ხაბულიანი ერთი თვით წავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში არეული პროცესები დასასრულისკენ მიდის - გუშინ პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმა შვებულებაში გასვლის შესახებ განცხადება დაწერა, მის მოვალეობას კი პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე შეასრულებს. ხაბულიანის განცხადება 26 ივლისითაა დათარიღებული. ფიქრობენ, რომ ის პრეზიდენტის პოსტს აღარ დაუბრუნდება. ეს პირველი ნაბიჯია, რაც ფედერაციის გადახალისებას ითვალისწინებს - დაპირისპირება და ქართული ძიუდოს დაღმასვლა სპორტის მმართველებსაც მობეზრდათ. კანონით, სპორტული ფედერაციის, ანუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის პრეზიდენტის საკითხში თვით ამ ორგანიზაციის გარდა ვერავინ ჩაერევა.

ბუნებრივია, ახლა ყველას აინტერესებს, როდის დაინიშნება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ ჯერ ამაზე ლაპარაკი
ნაადრევია. ის მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდება, რაც პრეზიდენტი ფედერაციის პრეზიდიუმს გადაგომის და ახალი არჩევნების თხოვნით მიმართავს.
ფედერაციაში დაულაგებელ ვითარებას ბოლო შეკრებაზე მომხდარი ინციდენტიც დაემატა _ ერთ-ერთ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის კანდიდატებმა იჩხუბეს. ჩვენი ინფორმაციით, ზემდგომნი ინციდენტში მონაწილეთა დასჯას აპირებენ. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ სამინისტრო არ აპირებს, მსოფლიოს ჩემპიონატზე სრული გუნდი დაუფინანსოს ფედერაციას. ნაკრების თავკაცმა ამირან ტოტიკაშვილმა წინასწარი შემადგენლობა უკვე გამოაცხადა, მაგრამ ამ სიამაც კი ძალიან ბევრი, შეიძლება ითქვას, დასაშვებზე მეტი კითხვა გააჩინა. სავარაუდოდ, სამინისტრომ ამ ყველაფრის უკან არაობიექტურობა და პირადი ინტერესი დაინახა, რაც, კაცმა რომ თქვას, მართლაც არაა ძნელი შესამჩნევი. ამასთან, ყოველ წონაში ორ-ორი ღირსეული კანდიდატი კი არა, უკვე თითო კაციც აღარ გვყავს და მართლაც გასაკვირია სრული გუნდის წაყვანა. ჩვენი ინფორმაციით, სამინისტრომაც ამიტომ გადაწყვიტა ჩარევა. ოღონდ ირიბად, რაკიღა ნაკრების დაკომპლექტება მისი პრეროგატივა არაა. ასეთ მეთოდად დაფინანსებაზე უარის თქმაა, რადგან ჩვენში ყველა ფედერაცია (ფეხბურთს არ ვგულისხმობთ) ცენტრალურ ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ერთი სიტყვით, ზემდგომნი არ აპირებენ უპერსპექტივო ფალავნების დაფინანსებას და ნაკრების ხელმძღვანელობას მეტი ობიექტურობისკენ მოუწოდებენ.

ბუნებრივია, ძალზე ცუდი პრეცედენტია ხელისუფლების ფედერაციის საქმეში ჩარევა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ამას გამართლება მოეძებნება. ქართული ძიუდო მართლაც სავალალო მდგომარეობაშია, ვითარება კი გამოსწორების ნაცვლად უარესობისკენ მიდის. თავის დროზე ადრინდელი კონფლიქტიც დიდწილად ხელისუფლების გარკვეული შტოს მიერ იყო ინსპირირებული და ისევ მათვე უნდა მოაგვარონ. აუცილებელია ნაკრების ზოგიერთი წევრის მოთოკვაც და ნაკრებში დისციპლინის გამკაცრება. ძველი ინციდენტი თითქოს ჩაწყნარდა და სპორტსმენებიც შერიგდნენ, მაგრამ დაძაბულობა და ერთგვარი გაუცხოება მაინც იგრძნობა. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ ზოგიერთს დისციპლინის დამყარების პრეტენზია აქვს, რის შედეგადაც `დედოვშინის~ მცდელობას ვაწყდებით. ამ ყველაფერს უკვე მწვრთნელებს შორის დაპირისპირებაც დაემატა, რაც ამ ეტაპზე ბევრად სერიოზული პრობლემაა, ვიდრე - სპორტსმენებისა. ამ ყველაფრის კვალად არცაა გასაკვირი, ზემდგომთ ფედერაციის ხელმძღვანელობის შეცვლის სურვილი თუ გაუჩნდათ.

ამასობაში ნაკრები გუშინ მინსკში გაფრინდა, სადაც `სტაიკების~ ოლიმპიურ ბაზაზე გაივლის შეკრებას. ტოტიკაშვილის განკარგულებაში 14 ძიუდოისტია. გუნდმა ერთი შეკრება ორიოდ დღის წინ დაამთავრა ბაკურიანში, დასკვნითს კი ისევ საქართველოში გაივლის.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული