გიორგი ვაზაგაშვილის შეგირდებმა იქ 14 მედალი მოიპოვეს. აქედან 5-5 ოქრო-ბრინჯაოა, 4 - ვერცხლი. ტურნირის ჩემპიონები თამაზ კირაკოზაშვილი (60), ლევან გუგავა (73), ბექა ღვინიაშვილი (81), შალვა ჩოჩელი (90) და გიორგი ლაზუაშვილი (+90) გახდნენ. აპოლონ ზურაბიანი (66), ბექა დონღვანი (73), ადამ ვარაზაშვილი (81) და გიორგი გელაშვილი (+90) მეორეზე გავიდნენ, გოდერძი ფეტვიაშვილი (55), დავით ჭიკაიძე (66), ჯაბა მუმლაძე (81), ჯაბა კაპანაძე (90) და ზაზა
ვაზაგაშვილმა ანთალიაში გაფართოებული შემადგენლობა წაიყვანა - რაკიღა მისთვის ეს პირველი უცხოური შეჯიბრება იყო, ხოლო შეგირდების შესამოწმებლად ბევრი შეჯიბრება არც საშინაო ასპარეზზე ჰქონია, გადაწყვიტა, თურქეთში ქვეყნის ყველა მედალოსანი გამოეცადა. იმ 32 კაცს 6 საკუთარი ხარჯითაც დაემატა, რომელთაგანაც ერთი ბრინჯაოს პრიზიორი ფეტვიაშვილია.
საინტერესოა, რომ მან საქართველოს ჩემპიონატზე 60-ში იჭიდავა და მეხუთეზე გავიდა, ანთალიაში კი ვაზაგაშვილმა ქვედა წონაში ასპარეზობა მოსთხოვა. მისმა მოთხოვნამ გაამართლა კიდეც.
მწვრთნელი ივნისის ბოლოს მალტურ კოტონერაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვან შემადგენლობას არჩევს. ამ თვალსაზრისით, მისთვის უთუოდ ნიშანდობლივია კირაკოზაშვილის, ღვინიაშვილის, ჩოჩელისა და ლაზუაშვილის ოქროები - მათ საქართველოს ჩემპიონატიც მოიგეს. მას ფრიად გაუცრუეს იმედები 50-ის და 55-ის ფალავნებმა - საქართველოს ვერც ერთი მედალოსანი სამეულში ვერ მოხვდა, ხოლო ფეტვიაშვილი როგორ აღმოჩნდა 55-ში, უკვე გითხარით. 60-66-ის წარმომადგენლებმა მეტ-ნაკლებად დამაიმედებლად იჭიდავეს, თუმცა მწვრთნელს იმედები ყველაზე მეტად ზედა ოთხი წონის ფალავნებმა გაუმართლეს, სადაც კვარცხლბეკზე ჩვენებურები ჭარბობდნენ. ამათგან 90-ის გარდა, დანარჩენ სამში ქართული ფინალი გაიმართა, 73-ში კი ნახევარფინალში ოთხივე ქართველი ჭიდაობდა.
აქედან გამომდინარე, ვაზაგაშვილის კმაყოფილება გასაკვირიც არაა, თუმცა არც ის დაუმალავს, ამის გამო ეიფორიას არ უნდა მივეცეთ, რადგან ევროპის პირველობა სულ სხვა, ბევრად რთული შეჯიბრებააო. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ვაზაგაშვილს კომენტარი ვთხოვეთ.
„შედეგებით კმაყოფილი ვარ, ბიჭებმა მაქსიმუმი გამოავლინეს. ზოგიერთი უცხოეთში პირველად ჭიდაობდა, ამას კი ყოველთვის ახლავს თავისებური დაძაბულობა. ამ ასაკის მოზარდებს ხშირად თუ მიეცემათ ასეთი დონის ტურნირებში გამოსვლის შესაძლებლობა, შედეგი ნამდვილად იქნება. გაიმარჯვეს იმათ, ვისგანაც ველოდით კიდეც წარმატებას. ოთხი მათგანი, პარალელურად, საქართველოს ჩემპიონიცაა ანუ დაამტკიცეს, რომ ქვეყნის პირველობა შემთხვევით არ მოუგიათ, თუმცა ამჯერად ვინმეს გამოყოფისგან თავს შევიკავებ.
ანთალიაში 14 ნაკრები გამოდიოდა და რუსების გარდა, ყველა უძლიერესი შემადგენლობით ჭიდაობდა. თუმცა სამომავლო გეგმებს მთლად ამ შედეგზეც ნუ ავაგებთ - წინ კიევის ევროპის თასია, მერე - ადგილობრივი შეჯიბრებები გორსა და ბორჯომში. ვნახოთ, როგორ გამოვლენ ბიჭები. კიევში დაახლოებით 12-13 კაცით წავალთ. მათ შორის აუცილებლად იქნებიან ანთალიაში გაჩემპიონებული ბიჭები, მაგრამ საბოლოო შემადგენლობა ჯერ არაა ცნობილი. რადგან ნაკრების კანდიდატთა უმეტესობა მოსწავლეა, ჯერჯერობით მათი ერთად შეკრება არ ხერხდება, მაგრამ 25 აპრილიდან ბაკურიანში წავალთ საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებაზე. საბედნიეროდ, ამ მხრივ გვეხმარებიან და ევროპის პირველობამდე კიდევ მოვაწყობთ შეკრებას“, - გვითხრა ვაზაგაშვილმა.
.