წინასწარვე გეტყვით, რომ ლიდერი არც ამჯერად შეცვლილა და შეჯიბრება ისევ თბილისის "შევარდენი-2005"-ის (მთავარი მწვრთნელი: გურამ მოდებაძე) გამარჯვებით დასრულდა, ვინც ამ ტურნირის უცვლელი და დაუმარცხებელი ჩემპიონია: ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა.
ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ "შევარდენმა" წინა ოთხ გათამაშებაში თბილისისავე "ლიდერი" თუ "დაკორტნა", ამჯერად ფინალში ქარელის "დურმიშხანი" გავიდა, ვინც ნახევარფინალში სწორედ "ლიდერი" ჩამოაცილა ლიდერობისთვის ბრძოლას: 3:2.
ფინალურ ტურნირში ის რვა გუნდი
რაოდენობრივად მომდევნო ადგილზე გორი იყო ორი წარმომადგენლით: "ვიპ-ძიუდო" და "ლომჭაბუკი", დანარჩენებს კი თითო კლუბი ჰყავდათ: ხაშურის "სამურაი", თელავის "პატარა კახი" და ქარელის "დურმიშხანი". რეგიონების მიხედვით თვალშისაცემია შიდაქართლელთა დომინაცია.
"ოქროს ლიგის" საპრიზო ფონდი 210 000 ლარი იყო, საიდანაც წილი რვავე კლუბს შეხვდა, დამსახურებისდა მიხედვით. ჩემპიონმა ჯილდოდ 50 000 ლარი მიიღო, მეორე და მესამეპრიზიორებმა, შესაბამისად, 10 000 და 20 000 ლარით ნაკლები. მეხუთეადგილოსნებს 20-20 ათასი შეხვდათ, მეშვიდეზე დარჩენილებს - 10-10 ათასი.
წლევანდელი "ოქროს ლიგის" მთავარი სიახლე ტურნირის სრულიად ახალ სივრცეში - სავაჭრო კომპლექსში და არა სპორტულ დარბაზში ჩატარება იყო. ამან შეჯიბრებას შოუს ელემენტები შესძინა, რასაც მუსიკალური გაფორმება, გახსნის ცერემონიალის საზეიმო ნომრები და ამგვარი ღონისძიებები კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. თან ძიუდოს ეფექტური პოპულარიზაციაც გამოდგა - ტურნირს ბლომად მაყურებელი ადევნებდა თვალს "თბილისი-მოლის" ყველა სართულიდან, მათ შორის კი ბევრი იქნებოდა ისეთი, ვინც სხვა დროს დარბაზში არ მივიდოდა ძიუდოს საყურებლად. მაყურებელთა შორის ბევრი უცხოელიც იყო, რომლებიც ფოტოებსაც უღებდნენ შეჯიბრებას.
ამასთან, ძიუდოს ფედერაციამ პატარების ტურნირი ძიუდოთი დაინტერესებული ყველაზე პატარების გასარეკლამებლად გამოიყენა - ფინალური ბლოკის წინ კიდევ ერთხელ გაიმართა "Judo Kids" პროგრამის პრეზენტაცია. ამ პროექტში ჩართულმა 3-6 წლის ბავშვებმა საჩვენებელი ვარჯიშებიც გამართეს.
თავად შეჯიბრებას რაც შეეხება, ის საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოავლინა ნიჭიერი მოზარდები. ჩემპიონ-მედალოსნებზე მათი წარმატებაც მიუთითებს, უმედლოდ დარჩენილთაგან კი ხაშურელებს გამოვარჩევთ - "სამურაის" უბრძოლველად არაფერი დაუთმია და ფაქტია, რომ იქიდან ასაკობრივი ნაკრებები კარგ შევსებას მიიღებენ, ანუ ეს რაიონი ძიუდოს რუკაზე ახალი წერტილია.
"შევარდენმა" თავდაპირველად "ვიპ-ძიუდოს" აჯობა - 3:2, ნახევარფინალში კი ვადამდე, 4:1 დაამარცხა "ოლიმპი". ქარელელებმა ჯერ თელაველებს მოუგეს 4:1, მერე კი, როგორც გითხარით, "ლიდერს" 3:2 აჯობეს. ფინალში "შევარდენმა" ვადამდე, პირველ სამ შეხვედრაში გამარჯვებით გაინაღდა მორიგი ტრიუმფი, საბოლოოდ კი "დურმიშხანთან" 3:2 მოიგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში "ლიდერმა" "სამურაი" დაამარცხა, "ოლიმპმა" კი "პატარა კახს" 4:1 მოუგო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"