ირაკლი ცირეკიძე: მავარჯიშეთ!

AutoSharing Option
მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე (100) კიდევ ერთხელ გაეხვია უსიამოვნო ამბავში - ბაქოს "დიდი პრიზიდან" დაბრუნებული სპორტსმენი ნაკრებისა და ფედერაციის ხელმძღვანელობას ორიოდე დღით დაეთხოვა და ქუთაისში წავიდა პირადი პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ დათქმულ დროს არათუ დაბრუნდა, საერთოდ არავის დაკავშირებია და ერთი შეკრებაც ჩააგდო.

შედეგად, ვერც მოსკოვში იჭიდავა "დიდ მუზარადზე", მაშინ მას ფიზიკურად ვერსად მიაგნეს, თუმცა რომც გამოჩენილიყო, საეჭვოა ნაკრების ავსტრიელ მთავარ მწვრთნელ პეტერ ზაიზენბახერს ტურნირზე წაეყვანა - დისციპლინის მკაცრი დამცველი ევროპელი რეჟიმის დარღვევისთვის ისე შემოსწყრა ყველაზე ტიტულოვან შეგირდს, რომ მსოფლიოს
პირველობისთვის გუნდთან ერთად მზადება აუკრძალა. თუმცა ბოლომდე მაინც არ გასწირა და გარკვეული შეღავათებიც გაუწია - არც დისკვალიფიკაცია მოუთხოვია და მსოფლიოზე მოხვედრის შანსიც დაუტოვა. ინდივიდუალურად ივარჯიშოს და თუ ფორმაში იქნება, მსოფლიოს პირველობაზეც წავიყვანო, განაცხადა მწვრთნელმა.

ფედერაციის, ნაკრებისა თუ ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელთა დარად, ცირეკიძეს იმ დღეებში ვერც ჩვენ დავუკავშირდით, გუშინ კი მასთან ინტერვიუ ჩავიწერეთ...

- რას ფიქრობთ კარიერის გაგრძელებაზე, რა გაქვთ გადაწყვეტილი?
- ჩემთვის ეს ცოტა მძიმე თემაა სასაუბროდ... ცხადია, მე კი მინდა კარიერის გაგრძელება, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული, თვითონ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, მოითხოვს თუ არა სანქციას.

- მაგრამ მან ხომ მოგცათ ვარჯიშის გაგრძლების და ნაკრებში მოხვედრის შანსი? არც სანქცია მოუთხოვია, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ნაკრებში დაბრუნების წინააღმდეგი არაა.
- ეს კია, მაგრამ მე მინდოდა ნაკრებთან და ბიჭებთან ერთად შეკრებაზე მომზადება და არა ინდივიდუალურად. ცალკე ვარჯიში ბევრად უფრო რთულია და ამხელა პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვერ ავიღებ.

- თუ თქვენ ამის სურვილი გამოთქვით, როგორ მიგაჩნიათ - რატომ არ დაგთანხმდათ ზაიზენბახერი შეკრებაზე წაყვანაზე?
- მიზეზად დისციპლინის დარღვევა დაასახელა, როცა რამდენიმე დღით სახლში დავბრუნდი.

- ის შეკრება ხომ გააცდინეთ, რატომ არ ჩახვედით სავარჯიშოდ?
- ყველამ იცოდა, რომ რამდენიმე დღით დავბრუნდი სახლში - მე თვითონ ვითხოვე გათავისუფლება. ოჯახი მყავს და ამის გარდა იყო რაღაც საქმეები მოსაგვარებელი. ამიტომ ვითხოვე რამდენიმე დღე. მერე ითქვა, რომ თითქოს ვერ მიკავშირდებოდნენ, მაგრამ მეორე ტელეფონი ჩართული მქონდა, მისი ნომერი კი ყველამ იცოდა. ფედერაციიდან გოგონები ჩვეულებრივ მირეკავდნენ და საბუთებიც გავაგზავნე ვიზებისთვის. ასე რომ, გაუჩინარებული არ ვყოფილვარ.

- თქვენ თვითონ რატომ არ დაუკავშირდით ხელმძღვანელობას, როცა შეთანხმებულ ვადას გადააცილეთ და შეკრებაზე არ ჩადიოდით?
- არ მეგონა, ეს ამბავი ამხელა აჟიოტაჟს თუ გამოიწვევდა. ვარჯიში რომ მინდა, ეს ფაქტია - თებერვალში განვაახლე, ნაკრებშიც ვიყავი და ამხელა შესვენების შემდეგ რაღაც შედეგებიც მქონდა. გულმოდგინედაც ვვარჯიშობდი და არც დისციპლინას ვარღვევდი, ახლა კი იმ რამდენიმე დღემ თავდაყირა დააყენა ყველაფერი.

- გაურკვევლობაც ყველაზე მეტად მაგან გამოიწვია - ამბობდნენ, რომ სპორტში დაბრუნების შემდეგ მეორე სუნთქვა გაგეხსნათ და მართლა გულმოდგინედ, რეჟიმის სრული დაცვით ვარჯიშობდით, უცებ კი ასეთი რამე მოხდა... ნებით თუ უნებლიედ, ფაქტია, რომ დისციპლინა დაარღვიეთ, რაც ძალზე მოულოდნელი აღმოჩნდა იმ მონდომების ფონზე...
- თავის მართლებასავით გამომდის, მაგრამ რომ არ მინდოდეს, ხომ არ გავაგრძელებდი ვარჯიშს? უბრალოდ, იყო ის რამდენიმე დღე, რომელმაც ასეთი ამბავი გამოიწვია. კარიერაში ყოველთვის მქონდა პერიოდი, როცა ცოტა ხნით დასვენება, ამოსუნთქვა შემეძლო. აქეთ ევროპის ჩემპიონატი ჩავატარეთ, იქით - შეკრებები... ამას ემატება ოჯახი, საიდანაც სულ წამოსული ხარ და ადამიანს ცოტა დასვენება გჭირდება. ჩემთვისაც ასე იყო ის რამდენიმე დღე.

- აქედან გამომდინარე, ხომ არაა შეუსაბამობა თქვენსა და ნაკრების თავკაც პეტერ ზაიზენბახერის სავარჯიშო გრაფიკს შორის? მან თქვა კიდეც, ცირეკიძეს ხშირად უჩნდებოდა კითხვები ჩემს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და თუ ჩემი გეგმა არ მოსწონს, ცალკე ივარჯიშოსო.
- არა, არავითარი შეუთანხმებლობა არ ყოფილა და ვერ ვხვდები, ამის თქმა რაში დასჭირდა! რასაც გვავალებდა, ყველაფერს ვაკეთებდი. ტრავმა თუ მქონდა და ამ მიზეზით ვერ ვივარჯიშებდი, ეს თუ იქნებოდა, თორემ სხვა მიზეზი არ ყოფილა.

- შექმნილ ვითარებაში, როცა ასეთი სტატუს-ქვო ჩამოყალიბდა, რას აპირებთ და როგორ წარმოგიდგენიათ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება?
- არ ვიცი, ზუსტად რა გიპასუხოთ... სპორტიდან ასე წასვლა ვერ წარმომიდგენია, ამაზე ვერც ვფიქრობ და ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ. იქნებ მოხდეს ისე, რომ ვარჯიში ჩვეულ სტილში, ნაკრებთან ერთად გავაგრძელო - მარტო მომზადება გამიჭირდება და ძალიან ძნელიც იქნება.

- ამის თაობაზე თუ მიმართეთ ნაკრების, ფედერაციის, ქართული სპორტის ხელმძღვანელობას?
- რამდენადაც ვიცი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი უცხოეთშია წასული. როცა დაბრუნდება, იმედია, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და იქნებ შევთანხმდეთ, რომ ძველებურად გავაგრძელო ვარჯიში ნაკრებთან.

- გუნდი საკმაოდ ხანგრძლივად - თვენახევრით მიდის იაპონიაში, შეკრებაზე. ვთქვათ და წაგიყვანათ ზაიზენბახერმა, ხართ კი მზად, ასე ხანგრძლივად მოშორდეთ ოჯახს და იქ ჩვეულად ივარჯიშოთ?
- ცხადია, მზად ვარ. იაპონიაში ადრეც ხომ ვიყავით ასევე ხანგრძლივი პერიოდით და როგორც მაშინ ვივარჯიშე, ისე ვიმუშავებ ახლაც.

- მოკლედ, როგორც ამბობთ, სპორტში დარჩენა გსურთ და სამისო სტიმულიც გაქვთ...
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ - სპორტიდან ასე წასვლა ვერ წარმომიდგენია. თავსაც ვატყობ, ჯერ კიდევ შემიძლია რაღაცის გაკეთება. ამდენი მივარჯიშია და ჩემი თავისაც მჯერა, სურვილიც მიჩნდება, კიდევ მოვიპოვო წარმატებები.

- ალბათ, ევროპის ჩემპიონატმა და იქ მოპოვებულმა ბრინჯაოს მედალმა დამატებითი სტიმული მოგცათ - ირწმუნებდით, რომ ახალ წონაშიც შეგიძლიათ დიდი შედეგების მიღწევა?
- მართალია, მაგრამ ევროპაზე უფრო მეტიც შეიძლებოდა. ეს უტოპია არ იყო, მაგრამ პატარ-პატარა ხარვეზების გამო უკეთესს შედეგს ვერ მივაღწიე. ვფიქრობ, ფიზიკური მომზადება მაკლდა, თორემ სუნთქვა და გამძლეობა რიგზე იყო. 90 კილოგრამში ფიზმომზადების პრობლემა არ მქონია, მაგრამ აქ სხვა დატვირთვებია, სხვა მოთხოვნები.

- დასასრულს მაინც მინდა იმავე თემას დავუბრუნდე - გაქვთ იმედი, რომ ზაიზენბახერი გადაწყვეტილებას შეიცვლის?
- ვიმედოვნებ, შეიცვლის. თხოვნით იქნება თუ რა ფორმით, ალბათ, მაინც მომცემს ნაკრებთან ერთად ვარჯიშის საშუალებას.

- მაგრამ საამისოდ თქვენც მყარი გარანტია უნდა მისცეთ, რომ მის გეგმას არ დაარღვევთ და სრული დატვირთვით ივარჯიშებთ. ის სწორედ ამას ამბობს - იაპონიაში კი წავიყვან, მაგრამ ვაიდა, არ ივარჯიშოსო...
- ხომ ვიყავით იაპონიაში და ხომ ვივარჯიშეთ სრული დატვირთვით? მაშინ თვითონაც აღნიშნავდა, რომ კმაყოფილი დარჩა ჩვენი მუშაობით და ახლა რა უნდა შეიცვალოს? მე მზად ვარ, მისი დავალებები სრულყოფილად შევასრულო.

ჩვენი კომენტარი
შეკრების გაცდენა რომ დისციპლინის დარღვევაა, ამაზე არც ჩვენ ვკამათობთ და არც - თვითონ ცირეკიძე; ისიც უდაოა, რომ ნაკრებში წესრიგი უმთავრესი უნდა იყოს, თუმცა იქნებ ის მოსაზრებაც მართალია, რომ ადამიანი მანქანა არაა და ცოტა სულის მოთქმა სჭირდება. აუცილებლად შემახსენებენ უცხოელთა მაგალითს, რომლებიც თვიდან თვემდე შეკრებებზე არიან და წლიდან წლამდე შეუჩერებლად ვარჯიშობენ, რასაც ჩვენც დავეთანხმებით მცირეოდენი შესწორებით - ისინი ამას ბავშვობიდან ეჩვევიან, ჩვენები კი მსგავს რეჟიმში მუშაობას ახლა იწყებენ. ამიტომ იქნებ ჯობდეს ცოტა შეღავათების დაშვება?

ამასთან დაკავშირებით ზაიზენბახერის პოზიცია ასეთია - ერთს რომ გავუწიო შეღავათი, სხვაც მოითხოვსო. ფედერაციაში კონკრეტული გვარებიც დაგვისახელეს, რომლებიც ასევე ითხოვენ შინ რამდენიმე დღით გაშვებას. ვეთანხმებით იმ მოსაზრებასაც, რომ მართლაც არ შეიძლება, ყველა თავის ნებაზე დადიოდეს. პირიქით - მკაცრი დისციპლინას ვემხრობით, მაგრამ აქ მარადიულ დილემას მივადეგით - "დესპოტობა" ჯობია თუ დიპლომატია და ჰუმანური მიდგომა? ყველა მწვრთნელს თავისი მეთოდი აქვს - მსოფლიოს სპორტმა უამრავი მაგალითი იცის, როცა დამრიგებლებს სიმკაცრითაც მიუღწევიათ წარმატებისთვის და "გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი" მიდგომითაც.

ასეა თუ ისე, ცირეკიძის ამ სიტყვებზე ის გაგვახსენდა, რომ შოთა ხაბარელი მასაც და სხვებსაც პერიოდულად აძლევდა სულის მოთქმის საშუალებას, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ შედეგები არ იყო... მუნჯის ენა დედამ იცისო და რამდენი სპორტსმენიცაა, იმდენი პიროვნება, იმდენი ხასიათია, მწვრთნელი კი მოვალეა, ყველას მოარგოს გასაღები.

სულაც არ გვინდა, ვინმემ ზაიზენბახერის მოწინააღმდეგედ მიგვიჩნიოს, მაგრამ მისი ერთხაზოვანი მიდგომა, ცოტა არ იყოს და საჭოჭმანოდ გვეჩვენება. ის ცდილობს, ყველა საერთო ჩარჩოში ჩასვას, როგორც ჯარისკაცები და ინდივიდუალირ მიდგომებს გამორიცხავს. საეჭვოდ სწორედ ასეთი მიდგომა მიგვაჩნია - იქნებ "ამოსუნთქვამ" უკეთესი შედეგი მოგვცეს, ხოლო რაც შეეხება სხვებისგან შეღავათების მოთხოვნას და ცუდი მაგალითის გადამდებ ეფექტს, ვფიქრობთ, ეს პრობლემაც სწორი და პრინციპული მიდგომის შემთხვევაში მოგვარებადია. ვიმეორებთ - წესრიგის მომხრე ვართ დ არც ცირეკიძეს ვამართლებთ შეკრების გაცდენისთვის, მაგრამ იქნებ რაღაც შუალედის გამოძებნა ჯობდეს და საჭირო ხალხი ნაკრებიდან ასე ხელაღებით არ მოვიშოროთ? მით უფრო, უცხოელებისგან განსხვავებით საკადრო არჩევანში მეტისმეტად შეზღუდულები ვართ და ასე დასაკარგი ხალხი არ გვყავს, იმათ კი ყველა წონაში რამდენიმე ძლიერი კადრი მოეპოვებათ.

თუ ჩვენც მივაღწევთ იმ დონეს, რომ ახალგაზრდული და ბავშვთა სპორტი კადრების ასეთ კონვეიერად ვაქციოთ ანუ გავზარდოთ კონკურენცია, მაშინ ეს პრობლემა აქაც მოიხსნება, მანამ კი, ვიდრე ამის საშუალება არაა და ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული, ჩვენი ამოცანა ზუსტი ნაბიჯების გადადგმაა, რათა შედეგიანად გავიაროთ და არ გადავვარდეთ. ზაიზენბახერის ხელში რამდენიმე ძიუდოისტის გამოღვიძება უკვე ვიხილეთ, მაგრამ საწინააღდეგიო მაგალითებიც გვაქვს ანუ გადაღლა-გადაწვის საშიშროებაც რეალურია. აქ ბუნებრივად ჩნდება კითხვა - არის კი საშუალება, რომ ბეწვის ხიდი ავიცილოთ და ნორმალური გზით ვიაროთ?
მკითხველის კომენტარები / 4 /
ცირეკიძე კიდევ მოგვიტანს მედლებს,სახვეწარი რატო უნდა ქონდეს??მაგარი ხარ ირაკლიიიიი:)))
tika
01:32 08-06-2011
0
გისურვებ მოთმინებით შეძლო ძლიერების დამტკიცება მაშინ ყველა გაგიგებს მიდი და დაამტკიცე რომ ჩემპიონებად იბადებიან გაუმარჯოს ცირეკიძეს
zurabrihvilibe
02:16 05-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული