ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: კაუნასში სომხიშვილი დაასახელეს

AutoSharing Option
30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, ლიტვის ქალაქ კაუნასში ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის პირად-გუნდური ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც საქართველოდან ბიჭების ნაკრებიც იასპარეზებს და გოგონებისაც.

წინასწარი მონაცემებით, კაუნასში ევროპის 42 ქვეყნის 400-მდე მოზარდი ძიუდოისტია ჩასული, მათ შორის - საკმაოდ ტიტულოვანებიც. მაგალითად, უკრაინის გოგონების ნაკრებში იჭიდავებს უფროსებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი დარია ბილოდიდი (48). ახლო წარსულში ევროპის არაერთგზის მედალოსან გენადი ბილოდიდის შვილი კონტინენტის ჩემპიონი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებშიცაა.

ევროპული ძიუდოს საიტი მონაწილეთა შორის ჩვენგან მხოლოდ მძიმეწონოსან სოფიო სომხიშვილზე ამახვილებს ყურადღებას, ვინც ჭაბუკებში ევროპის ფინალისტია.

ბიჭები
ბიჭებში 50
კილოგრამში მონაწილე არ გვეყოლება, 55-ში კი ლუკა კაპანაძე პირველივე ეტაპზე მოლდოველ ადილ ოსმანოვს შეხვდება. ამათში გამარჯვებული მომდევნო პაექრობას უკრაინელ დანილო ტომაშევსკისთან გამართავს.

გიორგი კაპანაძე (60) პირველად პორტუგალიელ ბრუნო ბაროსს დაეჭიდება, ამ წყვილის გამარჯვებულს კი მეტოქედ სომეხ ტიგრან იაგუბიანსა და ჩეხ იან სვობოდას შორის უძლიერესი ეყოლება.

მიხეილ ბახბახაშვილი (66) პირველ წრეში ისვენებს და დანიელი სუნე ლარსენისა და პორტუგალიელი პედრო კოსტას შეხვედრას დაელოდება, სადაც მისი მეტოქე გამოვლინდება.

ლაშა ბექაური (73) პირველ წრეში ლატვიელ რენარს ჰანს ხვდება, მოგების შემთხვევაში კი ესტონელ არმენ მოვსისიანსა და ებრაელ ორენ აზულაის შორის გამარჯვებულს დაეჭიდება.

მომდევნო სამ წონაში ორ-ორი მონაწილე გვეყოლება სწორედ გამოტოვებული 50-ის ხარჯზე. 81-ში ქვეყნის ჩემპიონი გოჩა ღვაჩლიანი პირველი წრის პაექრობას აზერბაიჯანელ ნიალ აზიმოვთან ჩაატარებს, მოგების შემთხვევაში კი გერმანელ იოჰან ლენცს ან უკრაინელ ივან იურესკულს გაეჯიბრება.

ამავე წონაში ილია სულამანიძე ასევე პირველივე წრეში იჭიდავებს ბელგიელ ნიკოლას დეჯაკესთან, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი გერმანელ მატოე ჰაბერმანსა და სომეხ მამიკონ ავეტისიანს შორის უმჯობესი შეხვდება.

90 კილოგრამში მიხეილ ბექაური თავიდან კოსოვოელ შპატ ზეკას დაეჭიდება, მეორე ეტაპზე გასვლისას კი ფრანგი ევან კურტი ან გერმანელი ლუის მაი დაუდგება წინ.

გიორგი კარიაული პირველად ბელორუს ალექსეი გრომოვს გაეჯიბრება, ამათში მოგებულს კი მეტოქედ გერმანელი ივო ვიტასეკისა და ჰოლანდიელი კილიან ბილტჰუისის წყვილიდან ერთ-ერთი ეყოლება.

+90-ში ჩვენები პირველ წრეში ისვენებენ, ხოლო ალექსი სვიანაძის მეტოქე ახლავეა ცნობილი - თურქი ომერ აიდინი.

ლევან ჭელიძის
კონკურენტი ფრანგი ვინსენტ ჰუტინის და უკრაინელი იაროსლავ კნიშის პაექრობაში გაირკვევა.

გუნდური შეჯიბრებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიზილაშვილმა დამატებით ორი მონაწილეც წაიყვანა: საბა კაპანაძე (60) და გოგა გოგაშვილი (73).

გოგონები
გოგონებში შედარებით მცირე გუნდით გამოვალთ - 8 მონაწილით.

სალომე ბლიაძე
(48) პირველ წრეში უკრაინელ ანა ოსტროვსკას გაეჯიბრება.

მარიამ მაზანაშვილი
(52) პირველი წრის ორთაბრძოლას ფინელ სუსანა სუნდბერგთან გამართავს, ამაში მოგებულს კი გერმანელი იასმინ ჯავადიანი ელოდება. ამავე წონაში ეკატერინე ტატუნაშვილიც - თავიდან ბელორუს ვალიანტინა ტროშკას ხვდება, მოგების შემთხვევაში კი ლიტველ გაბია რაილაიტესა და უნგრელ ანდრეა კარმანს შორის გამარჯვებულს გაეჯიბრება.

თინათინ რევაზიშვილი (57) პირველ წრეში ისვენებს, მერე კი გერმანელ კაროლინა ფრიტცეს და ჩეხ რენატა ზახოვას შორის მოგებულთან იჭიდავებს.

63 კილოგრამში ჩვენი ორივე მონაწილე პირველ წრეში თავისუფალია. მეორეში ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი მარიამ ჭანტურია ბერძენ იოანა ამარანტიდოუს შეხვდება, ინდირა სილაგაძე - მასპინძელ აიდა ვასილიაუსკაიტეს.

მძიმე წონაში თავიდან სოფიო სომხიშვილიც თავისუფალია, მეორე წრეში კი პოლონელ ალექსანდრა გაჯს დაეჭიდება. სალომე მაყიშვილი პირველ წრეში ლატვიელ დარტა სმილძინას გაეჯიბრება, ამათში მოგებულს კი მომდევნო ეტაპზე უნგრელი პეტრა ფარაგო ელოდება.

გუნდურ ტურნირში გოგონებიც გამოვლენ და მთავარი მწვრთნელი გია თენაძე იმედიანადაცაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული