უჭიდავებლობა რეიტინგებში დაგვეტყო, თუმცა შანსი თითქმის ყველგან გვრჩება

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების ფაქტობრივმა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა უცნაური ტაქტიკა აირჩია - მსოფლიოს პირველობისთვის მოსამზადებლად უცხოური ტურნირების გამოტოვება და ფონს გასვლა ერთობლივ ვარჯიშებში მონაწილეობით გადაწყვიტა, საერთაშორისო ასპარეზზე რამდენიმე სალიცენზიო შეჯიბრება გაიმართა.

ამგვარ ტურნირებში ჩვენებს ივნისის პირველივე კვირაში ჩატარებული რუმინეთის მსოფლიოს თასის მერე არ უჭიდავიათ, ამასობაში კი სალიცენზიო ასპარეზობები ტალინში, რიო დე ჟანეიროში, სან პაულუსა და მაიამიში გაიმართა. საბედნიეროდ, ზოგიერთ წონაში იმდენად მყარი პოზიცია გვქონდა, ამდენი შეჯიბრების გამოტოვებამაც ვერაფერი დაგვაკლო, მაგრამ არის წონები, სადაც ცოტათი უკან დავიხიეთ.

იმ წონებში,
სადაც კვლავაც ვინარჩუნებთ მოწინავე ადგილებს, უპირველესად, უნდა დავასახელოთ 60 და 90 კილოგრამები. 60-ში 756-ქულიანმა ამირან პაპინაშვილმა ცოტათი დაიწია უკან - მსოფლიოს რეიტინგში მერვეა, მაგრამ მის წინ მდგომთაგან ერთი ქვეყნის რამდენიმე წარმომადგენელია. ამდენად, ოლიმპიურ რეიტინგში მეექვსეა ანუ ერთი ადგილით გადაინაცვლა უკან, თუმცა მისი რეიტინგი იმდენად მყარია, წარმოუდგენელია, სალიცენზიო 22 კაციდან გავარდეს.

ამავე წონაში ცოტათი უკან დაიწია ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ბეთქილ შუკვანმა, რომელიც 360 ქულით მსოფლიოს ჩამონათვალში ზუსტად 22-ეა, მაგრამ ოლიმპიურში - მე-18-ე. არადა, სალიცენზიო რეიტინგში ორი კაცის მოხვედრა იმიტომაა საშური, ის ერთი რომ დაგიშავდეს, მისი შეცვლის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაქვს, სარეზერვოც თუ 22 კაცშია შესული. ფედერაცია 22-ის გარეთ მყოფს საგზურს ვერ გადასცემს ანუ კარგავს ლიცენზიას. იმედია, ასეთ ვითარებაში არ აღმოვჩნდებით.

ამ წონაში ლიდერთა სამეული კვლავაც უცვლელია - უზბეკი მსოფლიოს ჩემპიონი დიშოდ სობიროვი კვლავაც პირველია 2130 ქულით, უკრაინელთა ქართველი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია მეორეა 1224-ით, იაპონელი მსოფლიოს პრიზიორი ჰიროაკი ჰიროაკა - მესამე 1090-ით.

90-ში ვალერი ლიპარტელიანი საკრალური რიცხვით - 666 ქულით მეათეა, მაგრამ ოლიმპიურ რეიტინგში - მერვე. აქ დანარჩენ ჩვენებურთაგან საუკეთესო ზვიად გოგოჭურია - 146 ქულა და 49-ე ადგილი, ოღონდ მას ადრე არც ეძლეოდა შანსი, ახლა კი ბუქარესტში წაიყვანეს და ჩემპიონიც გახდა. იმედია, ისიც დააგროვებს ქულებს და რეიტინგშიც აიწევს. აქ ლიდერთა სამეული ასე გამოიყურება: ჩვენს გაბერძნებულ და ყველა ტიტულის მფლობელ თანამემამულე ილიას ილიადისს 1396 ქულა მოეპოვება და 30-ით უსწრებს იაპონელ მსოფლიოს პრიზიორ ტაკაში ონოს, მესამეზე კი რუსთა მსოფლიოსა და ევროპის ექს-ჩემპიონი კირილ დენისოვია 1098-ით.

სადღეისო მდგომარეობით, სალიცენზიო რეიტინგში ადგილს ვინარჩუნებთ 100-შიც, ოღონდ აქ ლომერ ჟორჟოლიანმა ცოტათი უკან გადაიწია - 480-ით მე-20 ადგილზეა. ერთი ქვეყნის გაორებულ წარმომადგენლებს თუ გამოვაკლებთ, ოლიმპიურში მე-16-ე გამოდის. მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე 34-ეა 286-ით. ამ წონას იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი ტაკამასა ანაი ლიდერობს 1716-ით, მეორეზე ჰოლანდიელი მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი ჰენკ ხროლია 1224-ით, მესამეზე - 114-იანი ყაზახი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მაქსიმ რაკოვი.

სალიცენზიო შეჯიბრებებში გამოუსვლელობა დაგვეტყო 81-სა და +120-ში, სადაც მსოფლიოს რეიტინგით გავვარდით სასაგზურე ზონიდან, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ლონდონში მოხვედრის შანსი დავკარგეთ. 81-ში ლევან წიკლაური 316 ქულით მსოფლიოს რეიტინგში 31-ეა, ოლიმპიურში - ზუსტად 22-ე. რუმინეთში გამარჯვებამ ავთანდილ ჭრიკიშვილის მარაგი 284-მდე გაზარდა, მსოფლიოს რეიტინგში კი 37-ეა. იმედია, ბუქარესტში მან საბოლოოდ დასძლია კრიზისი და უახლოეს ტურნირებში კვლავაც მოიპოვებს წარმატებებს. აქ რეიტინგის ლიდერია კორეელი კიმ ჯაე-ბუმი - 1760, მეორეზე ბრაზილიელი ორგზის ოლიმპიური პრიზიორი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ლეანდრო გილეიროა - 1520, მესამე - აზერბაიჯანელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ელნურ მამადლი ჩემპიონი 934-ით.

120-ში ამჯერად ჩვენგან საუკეთესო ზვიად ხანჯალიაშვილია - 324 ქულა და 28-ე ადგილი მსოფლიოს რეიტინგში, ოლიმპიურში - მე-20-ე. 224-იანი ადამ ოქრუაშვილი ადრე მე-18-ზე იყო, ამჯერად კი 36-ეა. ლაშა გუჯეჯიანის ანგარიშზე, რომელიც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ კვლავ დაბრუნდა, 178 ქულაა, რაც მსოფლიოს რეიტინგში 43-ე შედეგია. რა თქმა უნდა, ამ წონაში ფრანგი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ტედი რინერი ლიდერობს - 2030. მეორეა ეგვიპტელი მსოფლიოს პრიზიორი ისლამ ელ შეჰაბი - 1520., მესამე - გერმანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ანდრეას ტოლცერი - 1186.

73 კილოგრამში 22-კაციან ზონაში არც ადრე ვიყავით, მაგრამ ახლა კიდევ უფრო დავშორდით მას. ჩვენგან საუკეთესო ნუგზარ ტატალაშვილია - 230 ქულა და 32-ე ადგილი მსოფლიოს რეიტიგნში, ოლიმპიურში კი ის 23-ეა. აქ ცოტა არ იყოს და ძნელად დასათვლელი რეგიონალური კვოტებიც გასათვალისწინებელია და ამით ტატალაშვილი, სავარაუდოდ, მაინც მოხვდება სალიცენიო ზონაში, მაგრამ ცუდი ისაა, რომ რეიტინგში ახალი ზელანდია და ჩრდილო კორეაც გვისწრებენ!

176-ქულიანი ამბაკო ავალიანი 45-ეა, წონას კი სამხრეთ კორეელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი კი-ჩუნ ვანი ლიდერობს 1524 ქულით. მეორეზე იაპონელი რიკი ნაკაიაა, რომელმაც რიო დე ჟანიეროს "დიდი მუზარადი" მოიგო და ამით გაასწრო თანაგუნდელ მსოფლიოს ჩემპიონ ჰიროიუკი აკიმოტოს. ამდენად, ოლიმპიურ რეიტინგში მესამეზე არა აკიმოტო, არამედ ჰოლანდიელი ევროპისა და მსოფიოს ვიცე-ჩემპიონი დექს ელმონტია.

66 კილოგრამი იმთავითვე ის წონა იყო, სადაც თავიდანვე გვიჭირდა და ახლა რა დაგვალხენდა! აქ ჩვენგან საუკეთესო შალვა ქარდავა 42-ეა 184 ქულით და ლიცენზია მირაჟივით გვიჩანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული