წილი ნაყარია, მეტოქეები - გარკვეული

AutoSharing Option
ბაქოს "დიდი პრიზი" ძიუდოში დღეს იწყება, საქართველოს ვაჟთა ნაკრების ხელმძღვანელობამ კი მორიგი საკადრო ცვლილება შემოგვთავაზა და ბოლო მომენტში 100 კილოგრამში ორივე ლიდერი შეცვალა.

აქ ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატის მედალოსნებს - ვიცე-ჩემპიონ ლომერ ჟორჟოლიანსა და ბრინჯაოს პრიზიორს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს უნდა ეჭიდავათ, მაგრამ მათ ნაცვლად კონსტანტინე მუკვანი და ალექსანდრე მსხალაძე შეიყვანეს. თუმცა როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში განგვიმარტეს, მიზეზიც საპატიოა - ორივეს პატარა ტრავმები აწუხებდა და შესაძლო გართულებათა თავიდან ასაცილებლად მწვრთნელებმა არ გარისკეს.

ცხადია, ეს დანაკლისია ჩვენი გუნდისთვის. ასევე
ბოლო დღეს აზერბაიჯანის ნაკრებმაც სერიოზული დანაკარგი განიცადა - ტრავმის გამო ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ელმარ გასიმოვი (100) ვერ იჭიდავებს.

თუმცა ცირეკიძეც, ჟორჟოლიანიც და ტრავმის გამო "დიდ პრიზს" გამოკლებული ევროპის კიდევ ერთი ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი (60) ბაქოში მაინც გაემგზავრებიან. მიზეზი იქ შეჯიბრების შემდეგ გასამართი ერთობლივი ვარჯიშებია, რომელშიც თანაგუნდელებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. თავად ტურნირში მუკვანი-მსხალაძის გარდა ამირან პაპინაშვილი (60), შალვა ქარდავა (60), ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე - 81), ვალერი ლიპარტელიანი (90) და ნოდარ მეტრეველი (+100) იჭიდავებენ. ბარემ აქვე გეტყვით, რომ ვიდრე ეს შემადგენლობა ბაქოში ივარჯიშებს, აქ დარჩენილები დუშეთის ოლიმპიური მზადების ბაზას მიაშურებენ და იქ გაივლიან შეკრებას.

მოლოდინისამებრ, ბაქოს "დიდი პრიზი" მართლაც წარმომადგენლობითი შეჯიბრება გამოდგა, თუმცა არც მთლად ისეთი, როგორც ორგანიზატორები მოელოდნენ - 53-ის ნაცვლად 50 გუნდი გამოდის, "სერხედჯის" ოლიმპიურ კომპლექსში კი ძალებს 342 ძიუდოისტი მოსინჯავს. აქედან ვაჟთა ტურნირში 45 ნაკრები იქნება წარმოდგენილი 206 სპორტსმენით. მიზეზთა გამო, ქალთა ტურნირში მონაწილე არ გვეყოლება. სტუმართა შორის არ არიან იაპონია და სამხრეთ კორეა.

გუშინ წილისწყრაც ჩატარდა და ჩვენებურთა შანსებზეც შეგვიძლია საუბარი. მსოფლიოს რეიტინგში მე-13 ადგილზე მყოფი ამირან პაპინაშვილი პირველ წრეში ისვენებს. მისი მეტოქე ანდრეას მაჯერსისა და ყაზახი აშხატ ტელმანოვის შეხვედრაში გაირკვევა. ამ ჯგუფში ურიგო მოჭიდავე არც უზბეკი გაბიტ ესიმბეტოვია, მაგრამ ჩვენებურის ყველაზე საშიშ მეტოქედ თბილისის ტურნირის მომგები აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევი მიგვაჩნია. შეგახსენებთ, რომ მაშინ მუშკიევმა ნახევარფინალში დავით ასუმბანი დაგვიმარცხა, ევროპაზე კი შუკვანმა მოუგო. პაპინაშვილი თუ ნახევარფინალში გავა, იქ მის შესაძლო მეტოქეთა შორის რუსთა სახელით მოჭიდავე გორელი რობერტ მშვიდობაძე და კიდევ ერთი ანგარიშგასაწევი აზერბაიჯანელი, ახალგაზრდებს შორის ევროპის მესამე პრიზიორი ვუგარ შირინლი არიან. რაც მთავარია, პაპინაშვილს ფინალამდე არ შეხვდება უკრაინის სახელით მოასპარეზე თანამემამულე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია, ვისთანაც წლეულს ევროპაზე დამარცხდა.

ქარდავას მეტოქე პირველივე წრეში მონღოლეთის შარშანდელი ჩემპიონი კიშიგბაიარ ბუუვაიბაატარია. ამ წყვილში გამარჯვებულს სლოვენიელ ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ როკ დრაკშიჩსა და პოლონელ ტომაშ კოვალსკის შორის მოგებული ელოდება.

ტატალაშვილი ის მოჭიდავეა, რომლის გამოსვლაც განსაკუთრებულად გვაინტერესებს. მიზეზი ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ გუნდურ პირველობაში აჭიდავეს, პირადში კი არ დააყენეს. არადა, გუნდურში კარგად გამოვიდა - სამივე შეხვედრა მოიგო. ვნახოთ, რას იზამს ახლა ანუ იყო თუ არა ის შედეგი ლოგიკური. პირველ წრეში ტატალაშვილიც ისვენებს და მისი მომავალი მეტოქეც, მასპინძელი ნადირ ბაბაევიც. აზერბაიჯანელი ჯერ ახალგაზრდა და გამოუცდელია, მაგრამ მასპინძელია, სახლში კი მათთან ჭიდაობა ათმაგად ძნელია. ტატალაშვილი უამისოდაც უძლიერეს ჯგუფში მოხვდა - ბაბაევს თუ გასცდა, მომდევნო წრეში მონღოლ მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორ ჩაგანბაატარ ხაშბაატარსა (ეს მანამდე ყაზახ რინატ იბრაგიმოვს კი ხვდება, მაგრამ მასთან, წესით, პრობლემა არ უნდა შეექმნას) და ჰოლანდიელ ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ დექს ელმონტს შორის მოგებულს შეხვდება.

ესეც თუ გაიარა და ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე ესპანელი ევროპის ექს-ჩემპიონი კიოში უემაცუა, ცოტა იქით კი ევროპის კიდევ ერთი ექს-ჩემპიონი, უკრაინელი ვოლოდიმირ სოროკაა. ბადის ამავე ნახევარში არიან ებრაელი იოსებ ფალელაშვილი, მასპინძელი რამილ გასიმოვი, უზბეკი მირალი შარიპოვი და იტალიელი ანდრეა რეჯისი. ერთი სიტყვით, ვინც კი რაიმეს წარმოადგენს, ლამის ყველა აქეთაა, მეორე მხარეს კი გამორჩეულად ძლიერი არავინ დარჩა. შედეგად, პაპოშვილსაც მეტად გაუმართლა - პირველ წრეში რუმინელ ნიკოლაი ანდრეა მერგეს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი კანადელი ნიკოლას ტრიტონი ელოდება. ჩეხი იერომირ იეჟეკი და შვეიცარიელი დევიდ პაპო აქეთ კი არიან, მაგრამ ჩვენებურს ნახევარფინალამდე ვერ შეხვდებიან. პაპოშვილის სიახლოვესაა რუსეთის ჩემპიონი სერგეი ბადრიაშვილიც, თუმცა მას წონის ლიდერად ნამდვილად ვერ მივიჩნევთ.

ტატალაშვილისა არ იყოს, ჭრიკიშვილის გამოსვლაც განსაკუთრებით გვაინტერესებს იმავე მიზეზით - ევროპის პირველობაზე მასაც მხოლოდ გუნდური ერგო. ბაქოს შეჯიბრებას ჩვენებური მეორე წრიდან იწყებს, სადაც უნგრელ შანდორ ნაგისოლიმოშს დაეჭიდება. შეიძლება ითქვას, მასაც გაუმართლა, ოღონდ ვერ გეტყვით, თვითონ რამდენადაა ფორმაში და გადაღლილი ხომ არ არის, რაზეც კულუარებში აქტიურად საუბრობენ. მადიარი უფრო გამოცდილია, მაგრამ ჩვენებური ნამდვილი ტალანტია. ამ წყვილში გამარჯვებულს ძლიერი მეტოქე არც მომდევნო წრეში ელოდება - რუსთა ახალბედა ივან ვორობიოვის, თურქ ტანჯუ სორლისა და თბილისის მსოფლიოს თასის 2008 წლის გამარჯვებულის, ევროპის შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ (ოღონდ 73-ში), ბელარუს ალექსანდრ სტიაშენკას ტრიოში გამარჯვებული. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენებური მეოთხედფინალში გავა, შესაძლოა, იქ მასპინძელთა მსოფლიოს პრიზიორ ელხან რაჯაბლის შეხვდეს, ვისაც წლეულს თბილისის მსოფლიოს თასზე ნახევარფინალში მოუგო.

რაც შეეხება ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ წიკლაურს, ის ჩვენი ტურნირის წლევანდელ მესამე პრიზიორ თურქ აჰმეტ სარის დაეჭიდება, მასთან მოგების შემთხვევაში კი მომდევნო მეტოქე 73-დან ამონაცვლებულ ფრანგ ანტონ ჟანინის, ბელგიელ იოახიმ ბოტიეს და მასპინძელ ტურალ საფგულიევს შორის გამოვლინდება. ბადის ამავე ნახევარშია გერმანელი ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ოლე ბიშოფიც.

რეიტინგში მეათე ადგილზე მყოფი ლიპარტელიანი განთესილია, რაც წილისყრასაც დაეტყო - შედარებით სუსტ ქვეჯგუფში მოხვდა. ის პირველ წრეში გერმანელ კრისტოფ ლამბერტს ხვდება, რომელსაც უნდა გასცდეს, მერე კი კამერუნელ დიუდონე დოლასემსა და ყაზახ ალექსანდრ კოსაჩევს შორის მოგებულს შეხვდება. აქვეა ლატვიელი ევროპის მესამე პრიზიორი კაროლის ბაუჟა, რომელიც მასპინძელ კენან ნაგიევს ხვდება, მასთან მოგების შემთხვევაში კი ალჟირელ ლიეს ბოუიაკოუბს დაეჭიდება. ნახევარფინალში გამსვლელი ამათ შორის უნდა გაირკვეს, თუმცა დაგვეთანხმებით, ჩამოთვლილთა შორის არც ერთი არაა ისეთი, ლიპარტელიანს წინსვლაში ხელი შეუშალოს. ნახევარფინალში სავარაუდო მეტოქეთა შორის ყველაზე ძლიერები უზბეკი დილშოდ ჩორიევი, პოლონელი ევროპის ჩემპიონი რობერტ კრავჩუკი და უკრაინელი ევროპის სამგზის ჩემპიონი ვალენტინ გრეკოვი არიან.

მუკვანი ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ჩემპიონ უკრაინელ არტემ ბლოშენკოსთან შეხვედრით დაიწყებს ასპარეზობას, ამათ შორის მოგებულს კი ლატვიელი ევროპის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი ეუგენიუს ბოროდავკო ელოდება. ამავე ჯგუფშია ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლის და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ებრაელი არიელ ზეევიც. მსხალაძე რუსეთის ჩემპიონ აშხაბ კოსტოევს ეჭიდავება, ამათ შორის მოგებულს კი ახალგაზრდებში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჩეხი ლუკაშ კრპალეკი ელოდება. მეტრეველი თავიდან ყაზახ ბეიბიტ ისტიბაიევს ხვდება, ხოლო თუ მოუგებს, მერე ეგვიპტელ მსოფლიოს პრიზიორ ისლამ ელ შეჰაბისთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

მოგეხსენებათ, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ შეისყიდა ძიუდოს ტურნირების ტრანსლაციის უფლება, რაზეც შეთანხმება საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააფორმა. პირველი რეპორტაჟი სწორედ ბაქოდან იქნება, თუმცა არა მთლად ისე, როგორც ფედერაცია გეგმავდა. კერძოდ, ვერ ხერხდება ნახევარფინალური შეხვედრების ჩვენება, ფინალები კი ნამდვილად გადმოიცემა. ნახევარფინალში ჩვენებურთა გასვლის შემთხვევაში მათი ორთაბრძოლის ვიდეოჩანაწერებს ფინალური ბლოკის მიმდინარეობისას ვიხილავთ, რომელიც 17.30-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული