ბოლო ხანებში ჩვენებურთა დაფასება რამდენჯერმე შევადარეთ უცხოელებისას და ამ თემასთან მიბრუნება პოსტფაქტუმ, ახლახან დასრულებული ძიუდოსა და ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატების შემდეგ ისევ გვიწევს, ვინაიდან ორი ახალი საინტერესო ფაქტი ამოტივტივდა. საინტერესოა, რომ ორივე ქართველებს ეხებათ, ოღონდ უცხოეთის სახელით მოასპარეზეებს, რომლებმაც ზემოაღნიშნულ პირველობაზე გაიმარჯვეს. პირველ შემთხვევაში რუსეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ამბაკო ვაჩაძეს (66) ფიგურირებს, მეორეში - უკრაინის ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერი გიორგი ზანთარაია (60).
საბინაო პრობლემა გაცილებით მწვავედ დგას ზანთარაიას წინაშე - ის მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად თავიდანვე ერთოთახიანში ცხოვრობდა, შარშან კი ოჯახის წევრებს მისი მეუღლეც დაემატა! წარმოიდგინეთ, რა სივიწროვე იქნება ასეთ ბინაში, სპორტსმენს კი განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ერთხელ ზანთარაიამ ისიც განაცხადა, ყოველ ღამე 22 საათზე უკვე მძინავს, რათა დავისვენო და მეორე დღისთვის ენერგია მოვიკრიბოო, თუმცა საეჭვოა, იმ სახლში, იმდენ ხალხში მშვიდად ძილის საშუალება ჰქონდეს.
მას საბინაო პრობლემაზე ადრეც დაუჩივლია და ახლაც გამოთქვა სინანული, რომ მთავრობა უკრაინის ისტორიაში ძიუდოში მსოფლიოს პირველი ჩემპიონისადმი სათანადო ყურადღებას არ იჩენს. მან ევროპის პირველობაზე გამარჯვებისთვის პრემიად 2500 ევრო მიიღო ძიუდოს ევროპული ფედერაციისგან, ადგილობრივი ხელისუფლებისგან - 25 ათასი უკრაინული გრივნა. ზანთარაიას თქმით, ამ თანხით კიევში ერთოთახიან ბინას ვერ იყიდის.
"ყველა მპირდება, მაგრამ საწყენია, ხელისუფლება ჩემს მიღწევებს რომ არ აფასებს. უკვე ვგრძნობ, ნელ-ნელა სტიმულიც მერთმევა და თანდათან ხელებიც ჩამოვყარე. უკრაინიდან პირველი მე გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში, მოვიგე ევროპის პირველობა და არ ვიცი, კიდევ რა უნდა გავაკეთო, ბინა რომ მომცენ!" - ამბობს გაკვირვებული ზანთარაია.
კორესპოდენტი მას ოლიმპიადას შეახსენებს, მოიგე და 100 ათას დოლარს მიიღებო, რაზეც სპორტსმენმა უპასუხა, ოლიმპიადა ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, მე კი მინდა, მას კარგ ფორმაში შევხვდე და არა გულგატეხილიო.
ამის მიუხედავად, ინტერვიუს დასასრულს ზანთარაია მაინც ამბობს, უკრაინის სახელით მინდა ვიბრძოლოო. კეთილი და პატიოსანი - მისი ნებაა, ვისი სახელით იჭიდავებს, მაგრამ იმავე ინტერვიუთი ირკვევა, რომ თურმე, ორი წლის წინ თურქები ეპატიჟებოდნენ. საინტერესოა, სად იყვნენ ამ დროს ქართველები? მართალია, ზანთარაიას ასე იოლად არავინ გამოუშვებს უკრაინიდან, მაგრამ, როცა შენიანზე სხვები ტაციაობენ, ცოტა ჩვენც უნდა გავტოკდეთ. არადა, წლების წინ ჩვენს ფედერაციაში ზანთარაიაზე მითხრეს, რომ ის არ სჭირდებოდათ, რადგან ამ წონაში საკუთარი სპორტსმენებიც ჰყავდათ!
თუმცა ეს სხვა საკითხია, მათი საბინაო პრობლემა კი საყურადღებო სხვა მხრივაც მოგვეჩვენა. ევროპის წლევანდელ პირველობებზე საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი ახალმა თაობამ, რომელმაც საოლიმპიადოდ დიდი იმედები ჩაგვისახა. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე მათ კიდევ ერთხელ აღუთქვეს, რომ წლის ბოლოს კუთვნილ პრემიებს მიიღებენ და თან რამდენჯერმე მოუბოდიშეს კიდეც, ეს მინიმუმია, რასაც სახელმწიფო გიკეთებთო.
არადა, არაა მინიმუმი და აჯობებს, სპორტულ წარმატებებს მეშჩანურ საბურველში ნუ გავხვევთ - საქართველოში სხვებზე უკეთ აფასებენ მათ მიღწევებს და არასოდეს კმაყოფილდებიან მხოლოდ სახელმწიფო პრემიებით. არადა, ბოლო ხანებში თითქოს რაღაც ჩვეულებრივი სახე მიიღო ბინებითა და პრემიებით ვაჭრობამ, ბევრისგან თითქოს ისეთი პოზიცია გამოიკვეთა, თუ ამას არ გამიკეთებთ, არ ვიჭიდავებო. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ზოგიერთებს ხელფასი სტეპენდიაში აერიათ და მაინც ითხოვდნენ ანაზღაურებას, ბინებს, პრივილეგიებს იმის მიუხედავად, რომ წარმატებები უკვე აღარ ჰქონდათ.
ეს პრობლემა როგორღაც მოგვარდა და ვფიქრობთ, ახალ თაობას მაინც აღარ უნდა ჩავუბეჭდოთ, რომ მათთვის მინიმუმი კეთდება და ძალაუნებურად ხელი არ უნდა წავუბიძგოთ ვაჭრობა-ულტიმატუმისკენ. მათ უნდა ვასწავლოთ, რომ ყველაზე დიდი ჯილდო სამშობლოს სახელის წარმატებით დაცვა იქნება და არა ფული, ბინა ან მანქანა. ერთხელ ოლიმპიურმა ჩემპიონმა მზია ჯუღელმა მომავალ სპორტსმენებს, პატარა ბავშვებს მიმართა, თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რამდენად ბედნიერები ხართ, უცხოეთში საქართველოს სახელის დაცვა რომ შეგიძლიათო და ამის თქმაზე ატირდა...
მართლაც დიდი ბედნიერებაა, მთელი მსოფლიო რომ ქართველად გაგიცნობს და რუსს არ დაგიძახებს! აი, სწორედ ეს უნდა იყოს ნებისმიერი ქართველი სპორტსმენისთვის უპირველესი მიზანი, თუმცა კიდევ ვიმეორებთ - ქვეყანა არც ფინანსურად ივიწყებს მათ მიღწევას. ეს ორი მაგალითი ხომ შემოგთავაზეთ და რამდენიმე ადრინდელსაც შეგახსენებთ: ძიუდოში უკრაინის ორგზის ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოს პრიზიორი რომან გონტიუკი (81) და თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიდის ვიცე, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ვასილ ფედორიშინი (60) დღემდე თითო ოთახიან ბინებში ცხოვრობენ; შარშან რუსი ძიუდოისტი ივან ნიფონტოვი (81) ევროპის ჩემპიონიც გახდა და მსოფლიოსიც, ეს მიღწევა კი იმით დაუფასეს, რომ ბინა მოსკოვში კი არა, მშობლიურ ბარნაულში უყიდეს. ისიც ერთოთახიანი და ისიც 10% მას დააფარინეს!
სამშობლოში, საერთოდ, გაუგონარი ამბავი შეემთხვა ტაჯიკ ძიუდოისტ რასულ ბოკიევს (73) - მსოფლიოსა და ოლიმპიურ პრიზიორს არათუ რაიმე მისცეს, შეჯიბრებებზეც ვერ აგზავნიდნენ, ხელფასსაც ვერ უხდიდნენ და იძულებული გახადეს, რუსეთში წასულიყო. ტაჯიკეთის ხელისუფლება მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა და უკანაც დააბრუნა, თან ყველანაირი პირობა შეუქმნეს სავარჯიშოდ.