ბორჯომში წამყვანი სახეობა უკვე ძიუდოა

AutoSharing Option
ბოლო ხანებში ბორჯომის ძიუდოისტთა გუნდი ახალგაზრდა სპეციალისტის დემურ კველიშვილის ხელმძღვანელობით ხშირად ასპარეზობს საქართველოში გამართულ ტურნირებში. მათმა აქტიურობამ ჩვენი ყურადღებაც მიიქცია და გადავწყვიტეთ მეტი გაგვეგო ამ რეგიონში ძიუდოში მიმდინარე პროცესებზე. აღმოჩნდა, რომ სამცხე-ჯავახეთში სპორტის ამ სახეობის სიმძიმე თითქმის მთლიანად კევლიშვილის მხრებზე გადადის.

- რუსთავში ვცხოვრობ, მაგრამ წარმოშობით ბორჯომიდან ვარ. ძიუდოს სექციას ბორჯომში შვიდი წლის წინათ შოთა ხაბარელის თხოვნით ჩავუდექი სათავეში. ჩემამდე მწვრთნელები კი მუშაობდნენ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვე ჩერდებოდნენ და მერე ტოვებდნენ აქაურობას. მე გრძელვადიანი გეგმები დავისახე. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმე
ფაქტობრივად ნულიდან დავიწყე, დღემდე რაც გაკეთდა ალბად დამაკმაყოფილებლად უნდა ჩაითვალოს. ადგილობრივები დამეთანხმებიან, რომ საქმე წინ მიდის.

- წარმატებულ შეგირდებზე რას გვეტყვით...
- ზურაბ ჩადუნელი (55 კგ) საქართველოს შარშანდელი პრიზიორია ჭაბუკთა შორის. ახლახან ჰოლანდიაში გამართული "ა"კლასის ტურნირის ფინალისტი გახდა ანზორ კევლიშვილი (60კგ). საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ქვეყნის ჩემპიონი მარიამ ციხელაშვილიც ჩემი მოსწავლეა. დღესდღეობით სულ ბორჯომში 50-მდე ძიუდოისტს ვავარჯიშობ.

- სკოლა სტრუქტურულად ვის ეკუთვნის და როგორი სავარჯიშო პირობები გაქვთ?
- ძიუდოს სექცია ბორჯომის სასპორტო სკოლისაა ათამდე სხვა ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებთან ერთად. მეცადინეობები სხვადასხვა ადგილზე ტარდება. ჩვენ სპორტულ ცენტრ "ოლიმპში"ვართ, სადაც ადრე ქვეყნის ნაკრებები გადიოდნენ შეკრებას. დუშეთის ოლიმპიური კომპლექსის ამოქმედების შემდეგ "ოლიმპის"ტატამი ჩვენ გადმოგვეცა, დარბაზსაც ვიყენებთ, გვაქვს ტრენაჟორებიც და, რაც მთავარია, ის საუცხოო ბუნებრივი გარემო, რაც ბორჯომშია. მოკლედ, სასაყვედურო არ გვაქვს.

- როგორც ვიცი, თქვენ ახალციხეშიც გაქვთ ჯგუფი.
- დიახ, დიდი ხანი არაა რაც ახალციხეშიც გავხსენით ძიუდოს სექცია. ძალიან შეგვიწყო ხელი მე-5 სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ჟენია მერაბიშვილმა (ვანო მერაბიშვილის დედა), რომლის უშუალო ინიციატივით სკოლის პატარა დარბაზი გარემონტდა და ძიუდოისტებს გადმოგვეცა. მალე ალბათ ახალციხის სასპორტო სკოლაში გავერთიანდებით, რაც უდაოდ სასიკეთოდ წაადგება ძიუდოს განვითარებას ამ რეგიონში.

- ძიუდოს რეგიონალური ფედერაცია თუ ფუნქციონირებს?
- ორი წელიწადია, ფედერაცია ჩემი ინიციატივით დაარსდა. პრეზიდენტი თამაზ კურტანიძეა, ვიცე-პრეზიდენტები - მე და დავით შენგელია. პრეზიდენტმა კარგად იღვაწა რეგიონში ძიუდოს განვითარებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგომას აპირებს და მოგვიწევს ახალი თავკაცის არჩევა.

- ახალქალაქშიც ხომ არ გეგმავთ ძიუდოს ჯგუფების ამოქმედებას?
- სურვილი კი გვაქვს, მაგრამ ახლო მომავალში ეს გაჭირდება. არც მწვრთნელებია, არც ტატამი. ბორჯომსა და ახალციხეში ფაქტობრივად მხოლოდ მე ვავარჯიშებ ბავშვებს. დილით ახალციხეში მაქვს მეცადინეობები (დღეგამოშვებით), შუადღიდან ბორჯომში (ყოველ დღე). დამეთანხმებით მეტის გაკეთება შეუძლებელია...

-გამოსავალს თუ ხედავთ?
- მალე ქუთაისში სწავლას ჩემი ყოფილი შეგირდები ამთავრებენ და იმედი მაქვს, შემომიერთდებიან, ერთად აღვზრდით პატარებს. სპეციალისტთა ჩამოსაყვანაც შეიძლება, მაგრამ მათი მატერიალური დაინტერესებაა პრობლემა, რაც რეგიონის ფედერაციის შესაძლებლობებს აღემატება.

- ბორჯომის გუნდი ხშირად გვინახავს სხვადასხვა ტურნირებზე, ვინ გაფინანსებთ?
- სასპორტო სკოლა. ახლახან ზღვისპირეთშიც გვქონდა შეკრება, ეს-ესაა დავბრუნდით მესტიიდან, სადაც რესპუბლიკურ ტურნირზე ჭაბუკთა შორის კარგად ვიასპარეზეთ.

- ბორჯომში თუ ატარებთ შეჯიბრებებს?
- წელიწადში ორჯერ იმართება ბორჯომის ღია პირველობა ქვეყნის რეგიონების ჭაბუკ ძიუდოისტთა მონაწილეობით. წლელლს, მაგალითად, ჭაბუკთა ნაკრების დაკომპლექტებისას, ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველობასთან ერთად ბორჯომის და გორის ტურნირების შედეგები იქნა გათვალისწინებული. ამიტომ იყო, ბორჯომში ყველა რეგიონის გუნდი ძლიერი შემადგენლობით რომ ჩამოვიდა.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ ბორჯომში დღესდღეობით ძიუდო ერთ-ერთი წამყვანი სპორტის სახეობაა?
- დიახ, ნამდვილად ასეა. ორი წლის წინათ ამას ვერ ვიტყოდით, ახლა კი თამამად ვამბობთ და არა უსაფუძლოდ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული