გუშინ ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. ერთი შეხედვით, ჩვენებს ცუდი წილისყრა არ შეხვდათ, თუმცა ცუდი გამონაკლისია ბექა ღვინიაშვილი (90), ვისაც ჯგუფში რუსი მიხაილ იგოლნიკოვი "ჩაუჯდა".
გურამ თუშიშვილს ნახევარფინალამდე ასცდა მასპინძელი ორ სასონი, თუმცა ჯგუფში აყლაყუდა უკრაინელი ალექსანდრ გორდიენკო კი ჰყავს, ვინც არ იქნება იოლად წასაქცევი.
60 კილოგრამში ორივე ჩვენებური პირველ წრეში თავისუფალია. ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი ბულგარელ ვალენტინ ალიპიევსა და ბელგიელ ჟორან შილდერმანსს შორის გამარჯვებულთან გამართავს პირველ შეხვედრას, ლუხუმ ჩხვიმიანი - აზერბაიჯანელ
ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი (66) პირველივე წრეში გერმანელ მიხაელ ადამს დაეჭიდება. ამ ჯგუფში არავინაა ისეთი, ჩვენებურს ნახევარფინალში გასვლა გაუჭირდეს, იქ კი სავარაუდო მეტოქეთა შორის უკრაინიდან მოჭიდავე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაიაც ჰყავს, ვინც, ვინძლო, შეძლოს აზერბაიჯანელთა მსოფლიოს ორგზის პრიზიორ ნიჯატ შიხალიზადასა და რუსი იაკუბ შამილოვის შეჩერება. ჩვენებურს ზანთარაიასთან დადებითი ბალანსი აქვს.
73-ში ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ფინალამდე ასცდა მისთვის უხერხულ მეტოქეს, აზერბაიჯანელ ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ორხან საფაროვს. ასევე - საკმაოდ ძლიერ ებრაელ ტოჰარ ბუტბულს.
ჩვენებური პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი გერმანელი იგორ ვანდტკესა და მასპინძელი ორონ გინერის პაექრობაში გაირკვევა.
ნახევარფინალში მის სავარაუდო მეტოქეთა შორის არიან აზერბაიჯანელი ევროპის ჩემპიონი ჰიდაიატ ჰეიდაროვი, ვისთანაც შავდათუაშვილს არ უჭირს ჭიდაობა, და იგივე კოსოვოელი აკილ გიაკოვა, ვისთანაც ამას წინათ სენსაციურად დამარცხდა.
81-ში ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი პირველივე წრეში სერბთა მსოფლიოს ფინალისტ სრდან მრვალჯევიჩს ხვდება, ამათში მოგებულს კი ბულგარელი ივაილო ივანოვი ელოდება. ამ ჯგუფში ანგარიშგასაწევია რუსი ასლან ლაპინაგოვიც.
მსოფლიოს პრიზიორი უშანგი მარგიანი (90) ჯგუფში სერბთა ევროპის ჩემპიონ ალექსანდრ კუკოლთან მოხვდა, თუმცა ბადის სხვადასხვა მხარეს არიან და მათი გზები მეოთხედფინალამდე არ იკვეთება. მარგიანი პირველ წრეში ისვენებს, თუმცა მერე იოლი მეტოქე არ უნდა შეხვდეს - ბელგიელი ევროპის ორგზის მედალოსანი იოახიმ ბოტიუ, ვისაც მანამდე არ უნდა გაუჭირდეს კვიპროსელი გეორგიოს კრუსანიოტაკისის ძლევა.
ევროპის პრიზიორი ბექა ღვინიაშვილი მეორე წრეში იასპარეზებს ბრიტანელ ჯამალ პეტგრეივთან, მოგების შემთხვევაში კი პოლონელ რაფაელ კოზლოვსა და ჩეხ იური პეტრს შორის უმჯობესს გაეჯიბრება. აი, სწორედ ამის შემდეგ იკვეთება მისი გზა იგოლნიკოვთან.
ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიადის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი (100) მეორე წრიდან ჩაებმება ჩემპიონატში, სადაც უნგრელ ზალან ოჰატსა და ბელორუს დანიელ მუკეტეს შორის უმჯობესს დაეჭიდება.
ვფიქრობთ, ირალანდიელმა ბენჟამინ ფლეტჩერმა, შვედმა მარტინ პაჩეკმა და სხვებმა მას ნახევარფინალში გასვლაში ხელი ვერ უნდა შეუშალონ.
ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილიც (+100) მეორე წრიდან ჩაებმება ტურნირში და ისლანდიელ ტორმოდურ იონსონს გაეჯიბრება. წარმატების შემთხვევაში (რაც სავსებით რეალურია) მეოთხედფინალშიც გავა, იქ კი გორდიენკოს, ბოსნიელ ჰარუნ სადიკოვიჩს ან ბელგიელ ბენჟამინ ჰარმენაისს შეხვდება, თუმცა ამათგან ყველაზე ძლიერი უკრაინელია.
პროგრამა ასე გამოიყურება:
26 აპრილი -60კგ, -66კგ
შეხვედრების დასაწყისი 13:00, ფინალური ბლოკი 18:00
27 აპრილი -73კგ, -81კგ
შეხვედრების დასაწყისი 12:00, ფინალური ბლოკი 17:00
28 აპრილი -90კგ, -100კგ +100კგ
შეხვედრების დასაწყისი 13:00, ფინალური ბლოკი 18:00.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"