ამასთან, ჩვენმა ნაკრებმა გაიმარჯვა გუნდურ ჩათვლაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუმინეთში ძირითადად სათადარიგოები წავიდნენ, გუნდის 8 წევრიდან კი მოპოვებულია ოთხი მედალი და ერთი მეხუთე ადგილი - ამბაკო ავალიანის (73) მიერ, შედეგი ნამდვილად კარგია. ჩვენებს გუშინ განსაკუთრებული დღე ჰქონ
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ტურნირი მთლად უძლიერესი შემადგენლობისა არ იყო, მაგრამ არც სუსტი ეთქმოდა. რუმინეთში არ ჩასულან იაპონიისა და კორეის გუნდები, ევროპელები მაინც სერიოზულად მოეკიდნენ შეჯიბრებას. რაც მთავარია, ჩვენი ნაკრების თავკაცი პეტერ ზაიზენბახერი ამ თასს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ცალკეულ ფალავანთა გამოცდის თვალსაზრისით - ისინი საგანგებოდ შემოინახა ამ შედარებით სუსტი ტურნირისთვის, სადაც წარმატების მეტი შანსი ექნებოდათ, ეს კი საკუთარი ძალების რწმენას შემატებთო. ამ მხრივ შეჯიბრებამ სრულად გაამართლა.
მისასალმებელია შუკვანის მორიგი წარმატება. ევროპის ვიცე-ჩემპიონობის შემდეგ დღეს უკვე შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ სტაბილურობას მიაღწია და ის წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა. ბუქარესტში მან ხუთივე შეხვედრა წმინდად მოიგო. არადა, თავიდან თუ წილისყრამ გაუმართლა - იტალიელი ვინჩენცო კამერლინგო, ჩინელი ლიშუან იანი და ბულგარელი იანისლავ გერჩევი ხვდებოდნენ, ნახევარფინალში ავსტრიელი მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ლუდვიგ პაიშერი გადაეყარა. ტიტულების მიუხედავად, ჩვენებურმა ასეთი ძლიერი მეტოქე პირდაპირ იპონით დაამარცხა. საბედნიეროდ, ფინალშიც შეძლო მობილიზება გერმანელ ტობიას ენგლმაიერთან და ორი ვაზარი ჩაუტარა. რაც მთავარია, ეს გდებები ძალიან თავისუფლად შეასრულა, დაუძაბავად და არც დაღლა ეტყობოდა. მისასალმებელია, რომ ამ წონაში ძლიერი კონკურენცია გაჩნდა, რაც ამირან პაპინაშვილს მოდუნების საშუალებას არ მისცემს.
ბოლო პერიოდის გაჭიანურებული ჩავარდნის ფონზე ჭრიკიშვილი პაიშერმა შეგნებულად გააგზავნა რუმინეთში (თვითონ არ გაჰყოლია გუნდს. არც ზურაბ ზვიადაური წასულა, ხოლო ნაკრები ივერი ჯიქურაულმა წაიყვანა) და არა მოსკოვში - ეს უფრო სუსტი შეჯიბრებაა, სადაც წარმატების მოპოვების შანსი მეტი აქვს, რაც ფსიქოლოგიურად წაადგებაო. მწვრთნელი მართალიც აღმოჩნდა. ვინც ინტერნეტით უყურებდა შეჯიბრების მიმდინარეობას, დამეთანხმება, რომ ახალგაზრდა ტალანტის გამარჯვება ლოგიკური იყო. ამას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ შეჯიბრების სისუსტეს, რადგან საკმაოდ ძლიერი შემადგენლობაც გამოდიოდა და, რაც მთავარია, ჩვენებურმა კარგად იჭიდავა. მხოლოდ მეოთხედფინალში შედარებით გაუჭირდა ფრანგ ანტოინ ჟანინთან, დამატებითი დროც დასჭირდა, მაგრამ ვაზარი მაინც გაუკეთა. ეს იყო ტურნირზე ქულებით მოგებული ორ შეხვედრიდან ერთი - მანამდე ასეთი სხვაობით ბელგიელი იოახიმ ბოტიე დაამარცხა, სხვა შეხვედრებში კი იპონებით იმარჯვა. დასაწყისში იტალიელი ლუკა პოეტა და სერბი სრჟდან მრვალჯევიჩი დააიპონა. აღსანიშნავია, რომ სერბის დასაჯაბნად 1 წუთიც არ დასჭირდა, არადა, სამივე ხარისხის გდება გაუკეთა. დასკვნით ნაწილში მას ურთიერთობა უკრაინელებთან მოუხდა - ნახევარფინალში ვიქტორ სავინოვი სძლია, ფინალში - არტემ ვასილენკოს. ორივეს უზადო გდებები ჩაუტარა. არადა, ფრანგთან შეხვედრის შემდეგ გაჩნდა შიში, შემორჩებოდა თუ არა ძალები დასკვნით ნაწილში. საბედნიეროდ, შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა, ისე ძლიერად იჭიდავა, თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა.
ალბათ, გოგოჭურს ეს ტურნირი არასოდეს დაავიწყდება, რადგან კარიერაში პირველი შეჯიბრება მოიგო. მისი წაყვანა როგორღაც მოულოდნელიც იყო, მაგრამ ჩანს, ზაიზენბახერს ვარჯიშებზე მოაწონა თავი. ამანაც ხუთივე შეხვედრა წმინდად მოიგო. თანაც - ყველაში იპონი მიითვალა. ვერც იმას ვიტყვით, რომ სუსტი მეტოქეები ჰყავდა - ავსტრიელი მაქს შინჰოფერი უკვე საკმაოდ გამოცდილია (ყოველ შემთხვევაში, ამასთან შედარებაც არ შეიძლება), ხოლო სლოვაკი მილან რანდლი ახალგაზრდებში ევროპის არაერთგზის პრიზიორია, უფროსებში კი 2009 წლის მსოფლიოზე ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა. გოგოჭურს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები აქვს, თუმცა ჟინი და შემართება მის გამოსვლას ყოველთვის ახასიათებდა, როგორც - სილამაზე. მან არც უკან დახევა იცის და ეს თვისებები ახლაც გამოავლინა, თუმცა ამჯერად ტატამზე თითქოს უფრო დაკვირვებით მოძრაობდა. ზემოდასახელებული დუეტის გარდა, ჩვენებურმა ჩეხ მიშალ ჰორაკს, ყირგიზ ჩინგიზ მამედოვს და რუს გრიგორი სულემინის მოუგო. ამათგან მხოლოდ შინჰოფერთან გაუჭირდა პირველივე ორთაბრძოლაში - ვაზარს აგებდა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს მაინც მიაღწია საწადელს. საბედნიეროდ, სხვებთან ბედი ასე სასწორზე არ შეუგდია და ბევრად იოლად აჯობა.
საჭიდაო სამყაროსთვის გოგოჭურიც უცხოა და ფინალში მისი მეტოქე სულემინიც. ეს რუსიც კარგი ფალავანი ჩანს - მანაც შეხვედრათა უმეტესობა წმინდად მოიგო. მათ შორის - ბრაზილიელ ჰუგო პესანასთანაც. ის ფიზიკურად ჩვენებურზე დიდიც ჩანდა და უფრო - ნავარჯიშებიც, მაგრამ მთელი თავისი სიმაღლით ამართულმა გოგოჭურმა ისე წამოიკიდა კისრულზე, ტომარასავით დაახეთქა ტატამზე. იმედია, გოგოჭურის ეს წარმატება ნაკრებში ამ წონაშიც შეგვიქმნის კონკურენციას, რაც ვალერი ლიპარტელიანზეც დადებითად აისახება. ევროპული ფედერაციის საიტმა ის ამ წონაში ჩვენს ახალ ტალანტად მიიჩნია - ზვიადაურის, ირაკლი ცირეკიძის და ლიპარტელიანის შემდეგ.
ხანჯალიაშვილმა პირველ წრეში სერბი მარკო რადულოვიჩი ორი ვაზარით, რუმიონელი დანიელ ნატეა იპონით, ნახევარფინალში რუსი მაგომედ ნაჟმუტდინოვი კი გაფრთხილებებით დაამარცხა. სამწუხაროდ, ფინალში ვერაფერს გახდა ევროპის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონთან, უნგრელ ბარნა ბორთან და გაფრთხილებებით წააგო.
უმედლოდ დარჩენილთაგან ავალიანი უნდა გამოვარჩიოთ, რომლის გამოსვლასაც წარუმატებელს ვერ დავარქმევთ. მან პირველ წრეში პორტუგალიელ ტომას კოსტას ქულებით აჯობა, მერე კი გერმანელი კრისტოფერ ვოელეკი და თურქი ჰასან ვანილოღლუ დააიპონა. გერმანელმა წინა კვირას მოსკოვში ფინალი იჭიდავა, ახლა კი ავალიანმა სამივე ხარისხის ქულა აართვა. ნახევარფინალში მომხდარი მისთვის პატარა დრამა აღმოჩნდა - ებრაელ იოსებ ფალელაშვილთან გაფრთხილებით წააგო 1:2-ზე. არადა, წლეულს მას ორჯერ მოუგო! სამწუხაროდ, მერე ბრინჯაოსთვის ბრძოლაც დათმო ფრანგ ჯონათან ალარდონთან, ვინაც მანამდე პირველ წრეში ნუგზარ ტატალაშვილი დაგვიმარცხა. ცუდია, რომ ამ ახალგაზრდამ თავი დიდად ვერ წარმოაჩინა, როგორც - პაატა მერებაშვილმა (60). მართალია, მან ერთი შეხვედრა კი მოიგო, მაგრამ ფაქტია - მისი კრიზისი კვლავაც გრძელდება. ჩვენი ბოლო მონაწილე - შალვა ქარდავა (66) თითქოს ურიგოდ არ გამოსულა, სამი მეტოქე დაამარცხა, მაგრამ მთავარი მაინც შედეგია, ეს კი მის ჭიდაობაში არც ამჯერად გამოჩნდა.
კვარცხლბეკი
B60 კგ. 1. ბეთქილ შუკვანი (საქართველო), 2. ტობიას ენგლმაიერი (გერმანია), 3. ისამ ნოური (საფრანგეთი), ლუდვიგ პაიშერი (ავსტრია).
66 კგ. 1. დან გეორგე ფასიე (რუმინეთი), 2. დავიდ ლაროსე (საფრანგეთი), 3. კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი), პაველ ზაგროდნიკი (პოლონეთი).
73 კგ. 1. რასულ ბოკიევი (ტაჯიკეთი), 2. იოსებ ფალელაშვილი (ისრაელი), 3. ჯონათან ალარდონი (საფრანგეთი), ჰასან ვანილოღლU (თურქეთი). 5. ამბაკო ავალიანი (საქართველო).
81 კგ. 1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო), 2. არტემ ვასილენკო (უკრაინა), 3. ანტოინ ჟანინი (საფრანგეთი), სზლაბოშს კრისზანი (უნგრეთი).
90 კგ. 1. ზვიად გოგოჭური (საქართველო), 2. გრიგორი სულემინი (რუსეთი), 3. ჩინგიზ მამედოვი (ტაჯიკეთი), მილან რანდლი (სლოვაკეთი).
100 კგ. 1. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი), 2. რამადან დარვიში (ეგვიპტე), 3. ლეონარდო ლეიტე (ბრაზილია), ამელ მეტიკი (ბოსნია).
+100 კგ. 1. ბარნა ბორი (უნგრეთი), 2. ზვიად ხანჯალიაშვილი (საქართველო), 3. ვალტერ სანტოსი (ბრაზილია), სოსლან ბოსტანოვი (რუსეთი).