ზვიადაური და მისი მწვრთნელი დააფასეს

AutoSharing Option
დღეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურის დაბადების დღეა, გუშინ კი მისი პირველი მწვრთნელის - გუგული აბრამიშვილის დაბადების დღე იყო. მეორე წელიწადია, ამ ორი თარიღის აღსანიშნავად ახმეტაში, ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს დარბაზში მოზარდ ძიუდოისტთა შორის საერთაშორისო ტურნირი ტარდება.

თუმცა წლევანდელი შეჯიბრება ცოტათი განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა - 16-წლამდელებში ზვიადაურის სახელობისა და 23-იანებში აბრამიშვილის სახელობისა. ამჟამად ორგანიზატორები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სკოლა იყვნენ.

უცხოელთაგან შეჯიბრებაში
ლიტვისა და აზერბაიჯანის გუნდები გამოდიან, თუმცა მასპინძლები ბევრად მეტს ელოდნენ. ყოველ შემთხვევაში, მოსაწვევი ბევრს გაუგზავნეს, თუმცა მათი ჩამოუსვლელობის მიუხედავად, მონაწილეთა რაოდენობაზე საყვედური არ ითქმის, რადგან ქვეყნის რაიონებიდან 15-ზე მეტი გუნდი ჩავიდა ახმეტაში. ასპარეზობები გუშინ უმცროსთა ოთხ და უფროსთა სამ წონით კატეგორიაში გაიმართა, დანარჩენი კი დღეს ჩატარდება. გუშინდელ შეხვედრებს სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერიც ესწრებოდა, რომელმაც დაჯილდოების ცერემონიალშიც მიიღო მონაწილეობა.

უშუალოდ ასპარეზობის სპორტულ მხარეს რაც შეეხება, გუშინდელმა დღემ მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა, თუმცა აზერბაიჯანელებმაც მოიპოვეს რამდენიმე მედალი, ლიტველთა ანგარიშზე კი ერთი ბრინჯაოა.
კვარცხლბეკი.

16-წლიანები. 55 კგ. 1. ბაჩანა ჭიკაიძე (დედოფლისწარო), 2. ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი), 3. გიორგი ზაქაიძე, ლაშა ბუნტური (ორივე - დედოფლისწყარო).
60 კგ. 1. ბაირამ გუსეინოვი, 2. სამირ აკაევი (ორივე - აზერბაიჯანი), 3. დევიდას ტარულისი (ლიტვა), ვანო ჯანიბეგაშვილი (ახმეტა).
66 კგ. 1. ირაკლი გოგებაშვილი (ბოლნისი), 2. ნოვრუზ ნასიროვი (აზერბაიჯანი), 3. ალეკო კობაიძე (დედოფლისწყარო), მიტუშა ონიანი (თბილისი).
+66 კგ. 1. გიორგი ქურდიანი, 2. გიორგი გველესიანი (ორივე - თბილისი), 3. ვანო ჩურჩხელაშვილი, ჯაბა მუმლაძე (ორივე - ახმეტა).
23-წლიანები. 55 კგ. 1. რაშიდ ხალილოვი (აზერბაიჯანი), 2. გიორგი ხუციანიძე, 3. გიორგი ზარაფიშვილი (ორივე - დედოფლისწყარო), სოსო ბაჯიაშვილი (ახმეტა).
60 კგ. 1. ვახტანგ ჩიდრაშვილი (თელავი), 2. გიორგი მახარაშვილი (გურჯაანი), 3. გიორგი ბუნტური, ცოტნე წიკლაური (ორივე - დედოფლისწყარო).
66 კგ. 1. მინდია ლილუაშვილი (ზესტაფონი), 2. ბექა ვიბლიანი (ბოლნისი), 3. ზეზვა არაბული, იაკობ გაზდელიანი (ორივე - თბილისი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული