპო (იცინის).
- შენი ჰობი?
- თხილამურებით სრიალი.
- შეგიძლია დაასახელო ის ადამიანები, ვინც ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოტივაცია მოგცეს/გაძლევენ?
- პირველ რიგში, ჩემი მეუღლე. ამ ადამიანმა ცხოვრებისეულად ძალიან გამაძლიერა. სპორტული კუთხით კი, ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო, როდესაც ჯერ ზურაბ ზვიადაური გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, შემდეგ კი - ირაკლი ცირეკიძე.
- ვალერი ლიპარტელიანი ტატამსა და მის მიღმა - რამდენად დიდია განსხვავება ხასიათში?
- ო, ეგ სხვას უნდა ჰკითხოთ. იმდენად დიდია ჩემი სიახლოვე ტატამთან, დიდი განსხვავება არ იქნება (იცინის).
- რას ასწავლი პატარა ლიპარტელიანებს?
- იყვნენ ზრდილობიანები და დედის გარდა, ჯერ არავის დაუჯერონ!
- ჟურნალისტის რომელი კითხვა გაღიზიანებს?
- რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდი? (იცინის)
- მაშინ, თავად რა კითხვას დაუსვამდი ვალერი ლიპარტელიანს?
- რა არის წარმატების საიდუმლო?
- პასუხი?
- ამაზე პასუხს სხვა დროს, კარიერის დასრულების შემდეგ გავცემ.
თასების თასიც მოიგო მისი გოლით ბარსამ პსჟ დაამარცხა ფინალში. ის ბარსა ძალიან ძლიერი გუნდი იყო და რონალდოს გარდა ფიგუ, ლუის ენრიკე, ჯიოვანი, გვარდიოლა და სხვანი თამაშობდნენ